კინოს მოკლე ისტორიის განმავლობაში სტუდიები ყოველთვის ცდილობდნენ ცნობილი ლიტერატურული ნაშრომების ეკრანისთვის ადაპტირებას. ამ საკითხს ყოველთვის ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, რადგან დიდი წიგნების კინოს ეკრანებზე კარგად გადატანა ურთულესი საქმეა. ლიტერატურა ავტორს ულევ თავისუფლებას აძლევს, ხოლო კინოს ფორმატი საკმაოდ შეზღუდულია და მის ვიწრო სტანდარტებში დიდი მხატვრული ნაწარმოების მორგება სერიოზული გამოწვევა იყო და დღემდე რჩება. ამ საკითხში რეჟისორებიც ორ ნაწილად იყოფიან. ერთნი მაქსიმალურად ცდილობენ წიგნის სტრუქტურას მისდიონ და ავტორი არ "დააღალატონ“. მეორე კატეგორია რეჟისორებისა მასალას თავიანთ ხედვას არგებს და ამით წიგნის ავტორები არ არიან განსაკუთრებით ბედნიერები.
ჩვენ გთავაზობთ წიგნების საუკეთესო ადაპტაციებს, რომლებიც ამ ორივე კატეგორიას აკმაყოფილებს:

მოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნითა და მისი ადაპტაციით დავიწყოთ. პალანიკის რომანი 1996-ში გამოვიდა და აუდიტორიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ეგზისტენციალურმა, პროვოკაციულმა და ძალადობით სავსე წიგნმა ხალხი ორად გაყო და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამიტომაც რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა 1999 წელს მისი ადაპტაცია გადაიღო და ისედაც ცნობილი "მებრძოლთა კლუბის“ სახელი, სამუდამოდ დაუტოვა ისტორიასა და პოპკულტურას. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი თამაშობს.

ასეთივე წიგნი იყო შოტლანდიელი ავტორის, ირვინ უელშის პირველი რომანიც. ადამიანთა ბნელ და მახინჯ მხარეებზე დაკვირვებაში "ჩხერკეთელაობა“ "მებრძოლთა კლუბის“ მსგავსია. შესაძლოა ეს გამოწვეულია 20-ე საუკუნის ბოლოს არსებული მსოფლიო და ეგზისტენციალური კრიზისით, რომელიც ირეკლება ამ პერიოდის ლიტერატურასა და კინოში. 1996-ში ახალგაზრდა დენი ბოილის მეორე ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც რეჟისორს სახელი გაუთქვა და წიგნს საკულტო სტატუსი მოუტანა.

1962 წლის კენ კიზის რომანის ადაპტაცია წიგნის გამოცემიდან უკვე რამდენიმე თვეში უნდოდათ, თუმცა პროცესი 13 წელი გაიწელა. იმჟამად უკვე ცნობილ მილოშ ფორმანს სთხოვეს რეჟისორობა, თუმცა მან უარი განაცხადა. შემდეგ ჰალ ეშბი აიყვანეს, შემდეგ ისიც გაუშვეს. საბოლოოდ დაითანხმეს ფორმანი და 20-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი გადაიღეს. მასში განხილული თემები, სისტემასთან ბრძოლა, ინდივიდუალიზმი და ა.შ. დღემდე რელევანტურია. ცნობილია, რომ ავტორი წიგნის ეკრანიზაციაზე უარს აცხადებდა, თუმცა კინო სტუდიებმა გარკვეული ხრიკებით მაინც მოიპოვეს მასალის გამოყენების უფლება. მათ "ოფიციალურად“ წიგნზე დაფუძნებული პიესის ადაპტაცია გააკეთეს. ამ ყველაფრის გამო, ბუნებრივია, ავტორი უკმაყოფილო იყო, პროდიუსერებს უჩივლა და შესაბამისის ანაზღაურებაც მიიღო.

ეს ფილმი იმის მაგალითია, რეჟისორმა კარგი წიგნი კლასიკად აღიარებულ ფილმად როგორ აქცია. ავტორი აღწერს დისტოპიურ სამყაროს, სადაც ძალადობა და ანარქიაა. ადამიანებს დაკარგული აქვთ ყველანაირი მორალური ღირებულება. ენტონი ბერჯესის წიგნი ბევრი გამომცემლობის მიერ აღიარებულია 20-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად, მაგრამ, სტენლი კუბრიკის სპეციფიკური ხედვით გადაღებული ფილმი ფართო აუდიტორიისთვის მაინც უფრო ცნობილია. შესაძლოა ეს იმით არის გამოწვეული, რომ ფილმები, წიგნებთან შედარებით, უფრო ფართო მოხმარების პროდუქტია. "მექანიკური ფორთოხალი“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ფილმის საკულტო სტატუსმა, თავად წიგნსაც უფრო მეტი დაფასება მოუტანა.

