აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთისთვის ტერიტორიების დიდი ნაწილის დათმობა შესთავაზა, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
ტრამპმა ეს პოზიცია კვირას ჟურნალისტებთან საუბრისასაც დააფიქსირა.
"ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ უნდა გაჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც არიან, საბრძოლო ხაზებზე. დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია, თუ აპირებთ თქვათ: "თქვენ ამას აიღებთ, ჩვენ იმას ავიღებთ“,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
"არა. დაე, ისე იყოს გაყოფილი, როგორც არის. ის ახლა გაყოფილია. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, "მოგვიანებით რაღაცაზე მოლაპარაკება“.
Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა აშკარა იმედგაცრუება იყო ზელენსკისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ტრამპს დაარწმუნებდა, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის რაკეტები მიეწოდებინათ, რომელსაც რუსეთის სიღრმეში დარტყმა შეუძლია. კვირა საღამოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ორი წყაროს ცნობით, იმათ შორის, ვინც ყველაზე აგრესიულად მოუწოდებდა უკრაინელებს, ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმებულიყვნენ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იყო. ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფმა ახსენა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.