ავტორი:

"არ ვუყვარდი ნიკას დედას და ოჯახში ამის გამო შეგვექმნა  პრობლემები... დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს" - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

"არ ვუყვარდი ნიკას დედას და ოჯახში ამის გამო შეგვექმნა  პრობლემები... დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს" - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

სამი დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა Setanta Sports Tennis-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სახელწოდებით: "ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და მეგობარი გოგონა - ქართველი ჩოგბურთელის უდიდესი გულშემატკივრები“.

  • კადრებში ჩანს მსოფლიო რეიტინგის ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და მისი გერმანელი შეყვარებული კარლოტა ელენა, რომლებიც ტრიბუნაზე სხედან და საყვარელი მამაკაცის მატჩს გულშემატკივრობენ.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის დედა და შეყვარებული თბილად საუბრობენ, ერთ მომენტში კი კარლოტა სადედამთილოს მხარზე თავს ადებს.

ქართულ მედიაში ვიდეოს გავრცელებას ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ვრცელი პასუხი მოჰყვა. მოდელმა და მომღერალმა, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იწყებს, ყოფილ დედამთილთან და ნიკოლოზ ბასილაშვილთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე საკუთარ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"არ ვუყვარდი ნიკას დედას და ოჯახში ამის გამო შეგვექმნა დიდი პრობლემები. მერე დედამისი მეც შემზიზღდა, რადგან როცა ადამიანი ბოროტად არის განწყობილი შენს მიმართ, შენ როგორ უნდა გიყვარდეს. მოკლედ, ძალიან ძნელია როცა საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრს ეზიზღები. მაშინ ორივე პატარა და გაუწონასწორებელი ბავშვები ვიყავით, დედამისმა კი ჩვენ შორისაც და ჩვენშიც გააღვივა აგრესია. ნიკას სჯეროდა დედამისის, როგორც ყველას გვჯერა ჩვენი მშობლის რაღაც დოზით და დედამისმა მანიპულაციებით გახადა მოძალადე.

ისე ნიკა, არასოდეს ყოფილა აგრესიული, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის საქმის კურსში. ერთმანეთი გადავიმტერეთ, საკუთარი ბავშვურობით და უსუსურობით ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას.

ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ, რადგან მეც და ნიკაც ვიყავით მისი ოჯახისა და საზოგადოების მსხვერპლნი. ეს ორივეს ბრალი იყო, რადგან პატარები ვიყავით და ორივე წამოვეგეთ პროვოკაციას. ბოლოს რაც მოხდა, იყო ამ ტოქსიკური გარემოს შედეგი. საზოგადოებამ ჩვენს დრამაზე იხალისა. ბოროტ ხალხს ხომ სხვისი ტკივილი სასაცილოდ მიაჩნია.

დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, აღარ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე. დახურეთ ეს თემა, ნუ მწერთ მესიჯებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს. დღეს მეც მყავს საყვარელი ადამიანი გვერდით და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ.

და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

სკანდალური განქორწინება და სასამართლო დავა

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებამ ნეკა დოროყაშვილი ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის სტატუსით გაიცნო. წყვილმა 2013 წელს იქორწინა და მათ საერთო ვაჟი, ლუკასი შეეძინათ. ოჯახი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. თუმცა, 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდო ბრალი, რის გამოც საქმე სასამართლოში გადაინაცვლა.

ორი წლის განმავლობაში მედია აქტიურად აშუქებდა დოროყაშვილი-ბასილაშვილის სასამართლო პროცესებს. ქვეყნდებოდა სკანდალური სტატიები, სადაც საქმის მასალებზე დაყრდნობით, ოჯახური თანაცხოვრებიდან შოკისმომგვრელი ფაქტები იწერებოდა.

მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენებაში დოროყაშვილი ჰყვებოდა, რომ „ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო… ნიკოლოზის მხრიდან იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც...“ ბასილაშვილმა წაყენებული ბრალდებები უარყო. სასამართლოს პარალელურად, ნიკოლოზ ბასილაშვილის გვერდით გერმანელი გოგონა, კარლოტა ელენა გამოჩნდა, რომელიც შეყვარებულის მხარდასაჭერად საქართველოშიც ჩამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ისინი წლებია ერთად არიან. 2022 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.