ავტორი:

"თუ ადამიანი ინიციატივას არ გამოიჩენს, შეიძლება AI -მ მთელი პასუხისმგებლობა აიღოს ..." - არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი გლობალური საფრთხე და უნდა ვანდოთ თუ არა მას ჩვენი ჯანმრთელობა?

"თუ ადამიანი ინიციატივას არ გამოიჩენს, შეიძლება AI -მ მთელი პასუხისმგებლობა აიღოს ..." - არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი გლობალური საფრთხე და უნდა ვანდოთ თუ არა მას ჩვენი ჯანმრთელობა?

უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება აუცილებლად მნიშვნელოვნად შეცვლის კაცობრიობის მომავალს. დღეს ამასთან დაკავშირებით არაერთი არცთუ საიმედო პროგნოზი გამოითქმი. "კაცობრიობის დაღუპვის საფრთხე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზეზით პლანეტარული მასშტაბის რისკს წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის - "თაიმსის“ სტატიაში, სათაურით: "ექსპერტების პროგნოზი: ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას გადაშენებას უქადის“ (ავტორი - ლეიტონ ვუდჰაუსი). "პერსპექტივაში ტრაგედიის ალბათობა 95%-ს აღწევს. გონიერი ხელოვნური ინტელექტისთვის ადამიანი პირდაპირი კონკურენტი გახდება და მათთვის ცოცხალი ბიოლოგიური, მოაზროვნე ორგანიზმის ამოწყვეტა ძნელი არ იქნება“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამ შეფასებებს გადაჭარბებულად მიიჩნევს. ფაქტია, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში - დიასახლისის მიერ კერძის მომზადებიდან დაწყებული, სამედიცინო დიაგნოზით გაგრძელებული და სამეცნიერო ნაშრომის შექმნით დასრულებული, ადამიანები უკვე ყველა მიმართულებით იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ცოდნას.

გვესაუბრება AI ტექნოლოგიების მკვლევარი თორნიკე ბოლოკაძე:

- როგორც წესი, ყველა ასეთ დიდ ინოვაციას თავის უარყოფითი მხარეებიც აქვს, მათ შორის არის ადამიანების ამა თუ იმ ინოვაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. მე თავადაც, როგორც ხელოვნური ინტელექტის პრომოუტერი, ამ თემისადმი ძალიან ხშირად ადამიანების აბსურდულ დამოკიდებულებას ვხედავ.

ადრეც სხვადასხვა წყაროს მეშვეობით ბევრჯერ მითქვამს, რომ მაინც ადამიანია მთელი პრობლემების სათავე, უფრო სწორედ, ადამიანების მენტალიტეტი გარკვეულ მოვლენებთან, ტექნოლოგიებთან მიმართებაში... პრობლემას წარმოადგენს ის, რამდენად რაციონალურად უყურებს ვინმე ამ ტექნოლოგიებს, აღიქვამს და სწორი მიზნებისთვის იყენებს. ხელოვნურ ინტელექტს ადამიანისთვის სასარგებლოდ გამოყენების უამრავი შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ამავდროულად, რასაკვირველია, დამაზიანებელი ფაქტორები - უარყოფითი მხარეებიც აქვს.

- მაგალითად?

- მაგალითად, როცა ადამიანი რამეს ხელოვნურ ინტელექტს აქმნევინებს, აბსოლუტურად, გაუაზრებლად, შეუგნებლად აკოპირებს და ისე იყენებს. ვთქვათ, ადამიანს დასაწერი აქვს სტატია, სარეკლამო ტექსტი, სცენარი და ასე შემდეგ... ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ტექსტს აგენერირებინებს, მაგრამ აზროვნება იმდენად ეზარება, რომ ტექსტს არც კი კითხულობს. თავის ადამიანური წვლილი არაფერი შეაქვს, აკოპირებს და აუდიტორიას ისე აწვდის. ეს არის აბსოლუტური აბსურდი! ხელოვნური ინტელექტი თუ რამე საქმეს აკეთებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ადამიანური წილი დავივიწყოთ. პირიქით, ჩვენი მისიაა, რომ ხელოვნური ინტელექტი მართებულად გამოვიყენოთ. როგორც ჩვენი დამხმარე, ასისტენტი. რაღაც დავალებებს გადავაბარებთ, მაგრამ ამასთანავე ჩვენს ადამიანურ წვლილს, ადამიანურ ჩართულობას, არათუ შევამცირებთ, არამედ გავზრდით.

- ბოლო ხანს არაერთხელ გაიგონებთ, რომ ადამიანები მას ანდობენ საკუთარ ჯანმრთელობას. ეს შეეხება როგორც დიაგნოზს, ასევე მკურნალობის კურსს. ეს რამდენად საგანგაშოა?

- ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სამედიცინო მიმართულებითაც საკმაოდ კარგი შედეგები დადოს. თუმცა აქ არსებობს ორი ფაქტორი!

პირველი, ხელოვნური ინტელექტი წესით და რიგით თავად უნდა აფრთხილებდეს ადამიანებს და ვინც ამას არ აკეთებს, ეს არის არასწორი, დარღვევა! სამედიცინო საკითხებზე ხელოვნური ინტელექტი პასუხის შემთხვევაში ბოლოში უნდა სვამდეს შემდეგ წინადადებას, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი რეკომენდაცია და აუცილებლად ექიმთან უნდა გადაამოწმოთ ეს ყველაფერი! ზოგი მართლაც ასე წერს, ზოგი კი - არა, ან მიჩქმალულად... ეს უკვე ჩვენი, ვინც ხელოვნურ ინტელექტს აკეთებს, მათი პასუხისმგებლობაა. შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტისგან სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო საკითხებზე სწორი პასუხები მოვისმინოთ? - დიახ! თუმცა აუცილებლად გარკვევით უნდა იყოს მითითებული, რომ ეს რეკომენდაციებია და არაფრის დიდებით არ მიიღოთ უპირობოდ! აუცილებლად უნდა მივიდეთ ექიმთან და ყველაფერი გადავამოწმოთ.

მეორეც, კაცობრიობამ, ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ, ხელოვნური ინტელექტი რა დონეზეც არ უნდა ავიდეს, ასპროცენტიან სიზუსტეს ვერ მიაღწევს, მაგრამ თუნდაც 95%-იან სიზუსტეს მიაღწიოს, აქ ისევ პასუხისმგებლობის საკითხი დგება! ვთქვათ იმ ხუთი პროცენტის შეცდომა რომ გამართლდეს და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი?! ექიმების შეცდომის შემთხვევაში გარკვეულია ეს საკითხი, მაგრამ ტექნოლოგიის შემთხვევაში - არა... აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ უარყოფითი მხარეები არსებობს, უარი არ უნდა ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტზე, მათ შორის სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ რეკომენდაციებია. როგორც "გუგლში" მოგვიძებნა, მსგავსი რამაა. ჩვენ ეს რეკომენდაციები აუცილებლად პროფესიონალებთან უნდა გადავამოწმოთ, რისკები რომ შევამციროთ. მეორეს მხრივ, ხელოვნურ ინტელექტს ვინც ქმნის, ყველას პასუხისმგებლობა და მორალური ვალდებულებაა, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ, რადგანაც საკითხი ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება. ყველა ასეთი პასუხის მერე მითითებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად გადაამოწმეთ ეს ყველაფერი ექიმთან!

- ყველაზე მეტ საფრთხეს კიდევ რა თვალსაზრისით ხედავთ?

- ასეთი დიდი რევოლუციები წარსულშიც მომხდარა. საუკუნეების განმავლობაში ყოფილა ასეთი სერიოზული გამოგონებები, მაგრამ მინდა მოკლედ ავხსნა ეს ყველაფერი რით არის განსხვავებული: მილიონნაირი ინოვაცია იყო სამყაროში, მაგრამ არცერთი ინოვაცია არ ეხებოდა ჩვენს -კოგნიტიურ შესაძლებლობებს. იმას, რაც ჩვენს აზროვნებას ეხება. მეოცე საუკუნეში რომ რაღაც ინოვაციები გაჩნდა, თუნდაც კომპიუტერიზაცია დაიწყო, ეს უფრო დავალებების ავტომატიზაციას შეეხებოდა, კომფორტული გარემოს შექმნას. არ შეეხებოდა ჩვენს კოგნიტიურ შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტის რევოლუციით უკვე გარკვეულ მომენტებში იმის საფრთხე იქმნება, რომ შეიძლება ზოგჯერ ჩვენი აზროვნება საჭირო არ იყოს. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი საფრთხე! ერთდროულად თან შესაძლებლობაც და თან საფრთხეც. ხელოვნურ ინტელექტს ეს აქვს ყველაზე განსხვავებული "ეშმაკური“ რამ. ერთდროულად ძალიან დიდი შესაძლებლობაც არის და საფრთხეც. ეს ეხება ჩვენს აზროვნებას. შეიძლება დადგეს დღე, რაღაც დავალებებთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ინიციატივას არ გამოვიჩენთ, ხელოვნურმა ინტელექტმა მთლიანად აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ კი აზროვნებას, ფიქრს მოვუკლოთ. ნებისმიერი ახალი გამოგონება, ინოვაცია, ამ მომენტში ხელოვნური ინტელექტი პრეროგატივად იქცეს და კაცობრიობამ, ადამიანმა შეიძლება ძირითადი ფუნქცია დაკარგოს. ის, რომ რაღაც ახალი შექმნას, ახალი გამოიგონოს.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება არ გაჩერდება. პირიქით, უფრო და უფრო გაიზრდება. უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, უფრო მეტი დავალების მიცემა შეგვეძლება. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ ძალიან კომპლექსური და რთული სიტუაციიდან ის არის, ადამიანებმა მენტალიტეტი ჩამოვიყალიბოთ. სწორი მიდგომა იყოს. გამოსავალი ის არ არის, ხელოვნურ ინტელექტს, აბსოლუტურად, ყველაფერი გადავაბაროთ და ჩვენ სრულიად უფუნქციოები დავრჩეთ, პირიქით, გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ რაციონალურად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი სარგებლობისთვის.

ორი უკიდურესობაა: ერთი რომ მოვერიდოთ და საერთოდ არ გამოვიყენოთ, მეორე უკიდურესობაა, მთლიანად დამოკიდებული გავხდეთ...

ამ ორი უკიდურესობიდან არც ერთია სწორი და არც მეორე. ოქროს შუალედია საჭირო, ჩვენი მიდგომით და მენტალიტეტით ჩვენს გონებრივ შესაძლებლობას კი არ შევზღუდავთ, ფიქრს კი არ დავუკლებთ, პირიქით, ფიქრს მოვუმატებთ. რაღაც ელემენტარულ დავალებებს გადავაბარებთ, რაც ელემენტარულ ავტომატიზაციებს მოითხოვს. მეორეს მხრივ, ჩვენ დავიხმართ, როგორც ასისტენტს, ისე გამოვიყენებთ. გავაგრძელებთ ჩვენს ღრმა მსჯელობას, ფიქრს და აზრების გენერირებას.

- რამდენად მარტივია ეს?

- მარტივი არ არის. ამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ კაცობრიობას გადაულახავს ასეთი რევოლუციები. ჩემი ღრმა რწმენით, ახლაც რაღაც რაციონალური მიდგომები ჩამოყალიბდება, რომ ამის გადალახვა, სწორად გამოყენება მოხდეს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასაც ამ ბოლო წლებში თავის სტადიები აქვს. რაღაც მომენტში ძალიან ტრენდი იყო. აბსოლუტურად ყველა იყენებდა, მილიონ სულელურ შეკითხვას უსვამდნენ, სრულიად გაუაზრებლად იყენებდნენ. ნელ-ნელა თითქოს დაღმავალი ტენდენცია წამოვიდა. შოკის ტენდენცია, რომ, აი, კითხვას ვწერ და მპასუხობს, თითქოს ნელ-ნელა მცირდება. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ადამიანებში ნელ-ნელა სწორი მიდგომა გამოიკვეთება. მიხვდებიან, რომ ჩვენი მთავარი მისიაა, ეს ყველაფერი სწორად გამოვიყენოთ და არა რაღაც სულელურ დავალებებზე. რაღაც ელემენტარულზე, რაზეც ადამიანი თვითონ უნდა დაფიქრდეს და გადაწყვიტოს. ამერიკაშიც ძალიან ბევრი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი, ძალიან პირადულის შესახებ ესაუბრებოდა. ურთიერთობებზე და მეტიც, თავის დანაშაულების შესახებაც კი უყვებოდნენ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საკმაოდ არასერიოზული გამოყენება ხდება ბევრის მხრიდან. საჭიროა, რომ კაცობრიობამ როგორღაც ჩვენი შეხედულებების მიხედვით ჩამოვაყალიბოთ პოზიციები, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და როგორი გამოყენება იქნება არასწორი!