ავტორი:

"თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა უნიკალური ტყის მასივი" - მიხეილ მურვანიშვილის ამბავი: ვინ იყო კაცი, რომელმაც სურამის ტყე გააშენა

"თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა უნიკალური ტყის მასივი" - მიხეილ მურვანიშვილის ამბავი: ვინ იყო კაცი, რომელმაც სურამის ტყე გააშენა

10 ოქტომბერ მეტყევის დღეა. ტყეზე ზრუნვა მხოლოდ მეტყევის მოვალეობა არ არის, ის თითოეული ჩვენგანის ვალია. საქართველოს დამსახურებული მეტყევეები ჰქოლია, მაგრამ მიხეილ მურვანიშვილის ამბავი მაინც გამორჩეულია. ის ჩვენს ქვეყანაში ტყის გაშენების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ასევე ტყეების დაცვის, მოვლისა და აღდგენის დიდი ენთუზიასტი.

ღვაწლმოსილი მეტყევე 1959 წლის 24 დეკემბერს სურამში, მისივე გაშენებულ ტყეში დაკრძალეს. საქართველოში ადამიანების ნაწილმა ალბათ არც იცის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივები (ბორჯომი, წაღვერი, სურამი...) სწორედ ამ კაცის დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის შედეგად გაშენდა.

  • მიხეილ მურმანიშვილი სურამში დაიბადა, ახალციხის სატყეო სასწავლებელი დაამთავრა. მუშაობდა მარტყოფის, შულავერის, აბასთუმნის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. იყო წაღვერის სატყეოს უფროსი, ბორჯომის მამულის მმართველის მოადგილე და ტყეების მთავარი გამგე.

1923 წელს ბორჯომში საქართველოში პირველი ტყის მცენარეების თესლის საშრობი ქარხანა მოაწყო, რომელიც აღჭურვილი იყო ყველა დამხმარე მანქანა-იარაღით. ამით კი საფუძველი ჩაუყარა ტყის სათესლე მეურნეობას. თესლი, საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებოდა. სატყეო მეურნეობებთან მოეწყო სანერგეები, სადაც ფიჭვის ახალი ჯიშები გამოჰყავდათ. მიხეილ მურვანიშვილს წყალტუბოს გამწვანებაშიც მიუძღვის წვლილი, სურამისთვის კი მართლაც უდიდესი საქმე აქვს გაკეთებული.

მიხეილ მურვანიშვილი ოჯახთან ერთად

ძველი სურამი ადრე გაშიშვლებულ მთებს შორის ყოფილა მოქცეული და მისი დამსახურებით კი სურამის გარშემო 130 ჰექტარზე ფიჭვნარი გააშენეს.

ამ ადამიანის ბიოგრაფიის კითხვისას იმასაც ვიგებთ, რომ დიდი ღვაწლი აქვს ტყის მეურნეობის კადრების აღზრდა-მომზადებაში. საქმის მცოდნეს დიდი გამოცდილება ჰქონია ტყის აღდგენა-განახლების მიმართულებით. განსაკუთრებით ამაგი დასდო წაღვერის სატყეო მეურნეობას. მისი ხელმძღვანელობით ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანსა და აბასთუმანში ტყე მრავალ ჰექტარზე გაივრცო.

  • რამდენიმე წლის წინ Margot Lescaut-ის ბლოგზე ამ პიროვნების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"მიხეილ მურვანიშვილი მთელი ცხოვრება აქტიურ საგანმანათლებლო სამუშაოებს ეწეოდა და ქვეყნის რომელ რეგიონშიც ნიშნავდნენ, იმის გარდა რაც ევალებოდა (ძირითადად ტყის გაშენება თუ დაცვა), ყველგან სკოლებს და უფასო სამკითხველოებს ხსნიდა და სხვა პრობლემებსაც უგვარებდა მოსახლეობას.

მარტყოფში საქმიანობისაs უფასო სამკითხველოები მარტყოფსა და საგარეჯოში გახსნა, სადაც ადგილობრივი მასწავლებლები ახალგაზრდებს წიგნებს უკითხავდნენ.

