ავტორი:

რით დასტურდება, რომ არტანუჯში ნაპოვნი სამარხი აშოტ კურაპალატს ეკუთვნის - უდიდესი აღმოჩენის დეტალები ქართველი არქეოლოგისგან, რომელიც გათხრებს ესწრებოდა

რით დასტურდება, რომ არტანუჯში ნაპოვნი სამარხი აშოტ კურაპალატს ეკუთვნის - უდიდესი აღმოჩენის დეტალები ქართველი არქეოლოგისგან, რომელიც გათხრებს ესწრებოდა

თურქმა არქეოლოგებმა პროფესორ ოსმან აითექინის ხელმძღვანელობით, არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.

  • გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული სამარხი, რომელიც უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.

როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ მეფე აშოტი დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში“.

"სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.

სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები, რაც მიუთითებს ციხის შიგნით მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე. არქეოლოგებმა შეძლეს ორი ავზის ამოღება და მუშაობა გრძელდება მესამე ავზის ამოსაღებად. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.

ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები როდესაც დასრულდება, არტეფაქტები ართვინის მუზეუმში იქნება გადატანილი.

მე-5 საუკუნეში აგებული არტანუჯის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში მეფე აშოტ დიდის მიერ იქნა გაფართოებული და გაძლიერებული. აშოტმა ის ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მონარქი და დიდგვაროვნები შიდა ციტადელში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და შეძლებული მოსახლეობა გალავნით შემოსაზღვრულ ქვედა ქალაქში, სადაც ასევე იყო აბანო, სალოცავები და შადრევნები.

აითექინის თქმით, გათხრები კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც არტანუჯი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრად იქცევა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

Ambebi.ge სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და ძეგლთა დაცვის სამეცნიერო საბჭოს არქეოლოგიური სექტორის თავმჯდომარეს, არქეოლოგ ვახტანგ ჯაფარიძეს ესაუბრა, რომელიც კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარი სააგენტოს გენერალური დირექციის ხელშეწყობით, სექტემბრის ბოლოს ორდღიანი მივლინებით იმყოფებოდა ართვინში:

- ბატონო ვახტანგ, რა ადასტურებს იმას, რომ არტანუჯში აღმოჩენილი სამარხი მართლაც აშოტ დიდისაა და რას იტყვით ფაქტის მნიშვნელობაზე?

- კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარი სააგენტოს გენერალური დირექციის დიდი ხელშეწყობითა და არქეოლოგის, ვანის უნივერსიტეტის პროფესორის ოსმან აითექინის (წარმოშობით ქართველის) მიწვევით, ორდღიანი მივლინებით ვიმყოფებოდი არტანუჯში. ვნახე გათხრები როგორც საკუთრივ ციხეზე, ისე ზოგიერთი ძეგლი მის შემოგარენში. გარკვეულ მონაკვეთში შევძელი დაკვირვების წარმოება და მქონდა საშუალება, მომესმინა ინფორმაცია პროფესორ ოსმან აითექინისაგან. ადგილზე ძალზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები მესამე წელია მიმდინარეობს. თავდაპირველად გათხრები შეეხო ე.წ. ქვედა ქალაქს, ანუ დაბლობ ნაწილს, რომელიც, ისტორიული წყაროების მიხედვით, არტანუჯის კომპლექსის ქალაქურ ნაწილს წარმოადგენდა. ქალაქური ნაწილის გარდა, იყო ვაჭარ-ხელოსნებით წამოდგენილი უბანი და თვით საკუთრივ ციხე, რომელიც როგორც წყაროებშია აღწერილი, ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული.

