"მჯერა ბედისწერის. შემთხვევით, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ჩემი აზრით, ადამიანი მთელი ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებაშია. თუ გონის ძაფს გაჰყვები, მიხვდები, რომ რაღაცები შენ მიღმა ხდება, იქ, სადაც თვალი და გული არ მიგიწვდება... სიმბოლოების, სიტყვის სიძლიერის, ციფრების, სიზმრების მჯერა. ვიცი, ამას ცრუმორწმუნეობას ეძახიან, მაგრამ მაშინ რით ავხსნა ის უცნაურობები, რაც ჩემს ცხოვრებას უკავშირდება?! მე და ჩემი მეუღლე, რამაზ ვადაჭკორია, 11 წელი ერთად ვცხოვრობდით. 11 რიცხვში დავასაფლავე რამაზი, დედაც 11 რიცხვში დავკრძალეთ" – ეს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის მედეა ბიბილეიშვილის სიტყვებია, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი. უცნაურია, რომ მსახიობი 66 წლის ასაკში 2008 წლის მაისში ასევე 11 რიცხვში გარდაიცვალა...ულამაზესი იყო მედიკო, - მის შეფასებას ყველა ასე იწყებს.
მსახიობის სახე ცოცხლად, სულ სამმა ქართულმა ფილმმა შემოინახა. ფაქტია, რომ კინორეჟისორები ნაკლებად სწყალობდნენ, თუმცა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო როლი აქვს ნათამაშევი. წელს, 31 აგვისტოს მას 85 წელი შეუსრულდებოდა. მედეა ბიბილეიშვილის გახსენება მის მეგობარს და კოლეგას მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს ვთხოვეთ.
- მედეა ერთ-ერთი საინტერესო მსახიობი გახლდათ, რომელიც სხვადასხვა როლებს თამაშობდა. მიდრეკილება ჰქონდა ლირიკული, რომანტიკული როლების მიმართ, მაგრამ როცა კომედიაში ითამაშა, აღმოჩნდა, რომ თურმე კომედიის შესანიშნავი მსახიობიც იყო... იმდენად ლამაზი იყო, რომ ეს ლირიკულობა და რომანტიკულობა სილამაზესთან ერთად, მის პერსონაჟებს ძალიან უხდებოდა. თეატრში ჩემზე ადრე მივიდა. მე ის 1970 წელს გავიცანი, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა. იმ დროისთვის უკვე ბევრი როლი ჰქონდა ნათამაშევი. მერე ერთ სპექტაკლში - „დონ კარლოსში“ ერთად გაგვანაწილეს, მედიკო დედოფალს თამაშობდა, მე სეფე ქაებში ვიყავი... ფილმზე, სპექტაკლზე მუშაობა, რეპეტიციები მსახიობებს ერთმანეთს აახლოებს და მაშინ დავმეგობრდით. სახლში მიმიწვია, არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა. ექიმები იყვნენ - დედა (თამარ გურაბანიძე) - ვენეროლოგი, მამა - ცნობილი გინეკოლოგი დავით (დათიკო) ბიბილეიშვილი. წარმოიდგინეთ, რომ სოფიკო ჭიაურელი მის ხელში იყო დაბადებული.

მედიკოს მშობლები თეატრის საოცარ მოყვარულები იყვნენ. დათიკოს თეატრში თავისი ადგილი ჰქონდა. დარბაზში არსებობდა ექიმის სკამი და ეს იყო მისი - ყველა სპექტაკლზე, პრემიერაზე, გასინჯვაზე იქ იჯდა ხოლმე. ძალიან სტუმართმოყვარე და კარგი ოჯახი ჰქონდათ. დავით ბიბილეიშვილი სესილია თაყაიშვილთან და საერთოდ მსახიობებთან მეგობრობდა. მეგობრობდა ასევე მარინა თბილელთან და კაკო დვალიშვილთან. მარინე ბაია დვალიშვილიც მის ხელშია დაბადებული და საერთოდ თეატრის მსახიობების შვილების, შვილიშვილების დაბადება სულ დათიკო ბიბილეიშვილს უკავშირდებოდა. მედიკო გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი გახლდათ, ძალიან მეგობრული, კეთილი, გულიანი ადამიანი იყო. რომ გაიგებდა, ვინმეს რამე პრობლემა ჰქონდა, ყველანაირად ეხმარებოდა...

- სამწუხაროა, რომ თეატრიდან ადრე გამოუშვეს...
- კი, თეატრმა ძალიან ცუდი საქმეები გააკეთა. მაშინდელმა თეატრის ხელმძღვანელობამ, ბატონმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა თქვა - ეს თემურ ჩხეიძის ინიციატივა იყოო... გამოუშვეს მსახიობები, მათ შორის, მედიკოც. თეატრიდან გამოშვება კი არა, როლებით უნდა ყოფილიყო დატვირთული. მეც მაშინ გამომიშვეს, მაგრამ ვიბრძოლე და იმ უსამართლობას შევეწინააღმდეგე. მედიკოს ეს არ შეეძლო და სახლში ჩაიკეტა. ძალიან განიცდიდა და რამდენიმე წელიწადში წავიდა ამქვეყნიდან.
- მის ოჯახზეც გვიამბეთ...
- არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს - თამუნა, რომელიც 2 შვილის დედაა. ერთ-ერთი - ნიკა ჩიკვაიძე ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორია. კარგი გამოხმაურება აქვს. ნიკა პატარაობიდანვე თეატრით იყო დაინტერესებული, სახლში სპექტაკლებს დგამდა ხოლმე. მედიკო ფიქრობდა, რომ რეჟისორი იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა. მედიკოს დაბადების დღეს შვილი სულ აღნიშნავს ხოლმე და დედის მეგობრებიც მათთან ერთად, სულ ვიხსენებთ მედიკოს. თამრიკო ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანია... მედიკოს მეუღლე რამაზ ვადაჭკორია ექიმი გახლდათ, რომელიც სამწუხაროდ ავარიით დაიღუპა... ეს უმძიმესი ამბავი მედიკომ ძალიან განიცადა.
- მაინც მგონია, რომ მედეა ბიბილიშვილის შესაძლებლობა თეატრმა სათანადოდ ვერ გამოიყენა...
- მთლად ასე არ ყოფილა, არაერთ სპექტაკლში აქვს ნათამაშები. მისი ბოლო ნამუშევარი „თოვლის დედოფალი“ იყო, თოვლის დედოფალს არაჩვეულებრივად თამაშობდა. „ანტიგონეშიც“ ითამაშა და ხომ ვამბობ, კიდევ არაერთი საინტერესო სახე აქვს შექმნილი - ყველა სპექტაკლში გადასარევი იყო. ტრაგიკულ როლებს არაჩვეულებრივად ასრულებდა. ჩვენს თეატრში იყვნენ რეჟისორები - მედეა კუჭუხიძე და გოგი თოდაძე, რომლებიც მსახიობებს აკავებდნენ არა იმ განზრახვით, რომ ვინმე ვინმეს ცოლი, ქმარი, ახლობელი თუ ოჯახის წევრი იყო, ან უბრალოდ პატრონი ჰყავდა. მათ შერჩევის სხვა კრიტერიუმი ჰქონდათ, რაზეც ვამბობდი ხოლმე, რომ ამ რეჟისორების სპექტაკლებში "უპატრონო" მსახიობები მონაწილეობენ-მეთქი. მედიკოს სამუშაო სულ ჰქონდა, შემდგარი არტისტი იყო. ამიტომ თეატრიდან კარგ მსახიობების გაშვება, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელია...
ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე მედეა ბიბილეიშვილზე მომზადებულ გადაცემების სერიაში „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ,“ მსახიობზე ასე საუბრობს: "მედეა ბიბილეიშვილის სახელის გაგონებაზე აყვავებული, აფეთქებული ატმის ხე მახსენდება. ერთხელ თურმე თაყვანისმცემელმა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი რომ დამთავრდა, აყვავებული ატმის ხე მიართვა. იქ მყოფი მსახიობები მიყვებოდნენ, რომ მედიკო უფრო ლამაზი იყო და თუ ატმის ხე - ამას მერე განვიხილავდითო... მედიკოს შემოქმედება მარჯანიშვილის თეატრში მალე შეწყდა...

ერთხელ მედიკო თავის უახლოეს მეგობართან და ჯგუფელთან მანანა მაჩაბელთან სახლში ვნახე და მიამბო, თეატრიდან წასვლის შემდეგ როგორ მივიდა მარჯანიშვილს თეატრში, სადაც ბევრი წელი იმუშავა და როგორ არ შეუშვეს მსახიობების შესასვლელიდან. ბილეთი იყიდეთ და ასე შემობრძანდითო, - დაცვას უთქვამს... თითქოს ტრადიციაა, რომ თეატრიდან გულნაკლულები და დასევდიანებულები მიდიან ხოლმე. მედიკოსთვის ეს არ შეიძლებოდა... მან არ იბრძოლა, არ ცდილობდა თავის წარმოჩენას... არაჩვეულებრივად კითხულობდა, კითხულობდა პათეტიკისა და რაღაც მახვილების გარეშე, ძალიან სადად, გემოვნებიანად. მისი სახე სულ 2-3 ფილმში დარჩა, რომლითაც შეგვიძლია ახალგაზრდებს ვაჩვენოთ, როგორი იყო მსახიობი მედეა ბიბილეიშვილი. მარჯანიშვილის გასაოცარი ატმის ყვავილივით ლამაზი და ვარდისფერი მსახიობი“.
"თუკი რაიმე კარგი არსებობს ჩემში, ის ჩემი მშობლებიდან არის, ცუდი კი, საკუთრივ ჩემია... მე ერთი შეუხედავი, სასაცილო და კნაჭა გოგო ვიყავი. მართალს გეუბნებით, არაფერს ვამეტებ. ახლობლები ჩემზე ასე ხუმრობდნენ: მედიკო უშნო და საძაგელ იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მოგვიანებით მშვენიერ გედად გადაიქცაო. ჩემი ბავშვობა ფათერაკებით იყო სავსე. სამჯერ დავუძვერი სიკვდილს. ერთხელ, 7 წლისას, საჩუქრად პატარა ბატკანი მომიყვანეს. სულ მის ფერებაში ვიყავი. ეტყობა, მისგან გადმომედო ჯილეხი – ციმბირის წყლული. ჩემს გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა... იმ დღიდან სიცხემ დამიკლო და მოვმჯობინდი... მეორედ მორიელმა დამკბინა, მესამედ კი მუცლის ტიფი დამემართა. ეტყობა, ღმერთს არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის და ამჯერადაც „გამოვძვერი“. მშობლების ნებიერას ფერადი ბავშვობა მქონდა.
***
ერთხელ ეკლესიაში შესული მედეა კუთხეში ღვთისმსახურს შეუნიშნავს, რომელიც ღვთისმშობლის ხატთან სკამზე მჯდარა. მედეას დანახვისას ფეხზე წამომდგარა, პირჯვარი გადაუსახავს და უთქვამს, - ღმერთმა გიკურთხოს ეგ სილამაზეო... მაშინ არ იცოდა, რომ ის ბერი არქიმანდრიტი გაბრიელი გახლდათ. იმ დღეს უცნობ ახალგაზრდას მისთვის უთქვამს, - არ იცით, რა ბედნიერი ხართ, თქვენ ხომ მამა გაბრიელმა დაგლოცათო.
"მაშინ არ ვიცოდი, მამა გაბრიელის დალოცვა ჩემთვის რამხელა წყალობა იყო. წლების შემდეგ ჟურნალ „სარკეში“ წავიკითხე მისი ცხოვრების შესახებ. უცნაური ის იყო, რომ ჟურნალში სწორედ ისეთი ფოტო გქონდათ დაბეჭდილი, როგორიც მამა გაბრიელი იმ დღეს დამამახსოვრდა. მეორე დღესვე წავედი მცხეთაში მის საფლავთან და ვილოცე,“ - ჰყვებოდა ჟურნალისტთან ინტერვიუში მსახიობი.