ცნობილი ამერიკელი ავტორის, კორმაკ მაკარტის ერთ-ერთი უკანასკნელი წიგნი თავის სტილში განიხილავს ადამიანთა ცხოვრების ფუნდამენტურ საკითხებს. იღბალი, სინდისი, გარემოება, ბოროტება და ა.შ. ამერიკული ლიტერატურის ოსტატის ამ წიგნის ადაპტაციისთვის ძმებ კოენებზე უკეთესი კანდიდატი ვერ მოიძებნებოდა. "მოხუცების ადგილი აქ არ არის“ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად და ძმები კოენების "მაგნუმ ოპუსად“ ითვლება. ფილმმა ოსკარის 8 ნომინაციიდან 4 მოიგო, მათ შორის ხავიერ ბარდემმა, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის, რომელმაც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ანტიგმირის როლი ითამაშა.

ჰოლოკოსტ გამოვლილი ებრაელ-პოლონელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის მემუარი ჰყვება ადამიანის სასწაულებრივი გადარჩენის ისტორიას. წიგნის პირველი ადაპტაცია 1950-ში გადაიღეს, თუმცა, ის კომუნისტური პარტიის ცენზურის ქვეშ მოხვდა. 50 წლის შემდეგ, ტრაგიზმით სავსე ისტორია ეკრანზე გააცოცხლა თავად ჰოლოკოსტ გამოვლილმა რეჟისორმა, რომან პოლანსკიმ. შედეგად ფილმმა ყველა მთავარი ჯილდო მიიღო და შპილმანის როლის შესრულებისთვის, ედრიენ ბროუდი, 29 წლის ასაკში, ოსკარის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

ორსონ უელსის მიერ გადაღებული ეს ფილმი ჩამონათვალში სხვა ფილმებთან შედარებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა არანაკლებად საინტერესო და მიმზიდველი. ამერიკული კინოს ალბათ ყველაზე ცნობილმა ფიგურამ, ორსონ უელსმა, მეოცე საუკუნის ლიტერატურის ალბათ ყველაზე დიდი ავტორის, ფრანც კაფკას, წიგნის ადაპტაცია გადაწყვიტა და შედეგმაც არ დააღალატა. უელსმა "პროცესი“ თავის საუკეთესო ფილმად აღიარა. ჰორორის ჟანრში ცნობილი მსახიობი, ენტონი პერკინსი, ჯოსეფ კ.-ს როლს თამაშობს. მთლიანობაში ფილმი კაფკას ხედვას და მის ნაწარმოებში არსებულ პარანოიით სავსე ატმოსფეროს, ეკრანზე იდეალურად ასახავს.

ამერიკული გოტიკის შედევრად აღიარებულმა და პულიცერის ჯილდოს გამარჯვებულმა რომანმა ხალხში იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ მისი ადაპტაცია, წიგნის გამოცემიდან 2 წელიწადში გადაიღეს. წიგნი ჰყვება შავკანიანი კაცის ამბავს, რომელსაც თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებას აბრალებენ, ხოლო მოსამართლე, ატიკუს ფინჩი, ცდილობს ამ კაცის დაცვას. ამერიკაში არსებული მწვავე სოციალური და რასობრივი პრობლემების ფონზე "ნუ მოკლავ ჯაფარას“, წიგნისა და ფილმის სახით, საზოგადოებისთვის აუცილებელი იყო. ბევრის აზრით, წიგნმა და შემდგომ ფილმმა, რომელმაც ასევე დიდი აღიარება მოიპოვა, ამერიკაში მიმდინარე სამოქალაქო პროცესების წინ წაწევასა და პროგრესში დიდი როლი ითამაშა.

თომას მანი თავის, ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიულ ნოველაში ჰყვება მწერლის ამბავს, რომელსაც ვენეციაში დასვენებისას პოლონელ ბიჭზე ობსესია გაუჩნდება. წიგნს ეროტიკულობის გამო ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა დღეს ის ცნობილი ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. ამაზე დაყრდნობით, იტალიელმა რეჟისორმა, ლუკინო ვისკონტიმ ძალიან ნელი, სპეციფიკური და მშვენიერი ფილმი გადაიღო.

"მრისხანების მტევნები“ ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უძლიერესი და ტრაგიკულობით სავსე წიგნია. ის მიჰყვება ჯოუდსების ოჯახის ისტორიას, დიდი დეპრესიის პერიოდში. ქვეყანა დაქცეულია, არ არის სამუშაო, არც საჭმელი, მაგრამ ადამიანებს ერთი რამ აქვს, რაც მათ, ვერავინ და ვერაფერმა წაართვა, იმედი... მომავლის იმედი. რომანმა სტაინბეკს მსოფლიო აღიარება და მათ შორის პულიცერისა და ნობელის პრემიები მოუტანა. 1940-ში კი ჯონ ფორდმა გადაიღო მისი ადაპტაცია, რომელმაც სტაინბეკის ამბავს ხორცი შეასხა და დიდი წიგნისგან, დიდი ფილმი გადაიღო.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა