რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციაზე იმყოფება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ მისთვის „სრულიად უმნიშვნელოა“ რა განჩინებას გამოიტანს საპატრიარქოში კომისია, რომელზეც ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს არის დაბარებული.
დოროთე ყურაშვილმა ისაუბრა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზეც და თქვა, რომ ის მისთვის „უკვე ძმაც არ არის და მისგან არანაირ სიკეთეს“ არ ელის.
"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან, რას გამოიტანენ, იქნება ეს სასჯელი თუ არ იქნება. მე ერთადერთი მაინტერესებს - რას ამბობს ჩემზე ღმერთი და რას ამბობს ჩემზე ხალხი. რაც შეეხება მამა ანდრია ჯაღმაიძეს, მან მე "ტვ იმედის" ეთერში ბრალი დამდო, ნუ ძალადობო. როდესაც მთავრობა ეძებს მოძალადეებს და როცა მღვდელი მღვდელზე ამბობს ტელევიზიით, ნუ ძალადობთო, ეს არის ბრალდება და ის ჩემთვის უკვე არც ძმა არის და მისგან არანაირ სიკეთეს არ ველი. მე მათ არ დავუთმობ ეკლესიას, რუსეთს ეკლესიას არ დავუთმობ, სისხლით მოტანილ ეკლესიას არ დავუთმობ რუსეთს. ჩვენი ეკლესია იქნება ხალხის, რადგან ხალხის მოტანილია აქამდე, ამიტომ ისინი რა განჩინებას გამოიტანენ, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.



