ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტო ავრცელებს.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის რეგიონი და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მაღალ ფასს იხდიან ალკოჰოლისთვის, რაც ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარდა, ეკონომიკური ზიანიც მნიშვნელოვანია," - განაცხადა დოქტორმა გუნდო ვეილერმა.
„ზოგი ალკოჰოლს „კულტურულ მემკვიდრეობას“ უწოდებს, თუმცა დაავადება და სიკვდილი ევროპული კულტურის ნაწილად არ უნდა იქნეს მიჩნეული“, - დასძინა მან.
მკვლევარები თვლიან, რომ ალკოჰოლი კიბოს რამდენიმე მექანიზმით იწვევს, მათ შორის ჰორმონალური დონის შეცვლით, ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებებით და დნმ-ის დაზიანებით, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური სტრესით.
ანგარიშის თანახმად, ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია „სარისკო“ სმასთან (დღეში ორიდან ექვს ჭიქამდე) და „ჭარბ“ სმასთან (დღეში ექვს ჭიქაზე მეტი). თუმცა, „ზომიერი“ ალკოჰოლის მიღებაც კი (დღეში ორ ჭიქაზე ნაკლები) 2020 წელს მსოფლიოში კიბოს 100 000-ზე მეტი ახალი შემთხვევის მიზეზი გახდა.
IARC-მა (კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო) მოითხოვა ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა გადასახადების გაზრდა და ალკოჰოლის მოხმარებისთვის კანონით გათვალისწინებული ასაკის ამაღლება, ასევე ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის სიმჭიდროვის შეზღუდვა, გაყიდვების საათების ან დღეების შეზღუდვა, ალკოჰოლური სასმელების მარკეტინგის აკრძალვა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი ალკოჰოლის გაყიდვების დანერგვა.
"ალკოჰოლის კიბოს რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ის ფაქტი, რომ ალკოჰოლის არც ერთი დონე არ არის უსაფრთხო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დოქტორმა ბეატრის ლაბი-სეკრეტანმა, IARC-ის მტკიცებულებების სინთეზისა და კლასიფიკაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.