ბეკ სე-ჰი, სამხრეთ კორეელი მწერალი, რომელიც ცნობილია ბესტსელერით "I Want to Die but I Want To Eat Tteokbokki", 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი წიგნი, რომელიც ფსიქიატრთან საუბრების კრებულს წარმოადგენს, 2018 წელს მოვლენად იქცა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების გამო, წიგნმა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მკითხველის გული მოიგო.
მისი გარდაცვალების გარემოებები ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც კორეის ორგანოების დონაციის სააგენტომ განაცხადა, მწერალმა ორგანოები გაიღო - გული, ფილტვები, ღვიძლი და თირკმელები - რამაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
ბესტსელერი გამორჩეული იყო იმით, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი ნორმალურ და ჩვეულებრივ ამბად წარმოაჩინა და ადამიანი შინაგანი ბრძოლები დეტალურად გადმოსცა, განსაკუთრებით კი ბრძოლა ავტორის პირად წინააღმდეგობას დეპრესიულ ფიქრებსა და უბრალო ცხოვრებისეული სიხარულით ტკბობას შორის.
"ადამიანის გულს, მაშინაც კი, როდესაც სიკვდილი სწადია, ხშირად, ამავე დროს, ტოკბოკის ჭამაც უნდა“, - ეს არის წიგნის ყველაზე ცნობილი ფრაზა. ტოკბოკი ბრინჯის ნამცხვარია, რომელსაც ცხარე სოუსით ან წვნიანით მიირთმევენ.
ანტონ ჰური, რომელმაც ბეკის წიგნი ინგლისურად თარგმნა, ინსტაგრამზე დაწერა, რომ მისმა ორგანოებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ "მისმა მკითხველებმა იციან, რომ მწერალი თავისი შემოქმედებით მილიონობით გულს შეეხო“.
ცნობისთვის, ბეკი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში დისთიმიას (დეპრესიის მსუბუქი, მაგრამ ხანგრძლივი ფორმა) მკურნალობდა, რაც მისი ბესტსელერის საფუძველი გახდა.