ვახტანგ ჯაფარიძე

ეს არის მნიშვნელოვანი ფორფოსტი ქართული სახელმწიფოსი - როცა ბიზანტიასთან პოლიტიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში ვახტანგ გორგასალმა წარმატებას მიაღწია, შექმნა ფორფოსტი, რომელიც მას სჭირდებოდა არა მარტო დაარსების დროს, არამედ შემდგომი დროისთვისაც, როცა ირანელებთან წინააღმდეგობის დროს შეეძლო ის თავდაცვის პუნქტად ექცია (მცხეთაში პრობლემა თუ გაჩნდებოდა, ის არტანუჯში გადაინაცვლებდა). საკუთრივ იმ ციხეზე, სადაც ახლა გათხრები მიმდინარეობს, გამოვლენილია ნაგებობები, ზღუდის ნაშთები, კარგად ჩანს ძველ ნაგებობათა წყობის ხასიათი და ვადასტურებ, რომ ჩვენი ანალოგიების მიხედვითაც, ეს წყობები ვახტანგ გორგასლისა და მისი მომდევნო ხანით უნდა თარიღდებოდეს. რაც შეეხება სამარხს, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს ეკლესიის ერთ-ერთ ნავში არსებული ნაგებობის ნაშთი, სადაც შეიმჩნევა თაღოვანი ნაწილის მონაკვეთი და იატაკი. წყაროს თანახმად, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც გადმოსვენებული უნდა ყოფილიყო აშოტ დიდი. თუმცა სამარხთან უშუალოდ დაკავშირებული მატერიალური მონაცემი - რაიმე ინვენტარი, ძვლოვანი ნაშთი, არტეფაქტები, არაფერი აქ არ ყოფილა მიკვლეული, მე კი მგონია, რომ ასეთი პერსპექტივა უნდა ყოფილიყო სამარხში. არ გვაქვს სხვა მონაცემი გარდა ნაგებობისა და იმ მსჯელობისა, რომ მხოლოდ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო აშოტ კურაპალატი დასაფლავებული.

- დავუშვათ ეს სამარხი მართლაც აშოტ კურაპალატისაა, სად შეიძლებოდა წასულიყო ძვლოვანი მასალა? შესაძლებელია, თუ არა, დროთა განმავლობაში ნეშტი სხვა ადგილას გადაესვენებინათ?

- მეფის ნეშტი კიდევ სხვაგან რომ გადაესვენებინათ, ამის მონაცემები არ არის და არც ლოგიკურადაა შესაძლებელი ამის დაშვება. წყაროების თანახმად, მეფე გადმოასვენეს რეზიდენციაში, სამეფო ციხეში და ის პეტრე-პავლეს ცნობილ ტაძარში დასაფლავებული. არქეოლოგის იმ მოსაზრებისთვის, რომ სწორედ აქ იყო აშოტ დიდი დასაფლავებული, ადგილზე წინააღმდეგობა არ გამიწევია, ამის უარყოფის უფლება არ მაქვს. ავტორის აზრსაც ამ მხრივ გავიზიარებ, ოღონდ, უშუალოდ სამარხთან დაკავშირებით არანაირი სხვა მონაცემი, ძვლოვანი მასალა, ან ხის ფრაგმენტიც კი არ იყო ნაპოვნი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ახალი მეთოდებით, ძვლების ლაბორატორიული კვლევით დადგენილიყო ვინაობა, თარიღიც განსაზღვრულიყო, ამის მონაცემები არ გაგვაჩნია. თუმცა მე ვერ უარვყოფ პროფესიონალი არქეოლოგის მოსაზრებას, ამის მორალური უფლება არ მაქვს.

- თურქი არქეოლოგის თქმით, არტანუჯის ციხეზე გათხრები კიდევ 5 წელს მაინც გაგრძელდება, კიდევ მოგიწევთ ალბათ ჩასვლა და რა მოლოდინი გაქვთ სამარხთან დაკავშირებით?

- კვლევები დიდ ინტერესს იწვევს და თვითონ ციხეზე სამუშაოები ალბათ კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება. მაქვს შეთავაზება და არ გამოვრიცხავ, რომ მექნება საშუალება, უფრო ხანგრძლივი დროითაც კვლავ გავემგზავრო თურქეთში თუნდაც სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

შემეცნებითი თვალსაზრისით, კვლევა საინტერესოა და ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის უშუალო ისტორიაა. ასევე, ძალიან საინტერესოა ბიზანტიური წყაროების მონაცემები. მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე ძევს არტანუჯი, ის პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქი დიდია და მას, წარმოიდგინეთ, გამაგრებული სავაჭრო უბანიც კი გააჩნია (სადაც ვაჭრები არიან დასახლებული). ქალაქის სამნაწილიანი დაყოფა იშვიათად გვხვდება ჩვენს საისტორიო ლიტერატურაში და ამას არქეოლოგიურად საქართველოშიც ყოველთვის ადვილად ვერ ვადასტურებთ. შესაძლებელია არტანუჯის მონაცემები ჩვენი ძეგლების კვლევაშიც დაგვეხმაროს.

იხილეთ ასევე: