Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მხატვარი-კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური. მან მკითხველის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს.
სოფო:
- დაახასიათეთ საკუთარი თავი - შექმენით თქვენი სიტყვიერი პორტრეტი… პირადად თქვენი კარიკატურა ვის აქვს გაკეთებული?
- ჩვეულებრივი მხატვარი ვარ, არაფრით განსხვავებული და საოცარი. ერთი ვიცი, რომ უნდა ვხატო... ჩემ გარშემო უამრავი მაგარი მხატვარი არსებობს, ასევე კარიკატურისტი - ქართველებიც, უცხოელებიც და მსოფლიო დონის ყველაზე კარგ კარიკატურისტებს ჰყავს ზალიკო დახატული. სხვადასხვა ქვეყანაში ფესტივალზე დავდივარ, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა რაღაცებს ვხატავთ, ერთმანეთსაც... საერთოდ ძალიან მაგარი ხალხია კარიკატურისტები...

კახა:
- ვინ დაგარქვათ სახელი ზალიკო და ვისი სახელი გქვიათ?
- ჩემთვის დედაჩემის ბაბუის სახელი - ლუკა უნდა დაერქმიათ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ არავის სახელი არ მქვია. ისეთი კარგი ვარ, რომ "ორი დავიბადე“ ანუ მე და ჩემი ძმა - ტყუპის ცალი. ჩვენს ოჯახში სუფრა გაიშალა, მოვიდნენ დიდი მწერლები - თამადა ნოდარ დუმბაძე იყო. მათ იქვე გადაწყვიტეს ახალშობილი ბიჭების სახელები. ზაალის და ზურაბის ინიციატივა ედიშერ ყიფიანს ეკუთვნოდა, - კარგად ჟღერსო. ასე დაგვარქვეს და მერე გავხდით ზალიკო და ზურიკო...

ცნობისმოყვარე:
- თუ გახსოვთ, როდის, რატომ და ვისი კარიკატურა იყო პირველი, რომელიც შექმენით?
- ერთი წლის ვიყავი, რომ მე და ჩემი ტყუპის ცალი სულ ვხატავდით და ის ნახატებიც არსებობს - ადამიანების რაღაც პორტრეტებია, სასაცილო კაცუნები... სკოლაში სწავლის დროს მასწავლებლებს და კლასელებს ვხატავდი... მოკლედ, ისე არ არის, რომ პირველად კონკრეტულად ეს დავხატე და მომწონს... თავიდანვე მივხვდი, რომ კარიკატურისტი ვარ და მიყვარს იმ ადამიანების და სიტუაციების გასასაცილოება, რაც ჩემ გარშემოა.
ანი:
- ზალიკო, მოგესალმებით. დაახლოებით რამდენი ადამიანის კარიკატურა, მეგობრული შარჟი გექნებათ დახატული?
- ეს ისეთი რთული კითხვაა, წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე ვხატავ. ხანდახან ყოფილა, რომ დღეში 400 ადამიანი დამიხატავს. დღე არ გავა, რომ ერთი-ორი ადამიანი მაინც არ დავხატო, ან ჩემთვის რაღაცები... სიზმარადაც კარიკატურები და სასაცილო რაღაცები მესიზმრება... მოკლედ, მხატვარი ვარ, მათემატიკა-ანგარიში ნაკლებად გამომდის, ამიტომ რაოდენობა მართლა არ ვიცი, რამდენი მყავს დახატული - ძალიან ბევრია...
ყველა ადამიანის სახე თავის სათქმელს ამბობს. თითოეულში არის ის ნიუანსი, რაც ხატვისას უნდა დაიჭირო და იყოს სახალისო, სასაცილოც, ბედნიერების მომნიჭებელი.
ზურაბი:
- ხატვა ძალიან მძიმე გონებრივი შრომაა, რამდენჯერ წამიშლია უკვე დამთავრებული ნახატი და გადამიკეთებია, ორი ფერით (მუქი ლურჯი და შავი), ვხატავ, ვხვეწავ... რას მირჩევდით?
