ავტორი:

ნიკოლა სარკოზი La Santé -ში საკუთარი ფეხით და მეუღლესთან ერთად მიდის -  დღეიდან მისი პატიმრობა იწყება: რისი წაღების უფლება მისცეს და რომელი წიგნი მიაქვს თან?

ნიკოლა სარკოზი La Santé -ში საკუთარი ფეხით და მეუღლესთან ერთად მიდის -  დღეიდან მისი პატიმრობა იწყება: რისი წაღების უფლება მისცეს და რომელი წიგნი მიაქვს თან?

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ამ ღამეს პარიზის La Santé -ს ციხეში გაათენებს, სადაც დღეიდან მისი პატიმრობა იწყება.

ის თანამედროვე საფრანგეთის პირველი ყოფილი ლიდერია, რომელსაც დააპატიმრებენ.

სარკოზი აპროტესტებს როგორც გამამტყუნებელ განაჩენს, ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე აპატიმრებენ.

პარიზის იმ უბანში, სადაც სარკოზი მეუღლესთან, კარლა ბრუნი-სარკოზისთან ერთად ცხოვრობს, 100-ზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ: "ნიკოლა, ნიკოლა“-ს, ასევე საფრანგეთის ჰიმნს მღეროდნენ. ახლომდებარე ღობეზე ორი ფრანგული დროშაა ჩამოკიდებული წარწერით: "მხნეობა ნიკოლა, მალე დაბრუნდი“ და "ნამდვილი საფრანგეთი ნიკოლასთან ერთად“.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ციხე~ის კარამდე მეუღლე კარლა ბრუნი-სარკოზიმ მიაცილა.

"ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ, მათ შორის ლა სანტეს კართანაც. ბოლომდე ვიბრძოლებ“, - განუცხადა სარკოზიმ გამოცემა La Tribune Dimanche-ს.

გამოცემის ცნობით, სარკოზის მზად აქვს ციხეში წასაღები ჩანთა, ტანსაცმლითა და 10 ოჯახური ფოტოთი, რომელთა თან წაღების უფლება აქვს.

სარკოზიმ გამოცემა Le Figaro-ს ასევე განუცხადა, რომ ციხეში სამი წიგნის წაღების უფლება აქვს და ამ წიგნებს შორის იქნება ალექსანდრე დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო“.

25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთის სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო ე.წ. "ლიბიის საქმეში“. კერძოდ, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა. 70 წლის სარკოზის სააპელაციო სასამართლოში გათავისუფლების მოთხოვნით სარჩელის შეტანა მხოლოდ ციხეში მოხვედრის შემდეგ შეეძლება, რის შემდეგაც მოსამართლეებს მოთხოვნის განსახილველად ორ თვემდე ვადა ექნებათ.