თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, ის თანხის გადახდის შემდეგ, გვიან ღამით გათავისუფლდა. მას დროებით მოთავსების იზოლატორთან შვილები დახვდნენ. მისი ვაჟები, ასევე ექიმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები არიან, რომლებსაც საზოგადოება "პედიატრი ძმების" სახელით იცნობს.
სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
ბრალდების მხარის თქმით, გასათვალისწინებელია გიორგი ჩახუნაშვილის პროფესია, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება 20 ათას ლარიანი გირაოს ოდენობით.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა და მოსამართლეს უთხრა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.
"არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ყოფნით ვიყავი იქ, მაგრამ მე დანაშაული არ ჩამიდენია, ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე. ხალხს გავუწიე პირველი სამედიცინო დახმარება და დღესაც იგივეს გავაკეთებდი. ვემხრობი ევროპულ სტანდარტებს და აქციაზეც ვიყავი, მაგრამ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია.
ახლა როგორ უნდა გავხდე 71 წლის ასაკში საშიში, ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ სიკეთე მაქვს ნაკეთები. საშიში არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.