ეს ამბავი 94 წლის ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძეზეა, რომელიც ორი დღის წინ, ესპანეთში, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას დაესწრო. ქალბატონი ანერი, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა აქვს მოსხმული და ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მაისური აცვია, საქართველოს სიყვარულისა და ენერგიის საოცარი მაგალითია.

ესპანეთში, ქალიშვილთან, ხათუნა ჯაფარიძესთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა, როგორც ხათუნა გვიამბობს, დედამისი, რომელიც პროფესიით პედაგოგი და მსახიობი იყო, დღემდე აქტიურ ცხოვრებას ეწევა.
კითხულობს, ვარჯიშობს, მისდევს იოგას და, რაც მთავარია, მუდმივად ქართული ამბების საქმის კურსშია. მისი გული სამშობლოსთვის, ქართული ფეხბურთისთვის და განსაკუთრებით გიორგი მამარდაშვილისთვის ძგერს, რომელთანაც მათ ოჯახს განსაკუთრებული, თბილი ურთიერთობა აკავშირებს

- 1999 წელს, 9 წლის შვილთან ერთად დავტოვე საქართველო, პატარა გოგო ვიყავი, მეუღლეს დაშორებული. აქ ქართველ ოჯახთან, ქართული კლასიკური ჭიდაობის დამსახურებულ სპორტსმენ სიმონ ლოლაძის ოჯახში ჩამოვედი. შვილივით მიმიღეს, მათთან ვცხოვრობდი ერთი წელი. შემდეგ საბუთები გავაკეთე, ძალიან კარგ ესპანურ ოჯახში მოვხვდი, სამკერვალო ჰქონდათ და მათთან ვმუშაობდი. 2004 წელს მეორედ დავოჯახდი ესპანელზე, მეორე შვილი გოგონა შემეძინა, ახლა 17 წლის არის და ძალიან კარგად იცის ქართული. რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, საოცარი ფოტო არქივი მაქვს მეც. 2004 წელს როდესაც "ვალენსია" ჩემპიონი გახდა, მე სადაც ვცხოვრობდი, იმ ოჯახის წევრი აქაური "მეცხრე არხის" ჟურნალისტი იყო და მისი საშუალებით შევძელი და იმჟამინდელ ლეგენდებთან ფოტოები მეც მაქვს გადაღებული.
- დედა როდის წაიყვანეთ ესპანეთში.
- საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი ესპანელ მეუღლესთან ერთად. რვა წლის წინ დედა ძალიან ცუდად გახდა. საქართველოში გვითხრეს, რომ სახლში გაგვეყვანა და იქ დაელია სული. დედისერთა ვარ... მე ვთქვი, არ არსებობს ესპანეთში უნდა წავიყვანო-მეთქი. აქ ძალიან კარგად არის. ვალენსიაში ჩემს სახლში ყოფნა არ უყვარს. აგარაკი გვაქვს სოფელში და იქ არის ხოლმე.
- დედაზე მოგვიყევით, როგორც ვიცი, მსახიობი იყო.
- დედას ძალიან დიდი ისტორია აქვს, თან ყველაფერი ახსოვს. სამი წლის იყო მამა რომ ციმბირში მეორედ გადაუსახლეს, პირველად რომ გადაასახლეს, მაშინ დედა დაბადებული არც იყო. მეექვსე კლასიდან დედასთან ერთად რაიონიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლა იქ დაამთავრა, ორი უნივერსიტეტი, პედაგოგია პროფესიით და მსახიობით. პირადად იცნობდა ძველი თაობის მსახიობებს, ასევე დიდ მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას. შემდეგ დედა რაიონში გაანაწილეს, ზესტაფონის თეატრში მუშაობდა. შემდეგ რკინიგზის კლუბის გამგე იყო, ასევე მუშაობდა წყალტუბოში. დედა ასევე საოცრად წერს, რამდენი წელია ვამბობ, რომ მისი ლექსები გამოვუშვა.

