ისრაელი და ღაზა მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლებისთვის ემზადებიან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ხალხი ორშაბათს, დადგენილ ვადამდე უნდა გათავისუფლდეს. "ჰამასი" ვალდებულია შეთანხმების ხელმოწერიდან 72 საათის განმავლობაში ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლოს. ცნობისთვის, დაჯგუფებას 48 მძევალი ჰყავს, რომელთაგან 20, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხალია. გარდაცვლილი მძევლების ნეშტებს კი საერთაშორისო სამაშველო გუნდი მოძებნის.
ისრაელი, თავის მხრივ, 2 000 დატყვევებულ პალესტინელს გადასცემს ღაზას ან მათ მეზობელ ქვეყნებში გადაასახლებს.

ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იერუსალიმს ეწვევა, რათა მძევლებისა და დაკავებულების გაცვლას დაესწროს, ის აგრეთვე ქნესეთში სიტყვით გამოვა და მძევლების ოჯახებსაც შეხვდება. მოგვიანებით, ტრამპი ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში გაფრინდება, სადაც ის თავმჯდომარეობას გაუწევს "სამშვიდობო სამიტს", რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება და რომლის მიზანიც ღაზაში მუდმივი ზავის მიღწევაა.
"ყველანი დაიღალნენ ომით", - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში მისულ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ წინსვლის გზაზე "კონსენსუსის" მიღწევის იმედი აქვს.

პალესტინელები სასოწარკვეთით ელიან ცეცხლის სამუდამო შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ორწლიანი ომის შედეგად, ღაზას დიდი ნაწილი განადგურდა, 67 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და დაახლოებით 170 000 დაშავდა. გაეროს საგამოძიებო კომისია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანოები ისრაელს ღაზაში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებენ.
თავად ისრაელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ომში მისი ქმედებები ჰამასის თავდასხმის საპასუხო იყო, რა დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

მძევლების გაცვლისთვის მზადების პარალელურად, ჰუმანიტარული ჯგუფები ღაზაში დახმარების გასაგზავნადაც ემზადებიან. ისრაელის სამხედრო სააგენტო "კოგატი", რომელიც ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას აკონტროლებს, აცხადებს, რომ კვირა დღიდან ღაზაში ყოველდღიურად დაახლოებით 600 სატვირთო მანქანის შესვლაა დაგეგმილი.

წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა