ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 ბავშვის მშობლები - ქრისტი და ვიტალი, დაშორდნენ.
“როდესაც პატარების ამბავი მოხდა, ძალიან დიდ შოკში ვიყავი. ვტიროდი, ხმები მესმოდა, მაგრამ წამლებით ვიყავი გაბრუებული. ვგრძნობდი, მაგრამ მიჭირდა ხმის ამოღება... ძალიან ძნელია ჩემთვის მათ ადგილას ყოფნა,“ - ამბობს ქრისტი.
“მეგონა, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გადავლახავდი ამ დიდ ტკივილს, მაგრამ ასე არ მოხდა.
ბავშვების შემდეგ დავიწყე ახალ ანგელოზზე ფიქრი, რომ ჩემს შვილებს გააცოცხლებდა ის პატარა ანგელოზი. მერე რომ ვიფიქრე, არც ერთი შვილი და არც ერთი ადამიანი ვერ გამიცოცხლებს იმ ტკივილს, რასაც გულით ვატარებ ჩემი პატარების სახით. ძალიან მიჭირს, მართლა არ შემიძლია ბავშვების გარეშე. ძალიან ძნელია ჩემთვის ბავშვების გარეშე ყოფნა, ძალიან ძნელი...

“ჩვენ მოგვივიდა ჩხუბი როცა პატარები გვყავდა და ისე ვიჩხუბეთ რომ გაშორება გვქონდა გადაწყვეტილი. მერე ისეთ დღეში იყო, რომ გადავიფიქრე, თორემ მინდოდა ბავშვების დედაჩემთან წაყვანა. მე რომ ჩემი ანგელოზები დედაჩემთან წამეყვანა, ახლაც ცოცხლები იქნებოდნენ. ძალია გამიჭირდა ამაზე ფიქრი, მაგრამ როცა ვიჩხუბეთ, მარტო იმას ვფიქრობდი რომ ბავშვებთან ერთად წავსულიყავი დედაჩემთან.
ახლა, ამხელა ტკივილის შემდეგ, არ მეგონა ისევ ასე თუ მეტკინებოდა გული და გადავწყვიტე რომ მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ორი ტკივილის გადატანა ერთად, მაგრამ ვიცი რომ ჩემს შვილებს არ გაუხარდებოდათ მე რომ ცუდად ვიყო,“ - აცხადებს ის.
“მინდა, რომ ჩემი პატარების სახით ანგელოზი დაიბადოს და თანხა გადავცე იმ მშობლებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ,“ - ამბობს ქრისტი.
ტრაგედია სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში, მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.
არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 4 თვის.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს, სახლი გადასცა.
იხილეთ ასევე: