ავტორი:

შსს-ს გაფრთხილება რუსთაველზე შეკრებილებს: "15 წუთში გახსენით სავალი ნაწილი, ან პოლიცია სამართალდამრღვევების მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ ზომებს"

შსს-ს გაფრთხილება რუსთაველზე შეკრებილებს: "15 წუთში გახსენით სავალი ნაწილი, ან პოლიცია სამართალდამრღვევების მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ ზომებს"

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოვუწოდებთ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

  • მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის 325-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია.

ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.