ავტორი:

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ რეჟიმს "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე შეცლის და დაამარცხებს, არის ბრიყვი და იდიოტი" - ბარამიძე

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ რეჟიმს "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე შეცლის და დაამარცხებს, არის ბრიყვი და იდიოტი" - ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ პოლიტიკურ განადგურებასაც.

ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციამ თავისი როლი შეასრულა.

ბარამიძის თქმით, 4 ოქტომბრის აქცია მშვიდობიანი იყო და ხელისუფლებას არ გამოუვიდა მასზე „ძალადობრივი იარლიყის“ მიწებება.

"ქართულ ოცნებას“ არ გამოუვიდა, რომ 4 ოქტომბრისთვის „ძალადობრივი აქციის“ იარლიყი მიეწებებინა. ეს არ იყო ძალადობრივი აქცია, ეს იყო არაძალადობრივი აქცია, რომელსაც შევუერთდით. როგორც არაძალადობრივი იყო ჩვენი ქმედებები, ისე უნდა გაგრძელდეს. ქართველ ხალხს არავისზე არ სჭირდება ძალადობა, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და, მით უმეტეს, სიმრავლე არის ჩვენს მხარეს.

მთლიანობაში ამ აქციამ თავისი როლი შეასრულა. ახლა „ქოცური“ პროპაგანდა ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ არა მარტო იურიდიულად გაანადგუროს - გაანადგუროს პოლიტიკურად. თითქოს, ჩვენ ვართ მოძალადეები, გადამტრიალებლები. სად არის ის 5 საქმე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს?“,- განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, ბარამიძემ გაიხსენა 4 ოქტომბრის აქციის მოსამზადებელი პერიოდი და პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრა პარტიის პოლიტსაბჭოზე. ბარამიძის თქმით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 120-მდე ადამიანია, ამიტომ ბურჭულაძეს არ გაუჟღერებია 4 ოქტომბრის გეგმები.

"ჩვენ შეკითხვები დავუსვით, მაგრამ ბატონმა პაატამ თქვა, რომ შემდგომ გაგვაცნობდა ამ გეგმებს, უფრო სწორად საჯაროდ განვაცხადებო. სხვათა შორის, იყო რჩევა, რომ სადაც 30-მა კაცმა იცის, იქ სუს-მა აუცილებლად იცის. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეს გეგმა შეიძლება ორ ადამიანს სცოდნოდა - თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბატონმა პაატამ არ გაგვაცნო. ჩვენ ამ აქციისადმი მხარდაჭერა უკან არ წაგვიღია, რადგან ბატონი პაატა ყოველთვის ამბობდა, რომ იქნება მშვიდობიანი აქცია.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე უფრო მეტიც ისაუბრა, მაგრამ არა კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით, რადგან პოლიტსაბჭო 120-კაციანია, ამიტომ დარწმუნებული ვარ მოსასმენი აპარატურა ან ვიღაც გადაბირებული შეიძლება ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის განცხადებები 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, რაც პარტიისთვის მისაღები იყო. მისი თქმით, სხვამაც, რომ დააანონსოს მსგავსი აქცია, მასაც შეუერთდებიან.

"ჩვენ ვუთხარით, 120 კაცში ვერ იტყვით, ამიტომ ორმა ადამიანმა მაინც იცოდეს-თქო. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკან არ წაგვიღია ის განცხადება, რომელიც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გავაკეთეთ. შესაბამისად, მისი სიტყვები, რასაც აცხადებდა, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. სხვამაც, რომ დააანონსონ მსგავსი აქცია, მასაც შევუერთდებით“,- განაცხადა ბარამიძემ.

4 ოქტომბრის მოვლენების გარდა ბარამიძემ ისაუბრა ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე. ბარამიძის თქმით, მისი პარტია ითანამშრომლებს ყველა ძალასთან, რომელსაც „ჯანსაღი პოზიცია“ აქვს, ხოლო მათ, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეცლის, ბარამიძე “ბრიყვს” და „იდიოტს” უწოდებს.

"ვინც „ქოცური“ პროპაგანდის შესაბამისად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობას“ დაარტყას, იმის პარალელურად, როდესაც „ქოცები“ მე-14 წელია ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ რეჟიმს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეცლის და დაამარცხებს, არის ბრიყვი და იდიოტი. მათ რეალურად არ ჰყავთ ამომრჩეველი, ისინი რეალურად „ქოცების“ თამაშს თამაშობენ, როგორიც არის მაგალითად - გახარია, „ლელო“. მათ დაკარგეს ამომრჩეველი, მათ თავიანთი ამომრჩევლის ნახევარმა არ დაუჯერა და არ მივიდა არჩევნებზე.

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც ჯანსაღი პოზიცია ექნება. ვინც იტყვის - „ჩვენ თან ქოცები უნდა დავამარცხოთ, თან ნაცები“ - ისინი არიან „ქოცების“ სასარგებლო იდიოტები. ვინც მომავალში არ გაიმეორებს ამ სისულელეს და მიხვდება, რომ ამ ბრძოლაში ერთმანეთს ყველანი ვჭირდებით, ურთიერთობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მომავალში ამის მიხედვით ავაწყობთ“, - აღნიშნა ბარამიძემ.