ავტორი:

"შეუძლებელი მგონია, 4 ოქტომბერი გარე ჩარევის გარეშე მომხდარიყო... ეს გარე ძალა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია" - ვიქტორ ყიფიანი

"შეუძლებელი მგონია, 4 ოქტომბერი გარე ჩარევის გარეშე მომხდარიყო... ეს გარე ძალა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია" - ვიქტორ ყიფიანი

4 ოქტომბერს ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული დესტრუქციული პროცესების შემდეგ გასული კვირა, შეიძლება ითქვას, დაკავებების კვირად იქცა. პროტესტის ორგანიზატორების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს ათობით აქტივისტი. როგორც ამ მოვლენების შეფასებისას ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რაც მოხდა, ეს აწყობდა ხელისუფლებას, რათა მოეხდინა ქუჩის მრავალდღიანი პროტესტის დისკრედიტაცია და ხელი გახსნოდა უფრო მასშტაბური რეპრესიებისთვის. ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" ექსპერტ ვიქტორ ყიფიანთან:

- 4 ოქტომბრის მოვლენები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი - ეს იყო ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულების დემონსტრირება, რაც გამოიხატებოდა ბოლო თვეების პროტესტისთვის ჩვეული მშვიდობიანი და კონსტრუქციული ფორმით; ის, რაც ვნახეთ მეორე ნაწილში, რბილად რომ ვთქვა, იყო ძალიან დიდი შეცდომა. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალიან ხშირად შავზე თეთრს ამბობს და სწორს არასწორად წარმოადგენს, ისე, რომ ამისთვის მცირე საფუძველიც არა აქვს ხოლმე. ხელისუფლების ამ უკიდეგანო ფანტაზიის ფონზე, როდესაც მას ასეთ საჩუქარს აძლევ, ვგულისხმობ, ათონელის ქუჩაზე მომხდარს, ბუნებრივია, ამას გამოიყენებდა.

ეს გახდა იმის საფუძველი, რომ დაკავებებს გასულ კვირას თითქმის ყოველდღიურად ვადევნებდით თვალს. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის პროპაგანდისტული დაპირისპირებაც, მეტიც, პროპაგანდისტული ომი. პროპაგანდას უნდა ძალიან ჭკვიანურად წარმართვა, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მიერ. მნიშვნელოვანია შესაბამისი განწყობების შექმნა როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებსგარეთ. შესაბამისად, წინააღმდეგობის მოძრაობის მესვეურები ამას უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. თუმცა არის ერთი საკითხი -

ჩემი აზრით, თავის დროზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ის, თუ რამ გამოიწვია ყოველივე ის, რაც ათონელის ქუჩაზე მოხდა, ამ ექსცესში ქართული გულუბრყვილობის, დაუდევრობის, არაორგანიზებულობისა და წინდაუხედაობის გარდა, ხომ არ მონაწილეობდა უცხო ძალაც.

ამას კომპეტენტური და მიუკერძოებელი გამოძიება სჭირდება. უახლოეს მომავალში ამის მოლოდინი ვერ გვექნება, მაგრამ როცა დრო იქნება, ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ. ეს პროცესების იმდენად ნაჯახისებური განვითარება იყო, შეუძლებელი მგონია, გარე ჩარევის გარეშე მომხდარიყო ამდენდღიანი, პასუხისმგებლობიანი პროტესტის შემდეგ.

- სხვათა შორის, გარე ჩარევაზე ლაპარაკობს ხელისუფლებაც. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების კომენტირებისას უცხოელი პოლიტიკოსებისა და "ბრიუსელის ბიუროკრატების" შესახებაც ილაპარაკა. მისი მტკიცებით, არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვს და, რომელიც ცდილობს ქვეყნის არევას და პაიკად გამოყენებას.

- ჩვენ და ხელისუფლება ვთანხმდებით, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში შესაძლოა გარეული იყო გარე ძალა, თუმცა ერთი დიდი განსხვავებაა - ჩვენს აღქმაში ეს გარე ძალა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, ხელისუფლება კი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იშვერს ხელს.

არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენი გამოცემის საშუალებითაც, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ ქართული ისტორია. ჩემი შეფასებით, ის, თუ რა მხარეს აღმოჩნდება საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ამით განისაზღვრება დასავლურ და ანტიდასავლურ გეოპოლიტიკურ ბანაკებს შორის ახალი გამყოფი ხაზი. მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არის ნიადაგის მომზადება იმ დროისთვის, როდესაც ახალი გამყოფი ხაზი გაივლება - ანუ გვამზადებენ იმისთვის, როცა დადგება გადამწყვეტი მომენტი, პოლიტიკური ცხოვრებით, მმართველობის სტილით თუ პოლიტიკური უკულტურობით საქართველო იქცეს მასალად, რომელიც ავტომატურად აღმოჩნდება ანტიდასავლურ მხარედ. ამას ემსახურება ისიც, რომ გადავღალოთ დასავლეთი ჩვენით, დავარწმუნოთ ევროპელები ჩვენს უპერსპექტივობაში და დავუკარგოთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში. ამითაც შეიძლება ავხსნათ ამ შესაძლო გარე ჩარევის ფაქტორი. ეს ემსახურებოდა არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საკუთრივ იდეის დისკრედიტაციას, ანუ იმის ჩვენებას, რომ არ შეიძლება საქართველო განეკუთვნებოდეს ევროპულ იდეას, ევროატლანტიკურ ბანაკს. ამ აქციის მეორე ნაწილი, ჩემი შეფასებით, ასეთ შორს მიმავალ მიზანსაც ემსახურებოდა. გააგრძელეთ კითხვა