- ხატვა მთელი ცხოვრება ექსპერიმენტებია. გულში რაც გაქვს, რასაც უყურებ ამ ქვეყანაზე, ის უნდა გადმოიტანო ქაღალდზე, ტილოზე და დადო. არ აქვს მნიშვნელობა, ორ ფერში ხატავ, თუ ბევრ ფერში, იმპრესიონისტულად თუ როგორ. რაღაც რომ არ გამოგდის, არასოდეს ინერვიულო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მეც ხშირად მომსვლია, ვხატავ და ხელი არ მომყვება ისე, როგორც მინდა, თითქოს ჩემი დღე არ არის, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია.
თუ ორ ფერში ხატავ, მესამე ფერი დაამატე, ამით რაღაც ახალს შეიტან ნამუშევარში... შეიძლება ორფერში დახატო, მაგრამ ნამუშევარი შენი მოქმედებებით, მონასმებით, ნაფიქრით გაამდიდრო. ყველაფერი შესაძლებელია...
თემო:
- ზეთში რატომ არ მუშაობთ?
- როგორც ჩანს, არ გინახავთ ჩემი ზეთში შესრულებული ნახატები. ზეთში სულ ვხატავ... კარიკატურას კი გუაშში, ტუშსა და ფანქარში, თუმცა ზეთსა და აკრილშიც დამიხატავს.
საერთოდ, ზეთი ყველაფერს მირჩევნია და ვისაც ზეთში არ დაგიხატავთ, გირჩევთ. დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, პირველად ზეთით რომ დავხატე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. თქვენც სცადეთ, სხვა ემოციები მოაქვს და თან ზეთით ხატვა ყველაზე ადვილია.
უცნობი:
- მარცხენა ხელით წერთ და ხატავთ - ხართ ცაცია. ბავშვობაში ხომ არ გიშლიდნენ მარცხენა ხელით წერას და ხატვას?
- კომუნისტებს რატომღაც ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ არ შეიძლებოდა მარცხენა ხელით ხატვა და წერა. ყველას მარჯვენა ხელით უნდა ეწერა. ყველანი მემარჯვენე უნდა ყოფილიყვნენ და ერთ თარგზე გამოზრდილები... ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო და მსოფლიოში, ჩვენ გარშემოც ბევრი მაგარი ადამიანი იყო თუ არის ცაცია.

სკოლაში სცადეს ჩემი გადაჩვევა - მარცხენა ხელი ჯიბეში ჩამაყოფინეს და დაფაზე ისე უნდა დამეწერა. ძალიან ვინერვიულე, იმაზე კი არ ვფიქრობდი, რა უნდა დამეწერა, ვერ ვწერდი, არ იწერებოდა, ისეთი არ იყო მარჯვენა ჩემთვის, როგორც მარცხენა... მერე სკოლაში მამაჩემი მოვიდა და უთხრა, არ გაბედოთ და მარცხენით წერას არ გადააჩვიოთ. იმის მერე საერთოდ არანაირი პრობლემა აღარ მქონია... მსოფლიოში ცაციებს დღეც არსებობს - 13 აგვისტო. ამიტომ თუ ცაციას აღმოაჩენთ, გაიხსენეთ ლეონარდო და ვინჩი, ჩარლი ჩაპლინი, ანჯელინა ჯოლი, მერლინ მონრო, ბარაკ ობამა და ვინ აღარ. ამ ქვეყანაზე მართლა ბევრი კარგი ცაცია არსებობს.
მიშიკო:
- ვინმეს ხომ არ გამოუთქვამს წყენა თქვენ მიერ შექმნილ მის შარჟზე და რაიმე ინციდენტს ხომ არ ჰქონია ადგილი?
- ასეთი ინციდენტი აქვს არა მარტო ზალიკოს, არამედ ნებისმიერ კარიკატურისტს. ხშირად მინახავს, მსოფლიოს სხვა კარიკატურისტების მიერ ამ შინაარსის ვიდეოები. მეც დამემართა - დავხატე, "აღშფრთოვანდა,“ ადგა, დახია, ცხვირწინ დამიყარა და გავარდა… მაშინ ვიდეოს გადაღების საშუალება არ იყო, თორემ მეც მექნებოდა...
