პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმა წარადგინა. მთავრობის მეთაურმა განათლების სისტემაში არსებულ 7 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.
"სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში მალევე მოჰყვა განათლების სპეციალისტების კრიტიკა. მათი თქმით, "11 წელი სკოლაში და 3+1 ბაკალავრი სხვა ყველაფერთან ერთად ნიშნავს, რომ ჩვენი განათლება აღარ იქნება თავსებადი ევროპის და აშშ- ს უნივერსიტეტებთან".
"გუშინდელი კობახიძეს განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტი ევროპულ განცხადებას უტოლდება ! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს !!!!!3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 ს სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!საქართველო ბოლონის პროცესიდან გამოდის (რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება), ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას ….აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში და შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!" - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

კობახიძის განმარტებით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ სტუდენტმა განათლება საქართველოში მიიღოს, ამასთან, პრემიერმა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურთ ალტერნატივად ქვეყნიდან წასვლა, მეთორმეტე კლასის სხვა ქვეყანაში დასრულება და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზა.
"რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა 3-4 წელიწადში თვისობრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა არსებითად განათლება უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება იმას, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ამისი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მეთორმეტე კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში თუ არადა ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მაგრამ ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, გადაწყვეტილი არის თუ არა მეთორმეტე კლასის გაუქმება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე შედგება ჯანსაღი დისკუსია.
"ჩვენ ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა, თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მზად ვართ, მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. იგივე მეთორმეტე კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს პრაქტიკულად მეთორმეტე კლასში არ დადიან ბავშვები სკოლაში, იმიტომ, რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე და ასეთ პირობებში არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე.“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ნაწილს, სადაც ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა პროფესორ-მასწავლებლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება 10 ათასი ლარი უნდა იყოს. ასევე "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის დამკვიდრებაზე.
"თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი. ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი. პატივს ვცემთ თითოეული სტუდენტის არჩევანს...
დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 ათასი ლარი, უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის როგორიც არის სახელმძღვანელოების მომზადება, სტატიების მომზადება და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში. რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე. რაც შეეხება დეფიციტურ მიმართულებებს, ჩვენ მოვამზადებთ მონაცემთა ბაზას, განვსაზღვრავთ, ზუსტად რა მიმართულებით გვჭირდება უცხოელი პროფესორების ჩამოყვანა და მთლიანად შეივსება ეს ვაკუუმი, რომელიც ამ მიმართულებით აქვს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იურისტი საბა ბრაჭველი წერს, რომ რიგი პროფესორებისთვის ხელფასის ზრდა, საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირების ხარჯზე მოხდება.
"საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის პრეზენტაცია, პროპაგანდის წესების შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი შედეგის ფრიალით დაიწყეს - პროფესორის ხელფასი 10 ათასი ლარი გახდებაო. ზოგიერთმა კარგმა მედიამაც ყველაზე მეტად ეს აიტაცა და გააშუქა. თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე - პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში - პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი - აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ. ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი - საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა".
პრემიერს დღეს დაუსვეს კითხვა, დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე, დაგეგმილი რეფორმის შედეგად, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
"ერთადერთი პრინციპი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო დაირღვა, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი. ჩვენთან ისედაც მწირია საკადრო რესურსი, მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ასეთ პირობებში ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს ავტონომიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.