ავტორი:

12 ქართული ფილმი, რომელმაც მსოფლიო აღიარება დაიმსახურა

12 ქართული ფილმი, რომელმაც მსოფლიო აღიარება დაიმსახურა

ძმებ ლუმიერების მიერ შექმნილი, ხელოვნების ახალი მიმართულების, კინემატოგრაფის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველო ყოველთვის მიჰყვებოდა მსოფლიო, განსაკუთრებით, ევროპული კინოს სტანდარტებს. საქართველოში პირველი ფილმი "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 1912 წელს გადაიღეს. მას მერე ქართულ კინოს მსოფლიო რეზონანსიც გამოუწვევია და არაერთი აღიარებაც მიუღია.

შევაგროვეთ ყველა ქართული ფილმი, რომლებმაც მსოფლიოში მიჩნეული ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების მიერ აღიარება დაიმსახურეს, ანუ მთავარი ჯილდოები მოიპოვეს ან ნომინანტები იყვნენ.

  • "მაგდანას ლურჯა" (1956)

რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე

მოკლე შინაარსი: ქვრივი მაგდანას შვილები მიხო და კატო გზაზე მომაკვდავ ვირს პოულობენ. მას მოიშინაურებენ, მოუვლიან და "ლურჯას“ დაარქმევენ. ვირმა მრავალშვილიანი მაგდანას შრომა უფრო მარტივი გახადა. მისი დახმარებით მაგდანა ქალაქში რძეს და მაწონს დაატარებდა. თუმცა ოჯახის ბედნიერი ყოფა, დროებითი აღმოჩნდა.

ჯილდო: კანის ფესტივალის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (1956).

  • "თეთრი ქარავანი" (1964)

რეჟისორები: ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა

მოკლე შინაარსი: გამოცდილი მწყემსი, მარტია ახლოური, სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს.

ჯილდო: კანის ფესტივალის პალმის რტოს ნომინანტი (1964)

  • "გიორგობისთვე" (1966)

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

მოკლე შინაარსი: ახალგაზრდა ბიჭებს, ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს, ნიკო კი ქარხანაში მძვნინვარე კორუფციას ვერ ეგუება.

ჯილდო: კანის ფესტივალის ფიპრესის ჯილდოს გამარჯვებული (1968).

  • "პასტორალი" (1975)

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

მოკლე შინაარსი: თბილისელი მუსიკოსები ზაფხულში დასასვენებლად სამეგრელოს სოფელში ჩადიან, სადაც წააწყდებიან ადგილობრივთა მეშჩანურ ცხოვრებას. ადგილობრივები სოფლის იდილიური ცხოვრების მაგივრად, ბრაკონიერობენ, კორუფციაში არიან გარეულნი და ა.შ.

ჯილდო: ბერლინის ფესტივალის ფიპრესის ჯილდო (1982).

  • "მონანიება" (1984)

რეჟისორი: თენგიზ აბულაძე

მოკლე შინაარსი: პატარა ქალაქის დესპოტური მერის, ვარლამის, გარდაცვალების შემდეგ, მისი ცხედარი, შვილს მიწიდან ამოთხრილი ხვდება. შემდეგ საიდუმლოდ ისევ დამარხავენ, მაგრამ ცხედარი მაინც ბრუნდება.

ჯილდო: კანის ფესტივალის პალმის რტოს ნომინანტი, ჟიურის პრიზისა და ფიპრესის ჯილდოს გამარჯვებული (1987). "ოქროს გლობუსის" საუკეთესო უცხოური ფილმი (1988).

  • "ახალგაზრდა კომპოზიტორი მოგზაურობა" (1985)

რეჟისორი: გიორგი შენგელაია

მოკლე შინაარსი: 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდგომ ქაოსში გახვეულ სოფლებში, ქართული ხალხური სიმღერების შესაკრებად მოგზაურობს ახალგაზრდა კომპოზიტორი.

ჯილდო: ბერლინის ფესტივალის საუკეთესო რეჟისურისთვის, ვერცხლის დათვის გამარჯვებული (1986).

  • "უძინართა მზე" (1993)

რეჟისორი: თემურ ბაბლუანი

მოკლე შინაარსი: ექიმი გელა ბენდელიანი მრავალი წელია კიბოს საწინააღმდეგო წამლის შექმანზე მუშაობს, მაგრამ მისი ნაშრომი არავის აინტერესებს, მათ შორის მის ოჯახს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მის ვაჟს, მამამისის ოცნების განხორციელება სურს და პოულობს ცოცხლად გადარჩენილ და განკურნებულ საცდელ ვირთხას.

ჯილდო: ბერლინის ფესტივალის ოქროს დათვის ნომინანტი; განსაკუთრებული არტისტული წვლილისთვის ვერცხლის დათვის გამარჯვებული (1993).

  • "ყაჩაღები თავი VII" (1996)

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი:

მოკლე შინაარსი: ფილმი აერთიანებს სამ სხვადასხვა პერიოდში განვითარებულ ამბავს. ომში და ანარქიაში მოცული 90–იანების თბილისი, სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირი და მე-16 საუკუნის საქართველო. სხვადასხვა პერიოდის ჭრილში მოყოლილია ტირანების, მმართველებისა და ყაჩაღების ამბები, რომელიც დროის მიუხედავად უცვლელი რჩება.

ჯილდო: ვენეციის ფესტივალის ოქროს ლომის ნომინანტი; ჟიურის განსაკუთრებული პრიზის გამარჯვებული (1996).

  • "მანდარინები" (2013)

რეჟისორი: ზაზა ურუშაძე

მოკლე შინაარსი: 1992 წელია, აფხაზეთში ომი მძვინვარებს. ესტონელი კაცი, სახელად ივო კი წასვლას არ აპირებს, რჩება თავის მიწაზე და მანდარინები მოჰყავს. სისხლისმღვრელი კონფლიქტის შედეგად ივოს უწევს ორი დაჭრილი ჯარისკაცის შეფარვა, თუმცა აღმოჩნდება რომ ისინი ომში, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იბრძვიან.

ჯილდო: ოსკარის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინანტი; "ოქროს გლობუსის" საუკეთესოს უცხოური ფილმის ნომინანტი (2015).

  • "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (2017)

რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი, საიმონ გროსი

მოკლე შინაარსი: რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრების შეცვლის მიზნით, 52 წლის მანანა მხეიძე, მის გარშემომყოფთა შოკის ფონზე, ოჯახს მიატოვებს და ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრებას გადაწყვეტს.

ჯილდო: სანდენსის ფესტივალის ჟიურის პრიზის ნომინანტი (2017).

  • "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?" (2021)

რეჟისორი: ალექსანდრე კობერიძე

მოკლე შინაარსი: ქუთაისში, ზაფხულის სასიყვარულო ურთიერთობისა და მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფერო იგრძნობა. რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ფარმაცევტი ლიზა და ფეხბურთელი გიორგი პაემნის დაგეგმვას აპირებენ, თუმცა ერთ დღესაც ისინი მაგიურად ტრანსფორმირებულები იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ ცნობენ.

ჯილდო: ბერლინის ფესტივალის ოქროს დათვის ნომინანტი; ფიპრესის ჯილდოს გამარჯვებული (2021).

  • "აპრილი" (2024)

რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი

მოკლე შინაარსი: გინეკოლოგი ნინა საქართველოს სოფლებში დადის და არალეგალურ აბორტებს ატარებს. როცა მშობიარობისას ახალშობილი დაიღუპება, ნინას საწინააღმდეგოდ გამოძიება იწყება და არსებობს საშიშროება, რომ მისი უკანონო საქმიანობაც გამჟღავნდეს.

ჯილდო: ვენეციის ფესტივალის ოქროს დათვის ნომინანტი; ჟიურის პრიზის გამარჯვებული (2024).

  • მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა