ავტორი:

მედელინ მილერის "კირკე" - თანამედროვე ენით გაცოცხლებული ანტიკური მითოლოგია

მედელინ მილერის "კირკე" - თანამედროვე ენით გაცოცხლებული ანტიკური მითოლოგია

ანტიკური სამყაროს გრძნეული ქალღმერთი, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, კირკე, საუკუნეების მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და ამოუცნობი პერსონაჟი იყო. ერთდროულად მაცდურიც და მარტოსულიც, ძლიერიც და მტკივნეულად ადამიანურიც. სწორედ ამ მრავალფეროვანი ბუნების გადმოსაცემად დაიწყო წიგნის წერა ამერიკელმა მწერალმა მედელინ მილერმა, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლება თანამედროვე მითოლოგიურ პროზაში. მისი რომანი - „კირკე“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა, ითარგმნა ათობით ენაზე და The New York Times-ის ტოპ-სიის სათავეშიც მოხვდა.

მედელინ მილერი არ არის უბრალო მთხრობელი, ის კლასიკური ლიტერატურისა და შექსპირის მკვლევარია, და სწორედ ამიტომ, მისი ტექსტები არა მხოლოდ მხატვრულად, არამედ ფილოსოფიურადაც მდიდარია. ავტორი „კირკეს“ ხუთი წლის განმავლობაში წერდა, სანამ საბოლოოდ მიაღწია თხრობის ისეთ სტილს, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მითოლოგიური პერსონაჟისაც და თანამედროვე ქალისაც. „კირკე“ არ არის მხოლოდ ზღაპარი ღმერთებზე, ეს არის ისტორია საკუთარი ძალის პოვნაზე, სიჩუმიდან გამოსვლასა და საკუთარი თავის მიღებაზე იმ სამყაროში, რომელიც შენს ჩახშობას ცდილობს.

წიგნი იწყება ტიტანების დიდებულ სამყაროში მოგზაურობით, სადაც მზის ღმერთის ქალიშვილი დაბადებიდანვე იგრძნობს განსხვავებულობას. ის არ არის ისეთივე მშვენიერი და უნაკლო, როგორც მისი ოჯახის წევრები. მისი ხმა უხეშია, გარეგნობა უბრალო, და ამიტომ მას ზურგს აქცევენ, თითქოს არც ეკუთვნოდეს უკვდავთა სამყაროს. მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობა ხდება მისი ძალა. კირკე აღმოაჩენს მაგიურ უნარს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რეალობა: გადააქციოს ადამიანები ცხოველებად, განკურნოს ტკივილი, ან გაანადგუროს მოწინააღმდეგე. ამ აღმოჩენის შემდეგ კი მისი გზა იზოლაციისკენ მიდის: უკაცრიელ კუნძულზე.

მილერის ენა საოცრად პოეტურია. ტექსტი გაჯერებულია მაგიის ენერგიით, ზღვის სურნელით, ფოთლების შრიალით... ავტორი არ ცდილობს მითების გადმოცემას ისე, როგორც ჩვენთვის აქამდე იყო ნაცნობი, ის ქმნის სრულიად ახალ ემოციურ რეალობას, სადაც ქალი თავად არის მოქმედების ცენტრი. ამაშია „კირკეს“ ძალა. ეს არის ქალის ისტორია, რომელიც აღარ ემორჩილება ღმერთების წესებს, არამედ თავად ქმნის თავის ბედს.

წიგნში მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებია გამოყენებული: მეტაფორები, სიმბოლოები, მითოლოგიური ალუზიები ისე არის გადაჯაჭვული თანამედროვე ფსიქოლოგიასთან, რომ მკითხველი მარტივად პოულობს საკუთარ თავს ამ უძველეს ამბავში. კირკეს მარტოობა ჩვენი შინაგანი მარტოობააცაა; მისი ბრძოლა ღმერთებთან, ჩვენი ბრძოლაა სამყაროს წინააღმდეგ, როცა გვინდა საკუთარი ხმა დავიცვათ.

მედელინ მილერის „კირკე“ არ არის მხოლოდ მითის ხელახლა მოყოლა, ეს არის მისი განახლება, მისი „ანაგენესი“ თანამედროვე ენით. სწორედ ამიტომ გახდა რომანი პოპულარული არა მხოლოდ კლასიკური ლიტერატურის მოყვარულებში, არამედ მათ შორისაც, ვისაც გულწრფელი, ემოციური და ადამიანური ისტორიები აინტერესებს.

2018 წელს კომპანიის „HBO Max“-მა შეისყიდა „კირკეს“ ეკრანიზაციის უფლება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი კულტურული მნიშვნელობის მასშტაბს.

ეს ისტორია მკითხველს აძლევს საშუალებას, უძველესი მითოლოგია სხვა თვალით დაინახოს. არა როგორც მტვრით დაფარული ლეგენდა, არამედ როგორც ცოცხალი სარკე, რომელშიც ჩვენი ანარეკლი ისახება.

ავტორი: თეა ინასარიძე

სტატია მომზადებულია „პალიტრა L“-თან პარტნიორობით