კარენ პრაისი 1981 წელს, 15 წლის ასაკში გაუჩინარდა. გოგონა 8 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ მისი ხალიჩაში გახვეული ნეშტი ორმა მშენებელმა არ აღმოაჩინა.
"წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ 15 წლის გოგონა შეიძლება გაუჩინარდეს და არავინ შეამჩნიოს, არავის ადარდებდეს“, - თქვა ტომ ბედფორდმა, კრიმინალურმა რეპორტიორმა, რომელიც გამოძიების დროს მუშაობდა.

"40 წლის განმავლობაში ბევრი ისტორია გავაშუქე, მაგრამ ეს არასდროს დამავიწყდება. პოლიციაში გაუჩინარებასთან დაკავშირებული საჩივარი არ შესულა. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. ეს ძალიან სამწუხაროა. გოგონა დაკარგულ პირთა სიაში არ იყო, არავინ იცოდა, რომ გაუჩინარდა."
როგორც შემდგომ გაირკვა კარენი ბავშვთა სახლში იზრდებოდა, საიდანაც 11 წლის ასაკში გაიქცა. მისი ცხოვრების დეტალები ამ პერიოდიდან გარდაცვალებამდე უცნობია.

კარენის ცხედარს ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. კბილების ქრომოსომებისა და მათი განვითარების შესწავლის შედეგად, სასამართლო სტომატოლოგმა, პროფესორმა დევიდ უიტეკერმა, შეძლო სხეულის სქესისა და ასაკის დადგენა.

რადგან დაკარგული პირის ნეშტის დამადასტურებელი ცნობები არ არსებობდა, გამომძიებლებს თავსატეხის აწყობა ძირითადად გამოუცდელი მეთოდების გამოყენებით მოუწიათ. რიჩარდ ნივმა, სახის რეკონსტრუქციის ცნობილმა ხელოვანმა, კარენის თავის ქალა გამოიყენა მისი ფიზიკური გარეგნობის აღსადგენად, რაც გასაოცრად ზუსტი აღმოჩნდა.
მალე საქმის პირველი მოწმე გამოჩნდა: იდრის ალიმ პოლიციას განუცხადა, რომ სომერსეტელ მამაკაცთან, ალან ჩარლტონთან ერთად, ახალგაზრდა გოგონების პროსტიტუციაში იყო ჩართული. ჩარლტონი 1981 წლის ივნისიდან 1982 წლის თებერვლამდე სარდაფში ცხოვრობდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კარენის ცხედარი "მისი უკანა კარიდან რამდენიმე ფუტის მანძილზე იპოვეს“.

ალიმ დეტექტივებს განუცხადა, რომ დაინახა, როგორ უბრძანა ჩარლტონმა კარენს და კიდევ ერთ 13 წლის გოგონას ტანსაცმლის გახდა, რათა შიშველი ფოტოები გადაეღო. უარის მიღების შემდეგ კი გოგონების ცემა დაიწყო.
1991 წელს ჩარლტონსა და ალის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა ალის მკვლელობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი 1994 წელს გააუქმეს მას შემდეგ, რაც მან გაუფრთხილებლობით მკვლელობა აღიარა.
ჩარლტონი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, 2017 წელს ზეპირი მოსმენის შემდეგ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.