შვეიცარიული გამოცემის 24heures-ის ცნობით, მიხაელ შუმახერი მომვლელი ექთანი, რომელიც გლანში მდებარე მის შვეიცარიულ სასახლეში ცხოვრობდა, მრბოლელის შვილის მეგობარმა სასახლეში გამართული წვეულების შემდეგ გააუპატიურა.

ინციდენტი 2019 წელს მომხდარ ფაქტს ეხება, თუმცა საჩივარი 2022 წელს იქნა შეტანილი, ხოლო საქმე სასამართლოში ამ კვირას განიხილება
პროკურატურის ინფორმაციით ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცი, რომელიც წვეულების დროს შუმახერების ოჯახში იმყოფებოდა, ექთნის ოთახში შევიდა და იმ დროს უგონოდ მყოფ ქალზე იძალადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს, რომელიც თავადაც პროფესიონალი მრბოლელია, ახლო მეგობრობა აქვს მიხაელის შვილთან მიკისთან, თუმცა შუმახერის ოჯახის არცერთი წევრი გამოძიებაში არ ფიგურირებს.
პროკურორების ვერსიით, 2019 წლის 23 ნოემბრის საღამოს ექთანი და ბრალდებული ერთმანეთს, ჟენევის ტბის ნაპირზე მდებარე მიხაელ შუმახერის დიდ რეზიდენციაში შეხვდნენ. ბრალდებული ამტკიცებს რომ ქალთან ურთიერთობა მანამდეც ჰქონდა, თუმცა დაზარალებული ამ ფაქტს უარყოფს. საღამოს ექთანმა კოლეგებთან და მრბოლელთან ერთად ბილიარდის თამაში დაიწყო, თუმცა მალევე თავი ცუდად იგრძნო და სხვების დახმარებით საწოლ ოთახში წავიდა დასასვენებლად. დოკუმენტების მიხედვით, მოგვიანებით ბრალდებული მის ოთახში შევიდა და ქალზე სექსუალურად იძალადა.
ექთანმა საჩივარი 2022 წლის იანვარში მას შემდეგ შეიტანა, რაც შუმახერის ოჯახმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.


56 წლის შვიდგზის ფორმულა 1-ის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, 2013 წლის დეკემბერში საფრანგეთის ალპებში მიღებული მძიმე თავის ტვინის ტრავმის შემდეგ საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. მკურნალობის პროცედურებს მთლიანად მისი მეუღლე, კორინა შუმახერი მართავს, თავად მრბოლელი კი 24-საათიან სამედიცინო ზედამხედველობას საჭიროებს და მუდმივად ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე საკუთარ სახლში იმყოფება.