"ამბავი იმის შესახებ, რომ მე ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის დიდი ტყუილი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და "შაბათის ფორმულას" ინფორმაციას ეხმიანება.
"რადგან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მინდა ვთქვა ის, რაც ტვ ფორმულას ჟურნალისტს ვუთხარი: ამბავი იმის შესახებ, რომ მე ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის დიდი ტყუილი! ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა არათუ შეხვედრა, არამედ ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა რაიმე ტიპის შეხვედრის დაგეგმვაც კი.
გრიგოლ ლილუაშვილთან არასდროს არ მქონია არანაირი კავშირი, საერთოდ არც კი ვიცნობ მას და ამ საკითხზე არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი ფორმულას ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
წყაროს გააჩნია აშკარა განზრახვა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი, რადგან ასეთი არ მომხდარა"
ცნობისთვის, "შაბათის ფორმულას“ ცნობით, წყაროს ინფორმაციით, "4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს "ორმაგ აგენტად" მოიაზრებენ, რომელიც ხაბეიშვილთან ნდობაში შევიდა, გარკვეული დაპირება მისცა, გეგმა შესთავაზა, შემდეგ კი მათთან კომუნიკაცია გაწყვიტა".