19 ოქტომბერს მშენებლებად შენიღბულმა სამმა მძარცველმა, ვიზიტორების თვალწინ, ლუვრი გაძარცვა. მათ ფასდაუდებელი ნივთები მშვიდად, დიდი ძალისხმევის გარეშე მოიპარეს. როგორც ფრანგული მედია წერს, ეს იყო "სენსაციური, ელვისებურად სწრაფი ძარცვა".
დილის 9:30 საათზე, ხელოვნების მუზეუმის გახსნიდან ნახევარ საათში, მძარცველები მივიდნენ შენობის იმ ფასადთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სატვირთო მანქანის კიბით (რომელიც იქ წინასწარ მიიყვანეს) მეორე სართულის ფანჯარასთან ავიდნენ, საიდანაც ლუვრში შესვლა შეძლეს. ბენზინზე მომუშავე ხერხით კი გაჭრეს ვიტრინა, რომელშიც მოთავსებული იყო ძვირფასეულობა.

ლუვრის შიდა სივრციდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ერთ-ერთი მძარცველი, რომელსაც აცვია სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანე, ამრეკლავი ჟილეტი და ხერხის გამოყენებით მშვიდად ჭრის ვიტრინას, რომელშიც მოთავსებულია ძვირფასი ნივთები. ვიტრინების გასახსნელად გამოიყენეს ხერხი, რომლის ღირებულებაც 1300 დოლარია.



როგორც Le Parisien წერს, მოპარული ნივთებიდან ერთ-ერთი, იმპერატრიცა ეუხენიას საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც 1300-ზე მეტ ბრილიანტს მოიცავს, მუზეუმის გარეთ გატეხილი იპოვეს. გამოცემის ცნობით, პოლიცია რამდენიმე წუთში მივიდა. მათ ადგილზე იპოვეს ხერხი, სატვირთო, ამრეკლავი ქურთუკები და ხელთათმანები.


მძარცველები დაკავებულები არ არიან. ბოლოს ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა თუ როგორ მიდიოდნენ სკუტერებით პარიზის ცენტრიდან სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით. სამართალდამცველების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მძარცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყონ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ მძარცველებსაც და ძვირფასეულობასაც მალე იპოვიან.
წაღებულ ნივთებს შორის არის ბრილიანტისა და საფირონის დიადემა, რომელიც ეკუთვნოდა საფრანგეთის უკანასკნელ დედოფალს, მარია ამალიას, ასევე წაღებულია საფირონის ყელსაბამი და საყურეები, რომელიც ნაპოლეონის მეორე ცოლს, მარია ლუიზას ეკუთვნოდა.

წაღებულია ძვირფასი ბროში და დიადემა, რომელიც იმპერატრიცა ეუხენიას ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ 140-კარატიანი ბრილიანტი, რომელიც იმ ადგილას იყო, რომელიც გაძარცვეს, ქურდებმა ხელუხლებელი დატოვეს.