"ბათუმის შესახებ არქივის კვლევა მიმდინარეობდა და გამოიცა ბათუმის ოლქის (თურქეთის ანუ ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ოლქი) დავთარი. დავთარი სენსაციურ ინფორმაციებს შეიცავს,“ - გვეუბნება პროფესორი გიორგი ანდრიაძე, კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დიექტორი. გიორგი ანდრიაძე აღნიშნულ დავთარში არსებულ სენსაციურ ეპიზოდებზე ამახვილებს ყურადღებას და ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
- ბათუმის ოლქი რეალურად ბათუმ-ლაზისტანის სანჯაყი იყო. დაახლოებით რიზემდე არსებული ტერიტორია ბათუმს ექვემდებარებოდა, რაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ლაზეთია. როდესაც 1703 წელს ბათუმის სანჯაყის ოლქის აღწერა ჩატარდა, ფაქტობრივად, ლაზეთის ტერიტორიის და მისი მოსახლეობის აღწერა მოხდა. აქ კი სენსაციურ ინფორმაციას ვაწყდებით - 1703 წელს ამ ტერიტორიაზე, ოსმალეთის სახელმწიფო მოხელეების მიერ, მუსლიმური და ქრისტიანული მოსახლეობა ფიქსირდება. ქრისტიანულ მოსახლეობა ბაშთინად იწოდება ე.ი. მუსლიმან ლაზებს ჰქვიათ მუსლიმური სახელები, მაგრამ გვარები ისევ ლაზური აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან თურქები. არიან ადგილობრივი ლაზები, ხოლო ბაშთინას, ანუ ქრისტიანს სახელები ჯერ კიდევ ქრისტიანული ჰქვიათ. მაგრამ არა ბერძნული ქრისტიანული...

- რას გულისხმობთ?
- ვიღაცებს ჰგონიათ და ამბობდნენ, რომ ისინი ბერძნული ეკლესიის დაქვემდებარებაში იყვნენ. მაგალითად, ბერძნულად თევდორე თეოდოროსს ნიშნავს, ბოლოში ბერძნული დაბოლოება აქვს და სხვანაირად გამოითქმის. აქ კი ასეთი სახელები არ გვხდება, არის გიორგი, თევდორე, იოვანე - ეს არ არის მხოლოდ წიგნის მონათხრობი, მას თან ერთვის ამ აღწერის არქივის დედნის ფოტოს-კოპიო. ეს არის სქელტანიანი წიგნი, რადგან მისი ნახევარი ფოტო-კოპიო და ამის ნახვა ყველას შეუძლია.
- ე.ი. პირველი აღმოჩენაა ის, რომ აღწერის მიხედვით, ხალხს ჰქვიათ ქართული სახელები?
- დიახ და თან ისეთი ორიგინალური სახელები, რომელიც ამ რეგიონისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი, მაგალითად, სახელი შალვა. იქ არის კიდევ ორიგინალური ქართული სახელი ყვარყვარე - მესხეთის მხარეში იყო გავრცელებული. ოსმალებმა ვერ გაიგეს და დაწერეს, როგორც ღორღორა, ანუ ყ არ ჰქონდათ. ძალიან საინტერესო ანთროპონიმებთან გვაქვს საქმე.
აქვეა მეორე უფრო საინტერესო თემა - ხდება იმის აღწერა, ადამიანებმა სულთნის ხაზინაში რამდენი უნდა გადაეხადათ. დაბეგრილია სიმინდი, ფეტვი, ხილი, თევზი, საქონელი და ამ საქონელში ვხვდებით ბეგარას ღორზე. 1703 წელს ამ ტერიტორიაზე არსებულ სოფლების ნახევარში ფიქსირდება ღორი. არადა, მოგეხსენებათ, ღორს მხოლოდ ქრისტიანები ჭამენ.

ასევე არსებობს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, - გადასახადი ღვინოზე. ამ ტერიტორიაზე 1703 წელს გამოდის, არსებობდა ღვინის წარმოება და იქაური ქრისტიანები იხდიდნენ გადასახადს ღვინოზე. მთავარი ის არის, რომ ეს ქრისტიანები მუსლიმებთან ერთად, ერთ სოფელში ცხოვრობდნენ.
- და ინარჩუნებდნენ სარწმუნოებას და თავის წეს-ჩვეულებებს?
