ჯგუფ Limp Bizkit-ის ბასისტი, სემ რივერსი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯგუფ Limp Bizkit-ის ბასისტი, სემ რივერსი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

სემ რივერსი, ამერიკული ნიუ მეტალ ჯგუფის, Limp Bizkit-ის ბასისტი და დამაარსებელი წევრი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯგუფმა სამწუხარო ამბავი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა: "პირველი ნოტიდან, რომელიც ერთად დავუკარით, სემმა ისეთი სინათლე და რიტმი შემოიტანა ჩვენს მუსიკაში, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იყო. მისი ნიჭი უნაკლო, მისი არსებობა - დაუვიწყარი, მისი გული კი - უზარმაზარი იყო",- წერენ ჯგუფის წევრები.

რივერსის გარდაცვალების მიზეზი არ გახმაურებულა.

ჯგუფი Limp Bzikit 5 წევრისგან შედგებოდა და ის 1994 წელს ჩამოყალიბდა. მათ ჰიტ ალბომებს შორისაა Significant Other, Chocolate Starfish და Hot Dog Flavored Water. ასევე ჯგუფის წარმატებას გზა გაუკვალა ისეთმა სინგლებმა, როგორიცაა Take a Look Around და Rollin' (Air Raid Vehicle).

  • 2000 წელს სემ რივერსს საუკეთესო ბასისტის ტიტულთან ერთად გიბსონის ჯილდო გადასცეს.

2015 წელს ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან გამოწვეული ღვიძლის დაავადების გამო სემმა ჯგუფი დატოვა. "შევწყვიტე სმა და ყველაფერი შევასრულე, რაც ექიმებმა მირჩიეს",- ამბობდა ის Loudwire-თან მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში. "ალკოჰოლიზმზე მკურნალობა ჩავიტარე და ღვიძლის გადანერგვაც გავიკეთე".

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა