თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
“ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება“, - ამის შესახებ ვახო სანაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე განაცხადა.
„რაც ვიდეო კადრებში არის, ეს ასეა, მაგრამ არანაირი ხელოვნური გადაკეტვა იქ [რუსთაველზე] არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად, არაფერი ხდება. სიტყვა ხელოვნური არის უადგილო, ყველა, ვინც იქ არის, გამოხატავს პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ.
ის რაც მათთვის ხელოვნურია, ეს ჩვენთვის ხელოვნური არ არის. უკანონო კანონებით არიან წარმოდგენილები.
ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება“,- განაცხადა ვახო სანაიამ.
მისი თქმით, პროტესტს გააგრძელებს.
"როგორც აქამდე გამოვხატავდი პროტესტს, გარეთ რომ გამოვალ, მერეც გამოვხატავ პროტესტს. მაინც ამოვთხრით", - განაცხადა სანაიამ და მოსამართლეს მოუწოდა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ვახო სანაიას ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.