დღეს, 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება. ვილი სანიოლმა ესპანეთისთვის 23-კაციანი შემადგენლობა შეარჩია. განაცხადს მიღმა ნოდარ ლომინაძე დარჩა, ლუკა ლოჩოშვილი კი დისკვალიფიცირებულია.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის.
ვიცით, რომ საქართველოს და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე შევამციროთ ჩვენს შორის არსებული სხვაობა. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, ხვალ მოთამაშეებს ექნებათ იმის ჩვენების სურვილი, თუ რა ისწავლეს გასული თამაშების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან ჩატარებული ჩვენი ბოლო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება. უნდა ითამაშონ ამბიციით და შიშის გარეშე. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ კარგ თამაშზე და ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.

როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ".

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ესპანეთთან უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება. გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და რთულ თამაშს ველით.
მართალია, ესპანეთს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა მათ ნაცვლად იგივე დონის მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს. ბევრი უნდა ვიშრომოთ მოედანზე, თავი კარგად დავიცვათ და შეტევაზე ამის შემდეგ ვიფიქროთ. ეს არის ერთადერთი გზა ესპანეთის ნაკრებთან შედეგის მისაღწევად".
ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია შვილთან ერთად ალიკანტეში საქართველოს ნაკრებს ესტუმრა და წარმატება უსურვა მათ:
მანამდე, ესპანურ შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ესტუმრა და ნაკრებს ესპანეთთან შეხვედრაში წარმატებები უსურვა. გურამ ქუთათელაძეს ნაკრებისგან ეროვნული გუნდის მაისური გადაეცა. შეხვედრის დასრულებისას, მებრძოლმა ნაკრების წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ესპანეთი - საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თურქეთთან და ბულგარეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.