ავტორი:

"ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე რეჟიმის აგონიის ნიშანია" - ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

"ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე რეჟიმის აგონიის ნიშანია" - ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კოლეგის, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას და წერს:

"ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების ისტორიას არ ახსოვს ექიმები დაეპატიმრებინოთ, ბორკილებდადებული გაეტაცოთ საკუთარი ბინიდან, ღამით, პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო. ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების პირობებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც სსრკ-ს ისტორია გავიხსენოთ. სტალინის პარანოიდალური ახირების გამო და მისი პირდაპირი ბრძანებით დაიჭირეს მისივე პირადი მკურნალი ექიმი, უცნობილესი თერაპევტი, 70 წლის (!) აკადემიკოსი ვინოგრადოვი, რომელიც მალევე მთავარი ბრალდებული აღმოჩნდა სრულიად აბსურდული “ექიმების საქმისა“.

სხვათა შორის, მათ იმდროინდელი “დიფ სტეიტის“ აგენტობა ჰბრალდებოდა. და ასევე თავად სტალინის ბრძანებით, მას ბორკილები დაადეს და მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ ჩეკისტები. ხოლო სულ რამდენიმე თვეში, როდესაც აგონიაში მყოფი სოსელო საკუთარ ექსკრემენტებში სულს ღაფავდა, მარტოდ მარტო, ვერავინ გაბედა, მათ შორის ექიმებმა, მის ოთახში შეხედვაც კი, ყველას ეშინოდა მას არ დაჰბრალებოდა ბელადის სიკვდილი. ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე ( შარშან დეკემბერში იყო მაგალითები) რეჟიმის აგონიის ნიშანია. ისტორია არ ცდება, “ექიმების საქმის“ ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, ტირანს მანამდე აღმოხდა სული.

ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უწესიერეს ადამიანს, უანგარო პროფესიონალს, სამაგალითო მოქალაქესა და პატრიოტს, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს" - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფაქტზე აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს. მის გარდა, გუშინ კიდევ 7 პირი, მათ შორის, ია დარახველიძე დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო დააკავა. აქცია, საკანონმდებლო ორგანოს წინ 20:00 საათზე დაიწყება.

წაიკითხეთ ასევე: