ავტორი:

ცალკარა თამაში და მხოლოდ ერთი დარტყმა მეტოქის კარში - ესპანეთის ნაკრებს შეეძლო საქართველოსთან მეკარის გარეშეც ეთამაშა

ცალკარა თამაში და მხოლოდ ერთი დარტყმა მეტოქის კარში - ესპანეთის ნაკრებს შეეძლო საქართველოსთან მეკარის გარეშეც ეთამაშა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით 2:0.

მატჩი ელჩეში, "მანუელ მარტინეს ვალეროზე“ გაიმართა.

გუნდები მოედანზე შემდეგი შემადგენლობებით გავიდნენ:

ესპანეთი

  • სიმონი, კუბარსი, კუკურელია, ლე ნორმანი, მერინო, ოიარსაბალი, პედრი, პინო, პორო, ტორესი, სუბიმენდი

საქართველო

  • მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ესპანელების უპირატესობით დაიწყო და გაგრძელდა, პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 80/20 ესპანეთის სასარგებლოდ იყო, თუმცა მეტოქემ ერთი ბურთის გატანა შეძლო მხოლოდ - პედრის კარგი ჩაწოდების შემდეგ 24-ე წუთზე საქართველოს კარი პინომ აიღო. 28-წუთზე ესპანეთის მორგი შეტევის მოგერიებისას გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესი წააქცია საჯარიმოში, რის მერეც ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თავად ტორესმა დაარტყა, თუმცა ბურთის მიმართულება მამარდაშვილმა გამოიცნო და მოიგერია. თუმცა ამის შემდეგ ისევ ესპანეთის შეტევები გაგრძელდა, 32-ე წუთზე ისევ "მამარდამ" გადაგვარჩინა მორიგ გოლს.

მანვე გადაგვარჩინა მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც მასთან პირისპირ გასულ ესპანეთის ნაკრების წევრს ბურთი, ფაქტობრივად, ფეხიდან აართვა. ისევე როგორც პირველ ტაიმში, მეორეშიც ბევრ შეცდომას უშვებდა დაცვა და ვერაფერს აკეთებდა საქართველოს თავდასხმა. მართლაც გასაოცარი იყო, თუ როგორ ადვილად კარგავდნენ ქართველი ფეხბურთელები ბურთს საკუთარ საჯარიმოში, რის შედეგადაც არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა ჩვენს კართან. რომ არა მამარდაშვილის კარგი თამაში, საქართველო მორიგ ჯერზეც დიდი ანგარიშით დათმობდა ესპანეთთან თამაშს.

64-ე წუთზე ოიერზსაბალის უზუსტესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:0-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, დარტყმა ისეთი სწრაფი და ზუსტი იყო მამარდაშვილმა ვერაფერი მოახერხა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თავდასხმა სრულიად უსაქმოდ იყო, კვარაცხელიას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ გაჰქცეოდა ესპანელ მცველებს, თუმცა ამაოდ. პირველი ტაიმი ისე დასრულდა საქართველოს ნაკრებს მეტოქის კარისკენ არ დაურტყია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანგარიში 2:0 შეიძლება წარმატებადაც კი ჩაითვალოს. მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ერთხელ დაარტყა მეტოქის კარში - გოჩოლეიშვილმა სცადა შორიდან, ფაქტობრივად, საკუთარი საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მეტოქის მეკარისთვის თავზე გადაეგდო, რაც არ გამოუვიდა.

გასაგებია, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენი ნაკრების უსუსური თამაში ძალიან მძიმე სანახავი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ესპანეთს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის: ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი და როდრი. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში თურქეთთან დაპირისპირება გაცილებით უფრო წარმატებული და სანახაობრივი იქნება. ბოლოს და ბოლოს ისე მაინც მოახერხებენ, რომ ცალკარა თამაშის მოწმე არ გავხდეთ.