ავტორი:

"ვაგონში დაჯდა თუ არა, მომენტალურად გალურჯდაო... შვილიც თან ახლდა" - რას ჰყვებიან მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე თვითმხილველები

"ვაგონში დაჯდა თუ არა, მომენტალურად გალურჯდაო... შვილიც თან ახლდა" - რას ჰყვებიან მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე თვითმხილველები
  • განახლება: 20:50

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება ყველა სადგურზე განახლდა.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა, აღნიშნულის გამო, მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ვარკეთილი” დროებით ვერ ემსახურებოდნენ მგზავრებს.

თვითმხილველები Ambebi.ge-ს უყვებიან, რომ 55 წლამდე ასაკის მამაკაცს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. მათი თქმით, შემთხვევის დროს მასთან ერთად შვილიც იმყოფებოდა.

"ყველაფერი უცებ მოხდა, გაუჩერდა გული. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. დიდხანს გულის მასაჟს უკეთებდნენ. ცდილობდნენ, გულის ამუშავებას, თუმცა უშედეგოდ, უკვე გარდაცვლილი იყო. 55 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო. ვაგონში დაჯდა თუ არა, გალურჯდა მომენტალურადო, მაშინვე მიიღეს ზომები, შვილიც თან ახლდა. ალბათ ამიტომ დასახელდა გულით გარდაცვალება, რომ ლურჯი ფერი მიიღო. საშინელება იყო, სასწრაფოს ექიმი დავინახე ბოლომდე მასაჟს უკეთებდა" - გვიყვებიან თვითმხილველები.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შემთხვევიდან მალევე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო რამდენიმე მეტროსადგური არ ფუნქციონირებდა.

"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს" - ეწერა განცხადებაში.