- ასეა... ამ აღწერის მიხედვით ყველა სოფელი ორადაა გაყოფილი - მუსლიმები და ქრისტიანები. ამასთანავე, კიდევ ერთი ყველაზე სენსაციური რამ ზოგადად ისტორიოგრაფიისთვის, რომ იქ არყის სახდელი ფიქსირდება. გადასახადი არყის სახდელზე, რომელიც სოფელში ძალიან ცოტა - ერთი ან ორი ყოფილა.
არადა, ჩვენთან ასეთი წარმოდგენა იყო, რომ არყის გამოხდა საქართველოში რუსებმა შემოიტანეს. ასე ძალიან ბევრ მეღვინეს, პროფესიონალს მიაჩნდა. ამ დავთრით კი, რომელიც გამოქვეყნდა, ვიღებთ სურათს, რომ 1703 წელს თითო სოფელში 2-3 არყის სახდელი იყო და ისინი მთელ სოფელს ეკუთვნოდა.
ბოლოში არის გვარები და ლაზების გვარები მეგრელების იდენტურია. მათ შორის მუსლიმ ლაზებისაც კი, რომელიც მეგრული სუფიქსით მთავრდება - ვა, ია, სკუა, სკირი. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდამდე რიზეს რეგიონის მოსახლეობამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე თავისი თვითმყოფადი ქართული იდენტობა, ღვინის წარმოება, ქრისტიანობა სახელი და გვარი შეინარჩუნა.
- როგორ აფასებთ პირადად თქვენ ამ საარქივო მასალებს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ 1703 წლამდე ლაზეთი, თურქეთში არსებული დღევანდელი რიზეს ტერიტორია ნახევრად ქრისტიანული იყო. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოსმალეთის იმპერია მეტ-ნაკლებად შემწყნარებელი იყო, რომ ამ მოსახლეობამ ამ დრომდე მოაღწია და შენარჩუნდა ქართული ყოფისთვის, იგივე ლაზური და თვითმყოფადი გარემო. ისინი ბოლო პერიოდამდე თავისი ქრისტიანული ცხოვრების წესს ინარჩუნებდნენ. მათ შორის ჰქონდათ კვერცხის შეღებვის ტრადიცია, ალკოჰოლური სასმელებს მოიხმარდნენ, მართალია ღვინო უკვე აღარ იყო და ისინი სვამდნენ რახს (თურქულ სპირტიან სასმელს), თუმცა ალკოჰოლს იღებდნენ. ეს ტრადიცია ბოლო წუთამდე და დღემდე შენარჩუნებულია. მათი მუსლიმობაში გადასვლა ეტაპობრივად ხდებოდა, მხოლოდ ირიბი ზეწოლით. მოსახლეობა არ გამოურეკავთ, ქრისტიანულ მოსახლეობას უბრალოდ მეტი გადასახადი, მეტი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა ჰქონდა. ამავე წიგნიდან ჩანს, რომ ნელ-ნელა გადადიან ისინი მუსლიმობაში.
ორ-სამ ადგილზე ფიქსირდება მიტროპოლიტი გიორგი, ესეც დიდი აღმოჩენაა. ამ ტერიტორიაზე 1703 წელს არსებობდა სასულიერო პირი, ხოლო ტერმინი პაპა, რომელიც თურქულად მღვდელს ნიშნავს, ასევე რამდენიმე ადგილას გვხვდება. ეს არქივის ჩანაწერები, რომელსაც ოსმალეთის მოხელე ახორციელებდა, ყველა დამეთანხმება, რომ ურყევი წყაროა, სადაც ობიექტურობა 100%-ით შენარჩუნებულია.
- თანამედროვე ლაზებთან თუ გქონიათ შეხვედრა, ან აპირებთ თუ არა შეხვედრას, რადგან არ მგონია, მათ ჰქონდეთ ასე სიღრმისეულად ინფორმაცია თავიანთი წარსულის შესახებ...
- წიგნი ახალი გამოცემულია და თქვენ ხართ პირველები, ვინც ამას გააშუქებთ. მერე თურქულად უნდა ითარგმნოს და ასე უნდა გაეცნოს საზოგადოება მას - ცხადია, ლაზებიც გაეცნობიან.
ეს საარქივო დოკუმენტები და მასალა ყველასთვის აღმოჩენა და სენსაციაა, მათ შორის, ჩემთვისაც. ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1703 წელს ლაზეთში იყო ღორი, ღვინო და რაც მთავარია, არყს სახდელი. მნიშვნელოვანია, რომ თურქული მხარე ობიეტურად იქცევა და მათი დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ობიექტურობა ასევე გაგრძელდება.
ლალი ფაცია