"სიტყვები ჩვენი ყმებია, ჩვენი ლაშქარი, გააჩნია, ვის როგორი ომის გადახდა დასჭირდება"

"სიტყვები ჩვენი ყმებია, ჩვენი ლაშქარი, გააჩნია, ვის როგორი ომის გადახდა დასჭირდება"

"ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა", - წერდა კალმის ნამდვილი დიდოსტატი - კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც თურმე სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. ის თავს პოპულარულ მწერლად არ მიიჩნევდა, უფრო მეტიც - სახელისთვის ბრძოლა ფუჭ შრომად მიაჩნდა, რადგან "სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს".

"მსოფლიოს უმცირესი მდინარის პირად შობილი ბიჭი"

წარმოიდგინეთ, 20-იანი წლების თბილისი და მის ქუჩებში შავი ჩოხით - ეროვნული გლოვის მანიშნებელი ამ ერთგვარი ალმით მოსიარულე კონსტანტინე და მისი მეგობრები. მწერალი სერგო ორჯონიკიძის მუქარას არად აგდებდა: ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე?! - და ცხენზე ამხედრებული, ხშირად ჩაუქროლებდა "ცეკას" შენობას.

კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა ძალზე მძიმე ეპოქაში მოუხდა. ბევრჯერ იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისთვის, რომელსაც სამშობლოს საზღვრებს გარეთაც არ წყვეტდა. იგი ხშირად იმყოფებოდა გერმანიაში, სწავლობდა - პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის უნივერსიტეტებში. ჰამბურგში ყოფნისას, ტყვედყოფილი ქართველობა შეუკრებია და მის მიერვე დაქირავებული ხომალდით - "ქრისტიანიათი" დაუბრუნებია სამშობლოში. მწერალმა იცოდა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებდნენ, მაგრამ მაინც დაბრუნდა, რადგან "იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია". მას შემდეგ, ხან აჯანყებაში მონაწილეობა დააბრალეს, ხან რუსიფიკაციის წინააღმდეგ გალაშქრების გამო "სტუმრობდა" საბჭოთა ციხეს.

მწერალს ხელისუფლებისთვის "ხარკის გადახდაც" უწევდა. ამის მაგალითია რომანი სტალინზე, რომლის დაწერა ჯერ მიხეილ ჯავახიშვილისთვის შეუთავაზებიათ, მაგრამ მიხეილისგან განსხვავებით, გამსახურდიას ბერიასთვის მხოლოდ კალამი და ფურცელი უთხოვია. ასე დაიწერა ტრილოგია "ბელადის" პირველი წიგნი და პარალელურად, რომანი - "დიდოსტატის მარჯვენა". ბელადს "ბელადი" არ მოეწონა, "დიდოსტატის მარჯვენა" კი მის ერთ-ერთ საყვარელ ნაწარმოებად იქცა. მაგრამ კონსტანტინეს ოცნების წიგნი ჯერ კიდევ დასაწერი იყო...

ოცდახუთწლიანი ოდისეა

"დავით აღმაშენებლის ძვირფასი სახე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხიბლავდა. მახსოვს ის ბედნიერი დღეები ჩემი სიყრმისა, როცა ჩემს საყვარელ დედას, ფეხშიშველა დავყავდი გელათში. აღტაცებული შევცქეროდი დავითის დიდრონ, ცისფერ თვალებს, ალმასებით მოოჭვილ გვირგვინს, მის ომახიან ფიგურას, ფრესკაზე გამოსახულს", - იხსენებდა მწერალი. მოგზაურობისას, თურმე ხშირად ადარებდა საყვარელ მეფეს ბიზანტიის იმპერატორებს, მაკედონიის დინასტიის მოუხეშავ კეისრებს, უზურპატორ კომნენებს... ამ შედარებისას, უფრო და უფრო იზრდებოდა მის გულში დავითისადმი სიყვარული.

1939 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გადაეღო ისტორიული ფილმი. კონსტანტინემ დაწერა სცენარი დავით აღმაშენებელზე, გიორგი ლეონიძემ და ანა ანტონოვსკაიამ კი - გიორგი სააკაძეზე. სტალინმა უპირატესობა "გიორგი სააკაძეს" მიანიჭა. ამის შემდეგ გადაწყვიტა კონსტანტინემ, სცენარი ტეტრალოგიად ექცია. მწერალმა "დავით აღმაშენებელს" "შეგნებული ცხოვრების თითქმის ერთი ნახევარი" მიუძღვნა, რადგან სწამდა, რომ "წარსულის ასახვაში დიდი ზომიერებაა საჭირო". მან ძირფესვიანად შეისწავლა დავითის ეპოქა და მეზობელი ქვეყნების ისტორია, ამავე ეპოქისთვის შესაფერისი სიტყვების მოძიებასაც საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა.

"ორიოდე სიტყვა თავათ სიტყვათა შესახებ"

თუ წარმოიდგენთ, როგორ "ეთამაშება" მწერალი თითოეულ ასოს, როგორ ათენებს საწერ მაგიდასთან "ჩხიკინა" კალამთან ერთად, რომელსაც გაგულისებული ხშირად მოისვრის ხოლმე, როგორ "უბრაზდება" სასვენ ნიშნებს, რადგან ისინი ბევრ დროს ართმევენ... თუ მთელ ამ პროცესს წარმოიდგენთ, მიხვდებით, რომ ეს გენიალური ნაწარმოები ნიჭთან ერთად, უდიდესი შრომის ნაყოფია. აკი, ამბობდა კიდეც: "შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა".

თავიდან, ენის სირთულის გამო, საყვედურობდნენ. კონსტანტინემ "კრიტიკის სიგნალებს" ანგარიში გაუწია და ენა, შეძლებისდაგვარად, გაამარტივა, რადგან სწამდა, რომ "ვინც კრიტიკას ვერ ითმენს, მას უთუოდ ცუდად აქვს თავისი შემოქმედების ბუჰხალტერიაში საქმე".

როცა "უკანასკნელი ომი" გადაიხადა, 71 წლის იყო. ტეტრალოგიის ბოლო წიგნს, სხვადასხვა ხელის შემშლელი მიზეზის გამო, დააგვიანდა. ამასობაში, მისი გმირები ავტორთან ერთად გაიზარდნენ, დავაჟკაცდნენ და ჭაღარაც შეეპარათ... ერთ-ერთ წერილში ბატონი კონსტანტინე აღიარებს, რომ საკუთარ უბედობაზე მეტად, გმირების უბედობის გამო უტირია. ამიტომ, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მწერლის გულწრფელი ცრემლის გემოსაც გაიგებს, რადგან ის ისევ მისი გმირების ფილტვებით სუნთქავს, ისევ თავის ხელნაწერებს უკირკიტებს და ამბობს, - "თუ ხელს ლაღად უნავარდნია და ასოებიც ვაჟკაცურად მოჯარულან, კარგია".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს