მაროკოდან- მადაგასკარამდე, პარაგვაიდან- პერუმდე, მსოფლიოს ახალგაზრდული საპროტესტო ტალღა მოედო. 13-დან 28 წლამდე ასაკის მოპროტესტეები, რომელიც Gen Z-ით მოიაზრება, მოქმედი მთავრობების მიმართ პროტესტს გამოხატავენ და ცვლილებებს მოითხოვენ.
ახალგაზრდა მონაწილეების გარდა, ამ მოძრაობებს აერთიანებს ის ფაქტი, რომ მათი პროტესტის მამოძრავებელი ძალა სოციალური მედიაა, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება მათი დაცემის მიზეზად იქცეს.

ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო პროტესტმა მადაგასკარში მთავრობის დამხობა გამოიწვია. კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ გამართულმა დემონსტრაციებმა ნეპალში პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია.
პერუში ახალგაზრდებმა ავტობუსისა და ტაქსის მძღოლებთან ერთად, კონგრესის შენობისკენ გამართეს მსვლელობა - ისინი კორუფციულ სკანდალებსა და მზარდ არასტაბილურობას აპროტესტებენ.
ინდონეზიაში ფრილანსერები სოციალური შეღავათების შემცირებას აპროტესტებენ.
მაროკოში კი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები იმართება. მომიტინგეები ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებას მოითხოვენ და ამავდროულად გმობენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მშენებლობის მრავალმილიარდიან ხარჯებს.
სოციალურმა მედიამ ყველა ამ საპროტესტო მოძრაობაში ცენტრალური როლი ითამაშა. ისინი ქვეყნებს შორის ისტორიების მოყოლის, სოლიდარობის გამოხატვის, კოორდინაციისა და გამოცდილების გაცვლის პლატფორმას წარმოადგენენ.
როგორც გლობალური და რეგიონული კვლევების გერმანული ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯანჯირა ზომბატპუნსირი აღნიშნავს, ეს ახალი ფაქტორი არ არის „ახალგაზრდების ხელმძღვანელობით და ციფრული კავშირით ჩამოყალიბებული 15-წლიანი საპროტესტო აქციების ტალღაში“.
ეს ტალღა მოიცავს 2010–2011 წლების არაბულ გაზაფხულს, 2011 წლის „დაიკავე უოლ სტრიტი“ მოძრაობას, ესპანეთში ეკონომიის წინააღმდეგ „ინდინადოსის“ მოძრაობას (2011–2012) და დემოკრატიის მომხრე დემონსტრაციებს ტაილანდში (2020–2021), შრი-ლანკაში (2022) და ბანგლადეშში (2024).
„კორუფცია ხელშესახები ხდება. ახალგაზრდების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება მასობრივი მოძრაობების ორგანიზებისთვის სულაც არ არის ახალი ფენომენი. თუმცა, განსხვავება ახლა ტექნოლოგიური განვითარების დონეზეა: სმარტფონების, სოციალური მედიის, მყისიერი შეტყობინებების აპლიკაციების და, ბოლო დროს, ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ადამიანების მობილიზაციის პროცესი.
ეს არის ის, რითაც Gen Z გაიზარდა. ეს არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი“, - აღნიშნავს ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მკვლევარი,სტივენ ფელდშტეინი.
ფოტოები და პოსტები ახლა უფრო და უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ოდესმე, რაც როგორც ბრაზს, ასევე სოლიდარობას იწვევს.
ზუსტად ასე მოხდა ნეპალში სექტემბერში, როდესაც პროტესტი დაიწყო. მას შემდეგ, რაც Instagram-ზე გამოქვეყნდა პოლიტიკოსის შვილის ფოტო, რომელიც ფუფუნების ბრენდების ყუთებისგან დამზადებულ საშობაო ნაძვის ხესთან პოზირებს. მსგავსი სიტუაცია მოხდა ფილიპინებშიც.
სოციალურმა მედიამ ასევე შესაძლებელი გახადა საპროტესტო ტაქტიკის საზღვრებს გარეთ გაზიარება.
ჰეშთეგი MilkTeaAlliance, მიანმარში ტაილანდსა და სხვა ქვეყნებში აქტივისტების შეკრების წერტილად იქცა. მაგალითად, ტაილანდელმა მომიტინგეებმა ჰონგ-კონგიდან „იყავი როგორც წყალი“ სტრატეგია ისესხეს. მათ აქციები დააანონსეს და შემდეგ ბოლო წუთს Telegram-ის არხებით შეიცვალეს თავიანთი ადგილმდებარეობა, რამაც პოლიციის რიგები დააბნია.
2024 წელს ბანგლადეშში მომხდარი რეპრესიები ამის ნათელი მაგალითია. მთავრობამ ინტერნეტი გათიშა, ციფრული უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად დისიდენტები დააკავა და სტუდენტ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სტუდენტი აბუ საიდი მოკლა და ფოტო სოც. მედიაში გავრცელდა, ქუჩებში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო.

მსგავსი სცენარები განვითარდა შრი-ლანკაში, ინდონეზიასა და ნეპალში - სადაც მომიტინგეების მკვლელობებმა აღშფოთება გამოიწვია, გაზარდა მოთხოვნები და ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობებიც დაემხო.
ექსპერტები ასევე განიხილავენ სოციალური მედიის საშუალებით ორგანიზებული საპროტესტო აქციების გრძელვადიან შედეგებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის 2020 წლის კვლევის თანახმად, 1980-იან და 1990-იან წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების 65% წარმატებული იყო, მაგრამ 2010-დან 2019 წლამდე ეს მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.
„მაშინაც კი, როდესაც მასობრივი მოძრაობები მთავრობის ან რეჟიმის შეცვლას იწვევს, გრძელვადიანი ტრანსფორმაცია გარანტირებული არ არის.
საპროტესტო აქციები შეიძლება სამოქალაქო ომებში გადაიზარდოს, როგორც ეს სირიაში, მიანმარსა და იემენში მოხდა. ან ავტოკრატები შეიძლება დაბრუნდნენ და გააძლიერონ თავიანთი გავლენა, როგორც ეს ეგვიპტეში, ტუნისსა და სერბეთში მოხდა,“ - ამბობს ექსპერტი.
იხილეთ ასევე: