ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ერთ-ერთ სუპერმარკეტში არასრულწლოვანები მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს-ის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანმა ალკოჰოლური სასმლის ქურდობა სცადა, რისი აღკვეთაც მაღაზიის თანამშრომლებმა სცადეს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, მათ არასრულწლოვანები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი ფაქტის შემდეგ, მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
"ჩვენს ქვეყანაში პირბადის ტარებისთვის ციხეა, სამაგიეროდ კრიმინალი ზეიმობს!
ნახევარი საათის წინ, “მაგნიტში“ ჩემ თვალწინ 4 არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს. შამპანურის ბოთლის თავში ჩარტყმა რომ დააპირა, შემოვარდნენ კაცები და ვერ აშველებდნენ, ის ბოთლი მოიქნია, “ბოქსი“ მოაძრეს, წიხლებით შედგნენ კონსულტანტს.
"მაგნიტი" როგორ გყავთ დაცვის გარეშე მომსახურე პერსონალი, სიკვდილს არიან გადარჩენილები და ახლა ვიგებ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. მაგ ბავშვების ადგილას (მოლარეს და კონსულტანტს ვგულისხმობ) გიჩივლებდით აუცილებლად! ცხადია პატრული გამოვიძახე და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან..." - წერს თეა სუბელიანი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.