ავტორი:

“ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია - ფინეთში გიწვევთ“ - ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს

“ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია - ფინეთში გიწვევთ“ - ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ფინეთში იწვევს.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანას. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ვარიანტებიდან არჩევანი გააკეთონ“, - წერს ელინა ვალტონენი X-ზე.

  • ამასთან, ვალტონენს მაგალითად ჰელსინკის დასკვნითი აქტის (1975) ორი მუხლი მოჰყავს.

„ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, მე ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას დააკვირდეთ.

P.S. ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია“, - მიმართავს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს.

  • საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. აღნიშნული განცხადება გუშინ, 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

“გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. მან ვიდეო X-ზე გამოაქვეყნა სადაც აღნიშნავს, რომ იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა

.“მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება“, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ფინურმა მედიამ დაწერა სტატია, სადაც მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მან გააუქმა.

იხილეთ ასევე: