29 წლის მოდელი და ბიზნესმენი, პამელა ჯენინი მილანში საკუთარ ბინაში სასტიკად მოკლეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ქალი ყოფილმა პარტნიორმა, 52 წლის ჯანლუკა სონჩინმა, ბინის აივანზე 24-ჯერ დაჭრა დანით.
დანაშაული 14 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, მილანის გორლას რაიონში მოხდა. მეზობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალის სასოწარკვეთილი კივილის ხმა გაიგონეს - "დამეხმარეთ! დამეხმარეთ!“ - ყვიროდა ის. სამწუხაროდ, პოლიციის მისვლისას ყველაფერი უკვე დასრულებული იყო.
"სონჩინი ბრალდებულია განზრახ მკვლელობაში, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელი გარემოებებით, კერძოდ: ფემიციდისა და დევნის ნიშნით.

მოკლული პამელა ჯენინი ცნობილი იყო როგორც მოდელი და რეალითი შოუს "ადამისა და ევას კუნძულის“ მონაწილე. იგი ასევე იყო საცურაო კოსტიუმების ბრენდის SheLux-ის თანადამფუძნებელი და უძრავი ქონების ბიზნესის მფლობელი.
ჯენინის სხეულზე დაფიქსირდა კისრის, ზურგის, გულმკერდისა და ხელების არეში 24 ჭრილობა, რაც მიუთითებს თავდასხმის უკიდურეს სისასტიკეზე.
სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, სონჩინმა ბინაში შესაღწევად დუბლირებული გასაღები გამოიყენა, რომელიც მან რამდენიმე კვირით ადრე დაამზადა. მეზობლებისა და მეგობრების ჩვენებებით დგინდება, რომ მამაკაცი ქალს მუდმივად აკონტროლებდა, ემუქრებოდა და უთვალთვალებდა.

ჯენინის მეგობრების თქმით, მათი ურთიერთობა ბოლო თვეებში დაძაბული იყო და ქალი სონჩინთან ოფიციალურად დაშორებას გეგმავდა. 2010 წელს სონჩინი უკვე ფიგურირებდა ფინანსურ პოლიციასთან დაკავშირებულ საქმეში - ის ბრალდებული იყო საგადასახადო თაღლითობაში და ავტომობილების გაყალბებულ გაყიდვებში მონაწილეობაში.