იმ პერიოდში მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანებით, გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ტყის გაჩეხვის უფლება. მიხეილ მურვანიშვილმა პროტესტი გამოთქვა და "ივერიაშიც“ გამოაქვეყნა წერილი, რომ ეს დიდ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ბუნებას. მეფის მოხელეებმა არ აპატიეს, მიხეილ მურვანიშვილი თანამდებობიდან მოხსნეს და ლორეს სატყეოში გადაიყვანეს, რაც მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას ნიშნავდა.

ამ ამბავს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე და "ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ ამ კაცს ერთი მომდურებულიც კი არ ჰყავს რეგიონში და რაც იქ მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში და ტყის გაჩეხვის ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა. თუ გლეხებს რამე სჭირდებოდათ ტყიდან, მთავრობასთან თვითონ შუამდგომლობდაო. გარდა ამისა, საგარეჯოს წიგნთსაცავის გამგეობის წევრია და სულ იმას ცდილობდა, რომ გაემდიდრებინა ეს წიგნთსაცავი. ასევე გლეხებისთვის ვაზის სასხურებელი მანქანა იყიდა, გოგირდის შესაბერი და გლეხებს უფასოდ გამოყენება შეეძლოთ. ნეტავ, რა ავმა ენამ დააშორა ეს სასარგებლო კაცი და ხალხის გულშემატკივარი სოფელსო?!

***

ამის შემდეგ ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს და სოფელ გავაზში დასახლდა. სოფელს სკოლა არ ჰქონდა და ორი დაწყებითი სკოლა გახსნა, ერთი ბიბლიოთეკა და ააშენა შენობა, სადაც წარმოდგენები იმართებოდა.

რადგან სურამიდან იყო, სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯერ კიდევ საგარეჯოში ყოფნისას, სურამში სამკითხველო გახსნა და "ივერიაში“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვდა, ბიბლიოთეკას წიგნებით დახმარებოდნენ. მანამდე კი წერილით სურამის მამასახლისი ამხილა, რომელიც სკოლის მასწავლებლებს ფულს არ უხდიდა.

ბაკურიანის სატყეოში საქმიანობისას თორში ცხოვრობდა. სოფელს სასმელი წყალი არ ჰქონდა. იქ მისი წინამძღოლობით წყალსადენის გაყვანა დაიწყო, აშენდა სკოლა და - თორიდან ბორჯომამდე 14-კილომეტრიანი სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა გაკეთდა, რომელსაც ხალხმა მისი გზა დაარქვა.

მიხეილ მურვანიშვილი სურამის ტყეშია დაკრძალული

წაღვერის სატყეოში 8 წელი იმუშავა და პირველ რიგში, ორი შენობა ააშენა, ერთი სკოლისთვის, მეორე - მასწავლებლების საცხოვრებელი და ახალგაზრდები შემოიკრიბა. დაიწყო წარმოდგენების გამართვა და შემოსული თანხით თეატრის შენობა ააშენა. მოაწყო ბიბლიოთეკა და სპორტის მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი, აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები. დამსვენებლებისთვის ტყე-პარკი მოაწყო. თუ დღეს წაღვერი კურორტია, ამაში დიდი წვლილი მას მიუ-ძღვის. მისი ინიციატივით გამოყვეს წაღვერის საუკეთესო კუთხე - კეჩხობი, სადაც ტყე გააშენა და ის ადგილი აგარაკების ასაშენებლად დაგეგმა.

წაღვერში ნახანძრალ ადგილებზე 455 ჰექტარ ფართობზე ფიჭვის ტყე გააშენა. ასევე მისი ინიციატივით იქვე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები უზნარიანის ციხის მიდამოებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული.

ბორჯომის სატყეოში საქმიანობისას მოახერხა და თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა უნიკალური ტყის მასივი...

