მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთთან 1:4 დამარცხდა. ესპანეთთან უკიდურესად ცუდი თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდე უფრო უსუსური იყო თურქეთთან დაპირისპირებისას, რომლის შედეგითაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა. აქამდე მიღწეული წარმატებების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს ისევ უიმედობის განცდა გაუჩნდა - რეგრესი უკიდურესად დიდია. საქართველომ გადამწყვეტი მატჩი ისე წააგო თურქეთთან, წინააღმდეგობის იმიტაციაც კი ვერ მოახდინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ და მეორე ტაიმს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. მატჩი ისე დავიწყეთ, თითქოს მოგება ინტენსივობის და აგრესიული თამაშის გარეშე შეგვეძლო. თურქეთის ძალიან კარგი ნაკრების წინააღმდეგ კი, ეს შეუძლებელია.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას. ვფიქრობ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, ჩვენ ყველა კომფორტის ზონაში აღმოვჩნდით, საიდანაც გამოსვლა რთული აღმოჩნდა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, მნიშვნელოვანია, რომ რეალობა გულწრფელად მიიღო.
ბოლო 10 თვის განმავლობაში გვაკლია ის, რაც ჩვენს გუნდს ახასიათებდა - ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და პირველიდან ბოლო წუთამდე ისე თამაში, თითქოს ეს ცხოვრების ბოლო მატჩია. თუ გვსურს, რომ კვლავ გვქონდეს წარმატება მომავალში, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე გადამწყვეტ თამაშებში. სწრაფად უნდა მოვახდინოთ გადატვირთვა და დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში საჭიროა ბრძოლა შედეგის მისაღწევად. ბოლო პერიოდში ეს გვაკლია და, უახლოეს მომავალში, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება წარმოვადგინოთ ბევრად უკეთესი საქართველოს ნაკრები, ვიდრე ეს უკანასკნელ შეხვედრებში იყო“.
ნამატჩევს კომენტარები გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმაც.

"ვიცით, თუ რა რთული მდგომარეობაა, როცა დიდი გამარჯვებების შემდეგ, ესე ვეცემით, ეს არავის არ გვინდა. დარწმუნებული ვარ, არავის სიამოვნებს, როცა მოედანზე ის არ გამოგვდის, რაც შინაგანად გვინდა.
ქართველ ხალხს ყოველთვის გვქონდა რთული მომენტები და დარწმუნებული ვარ, ამ მარცხს და შეცდომებს გულღიად მივიღებთ და გამოვასწორებთ.
კლუბებში მივდივართ, მაგრამ იქაც საქართველოს ნაკრებზე უნდა ვიფიქროთ და იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რომლებიც დავუშვით, რათა მომდევ.ნო მატჩებში იგივე არ განმეორდეს", - განაცხადა მატჩის გატანილი ერთადერთი ქართული გოლის ავტორმა გიორგი ქოჩორაშვილმა.

"რაც გვინდოდა ის ვერ გავაკეთეთ. პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ.
ალბათ, ისე ვერ მოვემზადეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაგვემსახურებინა. გოლამდე თურქეთი უპირატესობას არ ფლობდა. გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
სტადიონზე სხვა ქიმია და ემოციები გვჭირდება, უნდა გამოვასწოროთ და გადავხედოთ, რა როგორ იყო. ჩვენც ისევე გვტკივა, როგორც თქვენ", - განაცხადა დავითაშვილმა.

"პირადად ფეხბურთელებს სულ სხვა მოლოდინები გვქონდა, მაგრამ წინა შეხვედრაშიც და დღესაც რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ალბათ, მეც და სხვა ფეხბურთელებმაც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წარმოვადგენთ, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ.
რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის დასასრული არ არის და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თუ სხვა საკვალიფიკაციოებზე შანსი გვექნება, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, რადგან მივხვდეთ რა გვჭირდება მოედანზე.
წარმოვადგენთ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თითქოს რაღაც ნაპერწკალი დავკარგეთ. ეს ნაპერწკალი სულ უფრო ქრება და აუცილებელი იქნება, რომ ის დავიბრუნოთ. სხვა გზა არ გვაქვს, არ უნდა დავნებდეთ, საკუთარ თავებზე მუშაობა და შრომა უნდა გავაგრძელოთ.
ამ ორ თამაშში დავეცით და ვერ შევძელით რაც გვინდოდა, მაგრამ ყოველთვის ახალი შანსი გეძლევა. წამოდგომა აუცილებელია და ახალი შანსი ძალიან მალე მოგვეცემა. მალე დადგება დრო, როდესაც ახალი მოლოდინები მოგვეცემა და ჩვენს შანსს ყოველთვის მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.
ფეხბურთში გამართლების არ მჯერა და ყოველთვის შენი შანსი უნდა გამოიყენო. ამიტომ მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთა ლიგას სულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ", - თქვა კიტეიშვილმა.
Whoscored: მამარდაშვილი 5.4, კაკაბაძე 6.8, ლოჩოშვილი 6.0, გოგლიჩიძე 6.1, გოჩოლეიშვილი 6.6, კიტეიშვილი 5.5, მექვაბიშვილი 6.0, ქოჩორაშვილი 6.7, დავითაშვილი 7.4, კვარაცხელია 6.8, მიქაუტაძე 5.6, ზივზივაძე 6.0, გაგნიძე 6.1, ლობჟანიძე 6.0.
Sofascore: მამარდაშვილი 6.1, კაკაბაძე 7.0, ლოჩოშვილი 6.3, გოგლიჩიძე 6.5, გოჩოლეიშვილი 6.8, კიტეიშვილი 6.1, მექვაბიშვილი 6.5, ქოჩორაშვილი 7.0, დავითაშვილი 7.7, კვარაცხელია 6.8, მიქაუტაძე 6.3, ზივზივაძე 6.4, გაგნიძე 6.4, ლობჟანიძე 6.6.
Flashscore: მამარდაშვილი 5.3, კაკაბაძე 7.0, ლოჩოშვილი 6.0, გოგლიჩიძე 6.2, გოჩოლეიშვილი 6.3, კიტეიშვილი 6.1, მექვაბიშვილი 6.1, ქოჩორაშვილი 6.8, დავითაშვილი 7.3, კვარაცხელია 6.5, მიქაუტაძე 5.9, ზივზივაძე 5.9, გაგნიძე 6.5, ლობჟანიძე 6.2.
იხილეთ ასევე: