1963 წლის ნოემბრის ცივ დილას თევზმჭერი ხომალდი Ísleifur II-ს ეკიპაჟმა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა წყალში ბადეების გადაყრა, როდესაც შეამჩნია რომ რაღაც რიგზე არ იყო - ატლანტის ოკეანის ზემოთ უეცრად შავი მასა გამოჩნდა, ეკიპაჟმა რადიო ჩართო, რადგან იფიქრეს, რომ სხვა თევზმჭერი გემი იწვოდა, მაგრამ ახლომახლო უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

უეცრად გემმა გვერდზე დაიწყო გადახრა, რამაც ეკიპაჟი კიდევ უფრო შეაშინა. მზარეულმა კაპიტანი გააღვიძა - ეგონათ, მორევში ვარდებოდნენ. თუმცა ბინოკლით დაკვირვებისას, ცოტა ხანში დაინახეს, როგორ ამოხეთქა წყლიდან ნაცრის სვეტმა და მიხვდნენ, ზღვაში ვულკანი ამოიფრქვა.

განთიადისას მთლიანი ცა ფერფლით დაიფარა, ხოლო წყლის ზედაპირიდან ამაღლებული, ქედის ფორმის მასა ამოიზარდა, რომელიც მეორე დილით უკვე 10 მეტრის სიმაღლის იყო. კიდევ ერთ დღეში მისი სიმაღლე 40 მეტრს შეადგენდა...
ახლო მდებარე ვესტმანაეიის არქიპელაგის მცხოვრებლებს კიდევ დიდი ხანი მოუწიათ ყურება თუ როგორ ელავდა ზამთრის დაბინდულ ცაზე ვულკანური ლავა, ამოფრქვევა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეწყდა.
“სურტსის“ გაჩენამ მკვლევრებს უნიკალური შანსი მისცა დაჰკვირვებოდნენ, როგორ ჩნდება და ვრცელდება სიცოცხლე იმ ახალ მიწაზე, რომელსაც ადამიანის ხელი არ შეხებია.
“ძალიან იშვიათია ისეთი ამოფრქვევა, რომელიც კუნძულს ქმნის და რომელიც ამდენ ხანს ძლებს. ეს რეგიონში ყოველ 3 000–5 000 წელიწადში ერთხელ ხდება, უმეტესწილად მსგავსი კუნძულები ზღვაში მალევე ირეცხება,“ - აცხადებს გეოგრაფი ოლგა კოლბრუნ ვილმუნდარდოტირი ისლანდიის ბუნების სამეცნიერო ინსტიტუტიდან.
1960-იანი წლების შემდეგ სხვა კუნძულებიც გაჩნდა, მაგრამ ისინი ეკოლოგიურად სტაბილურები არ იყვნენ. “სურტსის“ წინამორბედი “ანაკ კრაკატაუს კუნძული“ ინდონეზიაში ადამიანების ჩარევის შედეგად მალევე დაბინძურდა. ამიტომ ისლანდიელებმა გადაწყვიტეს, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.
1965 წელს სურტსი ოფიციალურად სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა, მხოლოდ მეცნიერებსა და ჟურნალისტების მცირე ჯგუფს მიეცა საშუალება კუნძულზე ფეხი დაედგათ.

შემდგომ წლებში ტალღებმა ბევრი მცენარე მოიტანა, ზოგმა შიშველ ლავურ ქანებზე ფესვიც მოიკიდა. თუმცა ათი წლის შემდეგ ცვლილებები თითქოს შეჩერდა.

1980-იან წლებში შავი ზურგა თოლიები კუნძულის გარკვეულ ნაწილებში ბუდეების მოწყობას შეუდგნენ, ატლანტიკის ერთ-ერთ ყველაზე ქარიან რეგიონში მათ მოსვლამ სიცოცხლის ბუმი გამოიწვია - მცენარეთა თესლი, რომლებიც თოლიების ფეკალიებით ვრცელდებოდა, სწრაფად ავრცელებდა ბალახოვან საფარს, ხოლო ფრინველთა ნარჩენები ნიადაგს ამდიდრებდა. შიშველი ქანები პირველად გამწვანდა.
“ეს ცოცხალი ლაბორატორია გვასწავლის, რომ ეკოსისტემის აღდგენა არ მიჰყვება ერთიან პროგნოზირებად გზას, მას მრავალი, ზოგჯერ მოულოდნელი ფაქტორი აყალიბებს,“ - ამბობს მცენარეთა მეცნიერების განყოფილების დირექტორი პაველ ვასოვიჩი.


დღეს კუნძულს უკვე ახალი სტუმრები: ნაცრისფერი სელაპები ჰყავს, რომლებიც მას დასასვენებელ და გასამრავლებელ ადგილად იყენებენ. სელაპების მოსვლამ დიდი როლი ითამაშა სურტსის ბიომრავალფეროვნების ჩამოყალიბებაში. თუმცა მეცნიერები წინასწარმეტყველებენ, რომ კილომეტრის სიგრძის და 174 მეტრი სიმაღლის კუნძული ჯერ თავისი ბიოლოგიური განვითარების პიკს მიაღწევს და ერთ დღესაც უკუსვლა დაიწყება. ზღვის ეროზია ნელ-ნელა კუნძულის ნიადაგს დაშლის და საბოლოოდ ატლანტიკის ოკეანის მჩქეფარე ტალღებში მხოლოდ ეული კლდე დარჩება.
მაგრამ ყველაზე მთავარი გაკვეთილია, რომელსაც სურტსი გვასწავლის არს ის, რომ სიცოცხლე ყველაზე არახელსაყრელ და მკაცრ გარემოშიც კი შეიძლება გაჩნდეს და განვითარდეს.