გარდა ამ ყველაფრისა, აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან და მუდმივად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში,“ "ცნობის ფურცელში“ თუ სხვა გაზეთებში. წერდა მოთხრობებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

პენსიაში გასვლის შემდეგ პირადი პენსია დაენიშნა. დაარსდა მისი სახელობის მედალი საუკეთესო მეტყევეებისთვის (ეს იყო და ეს მისი ღვაწლის დაფასება)“.

***

მიხეილ მურვანიშვილს 6 შვილი, 2 ვაჟი და 4 გოგო ჰყავდა. მისი ერთ-ერთი შვილიშვილის ოფთალმოლოგის ციალა შურღაიას შვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი იყო.

  • ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელ თამაზ ლაცაბიძეს მიხეილ მურვანიშვილის ოჯახის ტრაგიკულ ეპიზოდებზე აი, რა აქვს "შიდა ქართლის“ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული:

"ცნობილი ქართველი მეტყევისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ მურვანიშვილის შვილი, ირაკლი რეპრესიების მსხვერპლი შეიქმნა... მას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მიხეილის ერთ-ერთი ვაჟი ქაიხოსრო 1918 წელს შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ოჯახის იმედად ირაკლი რჩებოდა, მაგრამ აქაც უმტყუნა ბედმა მიხეილ მურვანიშვილს. 21-წლის ირაკლი 1924 წლის სისხლიანმა აგვისტომ შეიწირა. თუმცა მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია აჯანყებაში".

"მიხეილ მურვანიშვილი დედაჩემის ძმა იყო,“ - იხსენებს თინა ქებაძე-ინასარიძე, რომლის მოგონება ხაშურის მუზეუმში ინახება.

"ჩემმა ბიძაშვილმა ირაკლიმ გადაწყვიტა იტალიაში წასვლა ხატვის შესასწავლად. საკმაოდ კარგად ეხერხებოდა ხატვა. მშობლებიც მოწადინებული იყვნენ. იმ დროს მიხეილი სურამში ცხოვრობდა. ირაკლი თბილისიდან სურამში ჩამოვიდა დედ-მამასთან. გამოსამშვიდობებლად ჩვენთანაც მოვიდა. ძალიან უყვარდა მამიდა.

დაბინდებისას წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ უკან მობრუნდა, რაღაც გული არ მიწევს, რომ წავიდეო. კიდევ დაგვემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა.

საბჭოს წინ რომ გაუვლია, მაშინ დაუჭერიათ. ეს ამბავი ჩვენ იმ დღესვე გავიგეთ. დედაჩემს დავუმალეთ, ძალუაჩემთან და ბიძაჩემთან წავედით, რომ გაგვეგებინებინა ირაკლის დაჭერის ამბავი. ბიძაჩემი - მიხეილი იმ დროს ბორჯომში მუშაობდა და იქ იმყოფებოდა.

ირაკლი იმ ღამეს საბჭოში ჰყოლიათ. მეორე დღეს მივედით და გვაჩვენეს. ძალუაჩემმა ბიძაჩემთან ნინო (მიხეილ მურვანიშვილის ქალიშვილი) გაგზავნა.

ბორჯომში იმ დროს კრავცოვი იყო, გავლენიანი პიროვნება და ბიძაჩემმა მას დახმარება სთხოვა. მან წერილი გამოატანა ნინოს... დედაჩემი და ძალუაჩემი ხაშურში, სადგურზე დახვდნენ... მაგრამ ირაკლი თურმე უკვე დახვრეტილი იყო. ზემო სერზე დახვრიტეს.

ბორჯომში წავიდნენ და ეს ამბავი ბიძაჩემს გააგებინეს. მაშინ თურმე მიხეილს თავის მოკვლა გადაუწყვეტია...“

გაზეთი "მუშა“ ირაკლი მურვანიშვილს თავადობას აბრალებს და გამოუსწორებელ კონტრ-რევოლუციონერად აცხადებს. ასე ინათლებოდა ყველა უდანაშაულო ხელისუფლების მხრიდან, სისხლის ღვრას გამართლება ხომ სჭირდებოდა?!