ავტორი:

"მოსკოვში 20 ბინა აქვს, საათობით თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს" - რას წერს გერმანული გამოცემა ბაშარ ალ-ასადის შესახებ

"მოსკოვში 20 ბინა აქვს, საათობით თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს" - რას წერს გერმანული გამოცემა ბაშარ ალ-ასადის შესახებ

გერმანული გამოცემის Die Zeit-ის ცნობით, ბაშარ ალ ასადს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, მოსკოვში დაახლოებით 20 ბინა აქვს. გაზეთი ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც მათი ინფორმაციით, სირიის ყოფილი პრეზიდენტის უახლოესი წრის წევრი იყო.

  • გამოცემის მტკიცებით, ასადების ოჯახის კუთვნილი ბინების ნაწილი 76-სართულიან კოშკშია განთავსებული, რომელიც ცნობილია როგორც "მოსკოვის კოშკი".

"ის ხანდახან სტუმრობს სავაჭრო ცენტრს, რომელიც ამ კოშკის პირველ სართულზეა განთავსებული, დანარჩენ დროს კი საათობით თამაშობს ონლაინ თამაშებს, ასევე ხშირად რჩება მოსკოვის მახლობლად მდებარე საკუთარ ვილაში. ასადების ოჯახი თავისუფლად გადაადგილდება მოსკოვში, დაცვის თანხლებით", - ამბობს წყარო.

გაზეთის წყარო ასევე ამტკიცებს, რომ ბაშარ ალ-ასადის უმცროსი ძმა მაჰერი სასტუმრო Four Seasons-ში ცხოვრობს. როგორც Die Zeit აღნიშნავს, ამ ყველაფრის გადამოწმება შეუძლებელია.

2019 წელს Financial Times-მა დაწერა, რომ ბაშარ ალ-ასადის ნათესავებმა მოსკოვსა და მის შემოგარენში, საცხოვრებელ კომპლექსებში, მინიმუმ 19 ბინა შეიძინეს. ტრანზაქციებისთვის ძირითადად ოფშორული კომპანიები გამოიყენებოდა. როგორც გამოცემა წერდა, უძრავი ქონების ოფიციალური მფლობელები რამდენიმე ლიბანური ოფშორული კომპანია იყო.