მოკლედ, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ან ვერ გაიგო, ეს ჩემი პრობლემა კი არა, მისი პრობლემაა, რადგან მხატვარმა ნამუშევარში სული და გული ჩადო... თავს ვან გოგს როგორ შევადარებ, ზე კლასის მხატვარია, მაგრამ თანამედროვეებს გიჟი ეგონათ. არადა, ნამუშევრებში სულსა და გულს დებდა. უმაგრესი იყო, ოღონდ, ეს თვითონ არ იცოდა. ასეა, მხატვრებს უნდა ვხედავდეთ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სითბოს და სიყვარულს აქსოვენ ნახატებში. არასდროს არ გავნაწყენდეთ იმაზე, რომ ეს რა დახატა. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, რომ ახლა ფიროსმანის მიერ შექმნილი მაგალითად, თქვენი წინაპრის პორტრეტი გქონდეთ?! ისე, სიცოცხლეში არც მასზე გიჟდებოდნენ.
ნინო:
- ტყუპისცალი ხართ. ორივე ხატავთ. ისიც ცაციაა? მოგვიყევით ტყუპების ცხოვრებიდან რაიმე ამბავი?
- სკოლაშიც მაგით გვასხვავებდნენ - ზურიკო ცაცია არ არის, მემარჯვენეა. ბევრჯერ ერთმანეთის ნაცვლად გავსულვართ დაფასთან გაკვეთილის მოსაყოლად. გვიეშმაკია ტყუპს, როგორც ხდება ხოლმე... ისე ვგავართ ერთმანეთს, რომ ხშირად სხვა ადამიანებს კი არა, კარგად თუ არ დაგვაკვირდნენ, ოჯახის წევრებსაც ვეშლებით. მამაჩემს სულ ვეშლებით…
ცოტა ხნის წინ ავსტრიაში ერთად ვიყავით. უცხოელი კარიკატურისტები მე მიცნობენ, ზურიკოს არა და რომ დაგვინახეს, - ერთი ზალიკოს ნაცვლად ორი ზალიკო გამოჩნდა, - გაოცებულები გვიყურებდნენ - ზალიკო რომელი ხართო?!

მოკლედ, ბავშვობიდან ერთად ვხატავთ და მარჯვენა და მარცხენა რომ ვართ, ერთმანეთს ხელს სულაც არ ვუშლიდით... ერთად რომ დავიწყოთ ხატვა, იმდენად კარგად ვიცნობ ჩემს ტყუპის ცალს, რომ ვიცი, რა ხაზს გაუსვამს და რას გააკეთებს. სანამ დავხატავთ, წინასწარ ვიცით, ერთად რას გავაკეთებთ. ნაღდი ტყუპი ვართ. არაფერს ვათანხმებთ.
სხვადასხვა ტანსაცმელი კი გვაცვია, თუმცა ხშირად ყოფილა, მასთან წითელი ტანსაცმლით მივსულვარ და ისიც წითელ სამოსში ყოფილა... არის ხოლმე ასეთიც - გონებაში რა წინადადებაც მაქვს და უნდა ვთქვა, ზურიკო ან დამასწრებს ან დავასწრებ. ხანდახან ერთი და იგივე სიმღერა ერთდროულად ერთმანეთთან შეუთანხმებლად წაგვიმღერია.
ვიკა:
- თქვენს გვარში რომ ყველა ხატავს, ამას რით ხსნით და სულაკაურები კიდევ რა თვისებებით და უნარებით გამოირჩევით?
- სულაკაური დიდი გვარი არ გეგონოთ - სულ 50 კაცი ვართ. ვართ თუშები და საერთოდ თუშები პატარა-პატარა გვარებით ვარ ხოლმე წარმოდგენილი. ყველა სულაკაურში დევს ხატვის ნიჭი. ჩემმა 8 წლის გოგონამ დედამისს უთხრა, - ხატვა იციო? - არა, - უპასუხა დედამ. მაშინ შენ არ ხარ სულაკაურიო... ასე რომ, გვარში ყველა ხატავს... მამაჩემი მწერალია, კინოდრამატურგი, ბევრი კარგი ფილმისთვის აქვს სცენარი დაწერილი. ერთხელ თქვა - პატრონი რომ მყოლოდა, მხატვარი ვიქნებოდიო. კარგი მწერალი ხარ, რაღა პატრონი გინდა-მეთქი?! ჩემი უფროსი ძმა, ბაკურ სულაკაური ვერ წარმოიდგენთ, რა კარგად ხატავდა. ეს საქმე არ გაუგრძელებია და ვფიქრობ, უკეთესი საქმითაა დაკავებული - ესაა სკოლა და გამომცემლობა... არ ვიცი, რატომ ვართ ასე თეთრი ყვავებივით, მაგრამ ყველაში დევს რაღაც ხელოვნების მარცვალი.
ჩემს ტყუპის ცალს ორი ბიჭი ჰყავს, ორივე მხატვარია, მე 4 შვილი მყავს, ერთი ბიჭი და სამი გოგო. უფროსი 30 წლის არის, ჩემზე მაგარი მხატვარია. ზურიკოს ბიჭებიც ძალიან კარგად ხატავენ. ვამაყობ იმით, რომ ჩემი ბიჭი ჩემზე მაგარია.
ზვიადი:
- როგორც ცნობილია, თუშეთი ძალიან გიყვართ. რაში ვლინდება თქვენში თუშობა?
- ულამაზესია თუშეთი... თუ ადამიანებს ვეკითხები, - თუშეთში ხართ ნამყოფი-მეთქი? და არას მპასუხობენ, მაშინ ვეუბნები, - თქვენ საქართველო არ გინახავთ - მეთქი.
ამას ვეტყვი ყველას, რადგან თუ ქართველი ხარ, აუცილებლად უნდა ნახო ეს საოცარი კუთხე...
არ ვიცი, რაში ვლინდება ის, რომ თუში ვარ, თუშურ საქმეებს ვაკეთებ თუ არა, მაგრამ თუშური ლაპარაკიც ვიცი, თუშური კერძებიც და თუშებთან ჩახუტებაც. ზალიკო სულაკაური თუ საქართველოს მსოფლიოში წარმოადგენს, საქართველოში - თუშეთს, თუშეთში - პირიქითა თუშეთს, პირიქითა თუშეთში - ფარსმას, ფარსმაში - სულაკაურებს და ა.შ. თუშეთი ხშირად მესიზმრება.
ბაია:
- მოგვიყევით მშობლებზე...

- დედაჩემი ფიზიკოსია, მაგრამ ფიზიკაზე არ ვგიჟდები. მამაჩემი, როგორც ვთქვი, მწერალი და დრამატურგია, ქართულის კარგი მცოდნე. ჩემი მშობლების გარშემო სულ ხელოვანი და დიდი ადამიანები ტრიალებდნენ. მეც ამის გამო, მათი დამსახურებით, სულ ვარსკვლავების გარემოცვაში ვტრიალებდი. ის, რომ რაღაცას წარმოვადგენ, შრომა მიყვარს, ფიქრი, ხატვა, ხელოვნება, ბავშვებთან ურთიერთობა, - ყველაფერი მშობლების დამსახურებაა. ნებისმიერი ადამიანი მშობლების სახეა.
მკითხველი:
- დედათქვენმა პარაპლანით უკვე იფრინა და ასაკში ოცნება აიხდინა. ახლა 90 წლისა პარაშუტიდან გადმოხტომას აპირებს... ამას შვილები როგორ უყურებთ?

- დედაჩემი ძალიან ენერგიული ადამიანია, სპორტულიც. ახლა 90 წლისაა. რამდენიმე წლის წინ პარაპლანით იფრინა და თქვა, ძალიან კარგია ეს, მაგრამ პარაშუტითაც უნდა ვიფრინოო. ამით აჩვენა, რომ არასოდეს უნდა დაბერდე და ყოველთვის ენერგიული, ხალისიანი იყო. მოკლედ, ახლა უნდა პარაშუტით ფრენა... ალბათ გინესის რეკორდებშიც შევა. ახლა ამისთვის ვამზადებთ. საოცარი ემოციაა მართლა.