- როგორ უძლებს ნოსტალგიას...
- სულ საქართველოშია, უყურებს ქართულ არხებს. ყველაფრის საქმის კურსშია, სპორტი, პოლიტიკა. სულ ამაზე საუბრობს...
- რატომ ატარებს გიორგი მამარდაშვილის მაისურს?
- ჩვენი ფეხბურთთან შეხება მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე "ვალენსიას" უნდა ეყიდა და სამკურნალოდ ჩამოიყვანეს. მუხლზე ჰქონდა დაზიანება. მაშინ დამიკავშირდნენ და მითხრეს მის შესახებ. ჩავაკითხე და მანქანით წამოვიყვანე. გზად ვუთხარი რომ აგარაკზე ვიყავით, რატომ უნდა იარო ამხელა გზაზე, ჩვენთან იცხოვრე-მეთქი. ასევე გავიცანით გიორგი ქოჩორაშვილი... ერთ დღეს დამიკავშირდნენ, 19 წლის ბიჭი ჩამოვიდა საქართველოდან გიორგი მამარდაშვილი და როგორც კოხრეიძეს დაეხმარე, თუ შეგიძლია ამასაც დაეხმაროო. ტრადიციად დაგვრჩა, როდესაც არ უნდა ვესტუმრო ახლა, გიორგის ყავას თავისი ხელით მიმზადებს.

- თქვენთან ცხოვრობდა გიორგიც?
- არა, მაგრამ პირველი შეხება ქალაქთან ვალენსიაში გამოსვლა, პირველი ნაბიჯები, ყველაფერი გვაკავშირებს. მანამდე იმდენი ჩამოვიდა, გიორგიზეც ვფიქრობდი, ვასწავლიდი რაღაცებს, პატარა ბიჭი იყო, უცხო ქვეყანაში ჩამოსული და წავიდოდა... გიორგი საოცარი ადამიანია. უთბილესი ბიჭი. ვგიჟდები მის მეუღლეზე, ელენეზე, საოცარი გოგოა.
ნათესავები არ ვართ, მაგრამ დღემდე ახსოვს ჩვენი ოჯახი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის ვახსოვართ.

- დედა ორი წლის წინაც დაესწრო საქართველოს თამაშს...
- ძალიან უყვარს ფეხბურთი. ახლაც ცუდი ამინდი იყო გამოცხადებული და მაინც მთხოვდა, წაყვანას. ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რამე რომ მოხდეს, ჩვენ რამეს ვიზამთ და ამ ქალს რა ვუყოთო. ახლაც თვენახევრის გამოყვანილი გვყავს საავადმყოფოდან...

რა უნდა დავაძინოთ, ვცადოთ-მეთქი. სათვალეს საერთოდ არ ხმარობს, სულ კითხულობს, რამეს უყურებს ან ჩანაწერებს აკეთებს. ასევე ვარჯიშობს, მისდევს იოგას. პატარა რომ ვიყავი ამაზე ვიცინოდი ხოლმე და ახლა ვფიქრობ, ნეტა მეც იგივე გამეკეთებინა. შარშანწინ აქ სპორტდარბაზშიც დადიოდა.

- წაგებაზე როგორ რეაგირებს?
- ერთ ამბავშია, ჩხუბობს... ძალიან უყვარს ქართული ფეხბურთი, ახლაც სტადიონზე რომ მივიყვანე, დროშა დაინახა, მეც მინდაო და დავახატეთ.
სტადიონზე რომ ვართ ყველა ჩვენ გვიყურებს. ამ ასაკის ხალხი არც დადის იქ. როგორც გითხარით, ჩემი მეუღლე ესპანელია. ახლაც ესპანეთის გულშემატკივრებთან ერთად ვისხედით. იმდენად უყვართ მამარდაშვილი ესპანელებს რომ მის გაჩერებულ ბურთებზე ტაშს უკრავდნენ. არადა, მე მეუღლეს ვეუბნებოდი, ტაში არ დაუკრა ესპანეთის გოლებზე თორემ გაგშორდები-თქო.

ცოტა ხნის წინ, გიორგი მამარდაშვილმა დამირეკა, ფეხბურთის ფედერაციიდან უნდა შენთან დაკავშირებაო. დამირეკეს და მითხრეს, რომ დედას საჩუქარს გამოუგზავნიან.
დედა ესპანეთში ცხოვრობს ფიზიკურად, დანარჩენი სულ თავის სამშობლოზე ლაპარაკობს, თავის სოფელზე, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა. ძალიან უყვარს მანოლო - ჩემი მეუღლე. დედა ქართულად ესაუბრება, მანოლო კი - ესპანურად.
მამა ვერასოდეს ჩამოვიყვანე ისე დაიღუპა და ამაზე გული მწყდება. მახსოვს, პირველი ხელფასი რომ ავიღე ესპანეთში, სოფელში ჭა გავჭერი, ყველაფერი გავუკეთე იქ და ამიტომაც უჭირდა შემდეგ იმ სახლის დატოვება.