სატელევიზიო შოუ "ბელარუსის VOICE" - ის ყოფილი მონაწილე ვერა კრავცოვა მიანმარში ოქტომბრის დასაწყისში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ის საერთაშორისო თაღლითებისა და ადამიანებით მოვაჭრეების მსხვერპლი გახდა.
Oxu.az-ის ცნობით, 26 წლის მინსკელი გოგონა სამოდელო ბიზნესში სამუშაოდ ტაილანდში გაემგზავრა. ბანკონგიდან, სადაც მას მსოფლიო პოდიუმების დაპყრობას ჰპირდებოდნენ, მოტყუებით მიანმარში (ბირმა) გადაიყვანეს, სადაც თაღლითურ სქემაში მონაწილეობას აიძულებდნენ.

რუსეთის მოქალაქე 24 წლის დაშინემა ოჩირნიმაევა, რომელიც, როგორც ამბობს, ვერასთან ერთად იმყოფებოდა და რუსი დიპლომატების ჩარევის შედეგად გადარჩა, ტელეგრამ-არხ Mash-თან დეტალურად მოჰყვა ყველაფერს, რაც ბელარუსი გოგოს შესახებ იცოდა.
მისი თქმით, ვერა გამოეხმაურა განცხადებას და ჩავიდა ტაილანდში, რათა მოდელად ემუშავა. თუმცა ყველაფერი არასწორად წავიდა - 20 სექტემბერს გოგო გადაიყვანეს მეზობელ მიანმარში. ფაქტობრივად, მონად გაყიდეს.
"გოგონებს, რომლებსაც კარგი გარეგნობა აქვთ, აიძულებენ შექმნან ყალბი ექაუნთები, დაუკავშირდნენ შეძლებულ მამაკაცებს და ყველა ხერხით დაარწმუნონ ისინი, ჩადონ ფული სხვადასხვა თაღლითურ პროექტში, ეს არის ქოლ ცენტრები, რომლებიც ერთი დიდი თაღლითური სქემის ნაწილია. გატაცებულ ქალებს ემუქრებიან ორგანოების ამოღებით, აიძულებენ პროსტიტუციით დაკავებას, როდესაც ისინი თაღლითური ზარების დროს ონლაინ მსხვერპლებისგან საკმარისი თანხის გამომუშავებას ვერ ახერხებენ", - ამბობს ქალი გამოცემასთან.
ცნობილია, რომ მიანმარის სასაზღვრო ზონაში უკანონო ქოლ-ცენტრებს ჩინური დაჯგუფებები და ბირმული შეიარაღებული ფორმირებები მართავენ. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილებში ერთდროულად 100 000-მდე მსგავსი მონაქალი შეიძლება ცხოვრობდეს
უცნობია, ზუსტად რა მოხდა ვერასთან დაკავშირებით. მასთან კონტაქტი 4 ოქტომბერს დაიკარგა. მალევე ოჯახს აცნობეს, რომ გოგონა გარდაიცვალა და გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა ცხედრის სანაცვლოდ ნათესავებისგან 500 ათასი დოლარი მოითხოვეს. მას მერე, რაც ოჯახმა უარი თქვა თანხის გადახდაზე, მათ აცნობეს, რომ გოგონას სხეული უკვე კრემირებული იყო.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგონას ორგანოები გაყიდეს, რის შემდეგაც სხეული კრემაციის გზით სრულად გაანადგურეს.

გოგონა 1999 წელს დაიბადა მინსკში და დაამთავრა №85 სკოლა, რის შემდეგაც ჩააბარა მოლოდეჩნოს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
მისი პროფილი სოციალურ ქსელ Вконтакте-ში ამ პერიოდისათვის სავსეა იმჟამინდელი და ასაკისთვის დამახასიათებელი ფოტოებით.
გოგონა კარგად მღეროდა და სცენაზე მოხვედრას ცდილობდა, 2017 წელს მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროექტ "ბელორუსიის ხმაში".

ვერა აზიაში მანამდეც იყო ნამყოფი. პირველად იქ 2018 წელს მოხვდა - ჩინეთის გავლით სინგაპურში, თუმცა მალევე დაბრუნდა უკან. .
როგორც ჩანს, ტაილანდში ვერა რუსეთიდან გადავიდა. რუსულ გაცნობის საიტზე Mamba-ზე დღესაც იძებნება მისი ანკეტა, სადაც საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს სანქტ-პეტერბურგი.
ვერას "ინსტაგრამის" ბოლო პოსტის ქვეშ კომენტარები დატოვებული აქვთ მის მშობლებს "ჩემო საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება", - წერს დედამ 8 სექტემბერს.
"მიყვარხარ. შენ აუცილებლად მოახერხებ ყველაფერს", - წერს მამობილი.
გავრცელებული ცნობით, გოგონები მოდელად მუშაობის შეთავაზებას Telegram-ის საშუალებით იღებენ.