არ არსებობს ხელოვნების ჟანრი, რომლის ყურადღების ცენტრშიც ანტიკური ლიტერატურა და მითოლოგია არ მოექცა. იგი მუდმივად რჩება დიდი მხატვრების, კომპოზიტორების, რეჟისორებისა თუ მწერლების შთაგონების უშრეტ წყაროდ. კვლავაც ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებზე, მათ ისტორიებზე დაყრდნობით იქმნება თანამედროვე სიუჟეტები და თითქოს ადამიანი თავისი მისწრაფებებითა და ვნებებით ერთ დიდ წრეზე ტრიალებს ათასწლეულების განმავლობაში.
„პალიტრა L-ის“ ახალი სერია „ანაგენისიც“ ანტიკური ლიტერატურისა და მითოლოგიის გაცოცხლებას ისახავს მიზნად. მისი მეშვეობით მკითხველი იმოგზაურებს უძველეს სამყაროში, ოღონდ თანამედროვე აღქმით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. მითები თაობებთან ერთად იცვლება და ვითარდება, პროექტის სახელწოდება - „ანაგენისიც“ სწორედ ამის შესაბამისად შეირჩა და განახლებას ნიშნავს. ტრადიციული მითების მივიწყებული პერსონაჟები კვლავ გამოდიან მზის სინათლეზე უფრო მეტი სიღრმითა და მრავალფეროვნებით. ეს ტექსტები მხოლოდ მითების ხელახლა მოყოლას არ ემსახურება - ისინი მათ თანადროულობის პრიზმაში განიხილავენ, გვახსენებენ დავიწყებულ ამბებსა და ემოციებს.
სერიის პირველი წიგნი - კრისტა ვოლფის „მედეა. ხმები“ უკვე გამოიცა და როგორც არგონავტების მითს სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაგვანახებს, უფრო მეტს ანტიკური ლიტერატურისა და მითოლოგიის მოყვარულებს პროექტ „ანაგენისის“ ავტორი და მენეჯერი ანა კოპაძე გვიამბობს:
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ უბრალოდ ძალიან მიყვარს ანტიკური ლიტერატურა და მგონია, რომ ყველაფერი სწორედ აქედან იღებს სათავეს. შევარჩიე ამ ჟანრის 20მდე წიგნი და დავიწყე გადარჩევა იმის მიხედვით, რომელს უფრო კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ზოგადად, გამომცემლად მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს აძლევ წიგნს ახალ ენაზე. ჩემთვის ეს კონკრეტული სერია განსაკუთრებულია, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანი სერიის იდეაც ჩემი იყო და განსაკუთრებული სიყვარული მაქვს თითოეული წიგნის მიმართ.
მითები გვესაუბრებიან ისეთ თემებზე, რაც არასდროს ძველდება – სიყვარულზე, ღალატზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, თავგანწირვასა და შურისძიებაზე. ისინი ჩვენი კულტურის საძირკველია, ფუნდამენტი, რომელზეც თანამედროვე სამყაროს ისტორიები შენდება.
რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად გამოვეცით მადელინ მილერის „კირკე“ და „სიმღერა აქილევსზე“, ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი და ფიქრობდნენ, რომ ეს მიმართულება ქართველი მკითხველის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა, მაგრამ განსაკუთრებული გამოხმაურება ჰქონდა ამ წიგნებს. მკითხველს ძალიან შეუყვარდა არა მხოლოდ ავტორი, არამედ ჟანრიც და, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ იმ ტენდენციებს რაც სხვა ქვეყნებში არის და ჩვენც მივცეთ ამ ჟანრს „გასაქანი“.
რეალურად ანაგენისი უბრალოდ სხვა პერსპექტივას აწვდის მკითხველს. მითების ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც ტრადიციულად თხრობის მიღმა რჩებოდნენ, ახლა მზის სინათლეზე გამოდიან. ყველა ავტორს განსხვავებული თხრობის სტილი და მეთოდი აქვს, თუმცა ის, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს, არის პერსპექტივის ცვლილება.
ბერძნულად ეს სიტყვა ხელახლა დაბადებას, განახლებას ნიშნავს. ჩვენი სერიის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის: მითები ვითარდება ისევე, როგორც საზოგადოება და სერია „ანაგენისიც“ სწორედ ცვლილების, მუდმივი განახლების ადგილია. ეს არის უძველესი ამბების ახალი სიცოცხლე თანამედროვე სამყაროში. აქ მთავარი გმირები არიან არა აქილევსი, ოდისევსი და იასონი, არამედ კლიტემნესტრა, მედეა, არიადნე, მედუსა, პენელოპე და სხვა პერსონაჟები. მათი პერსპექტივიდან დანახული ისტორიები გვაჩვენებს, რომ ყველა ადამიანური გამოწვევა, დილემა და ტკივილი სწორედ ანტიკური სამყაროდან იღებს საწყისს და რომ „მედალს ორი მხარე აქვს“.
სერიის ლოგო ბერძნული სიტყვის ტრისკელიონის გამოსახულებაა. ეს არის ცნობილი კელტური სიმბოლო, რომელიც 3 სპირალს აერთიანებს, რაც სიცოცხლეს, სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას გამოხატავს.
„ანაგენისი“ არ არის უბრალოდ ძველი მითების გამეორება. ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის. ეს არის შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინოთ ისტორიები, რომლებიც გეგონათ, რომ კარგად იცოდით, და დაინახოთ ისინი სრულიად ახალი, მოულოდნელი კუთხით.
აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდებზე ძირითადად ქართველი ილუსტრატორები იმუშავებენ. არ შემიძლია არ აღვნიშნო მაკა ზედელაშვილის - ილუსტრატორის როლი, მან უკვე დახატა 3 წიგნის ყდა და შემდეგ წიგნებზე მუშაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმართულება მსოფლიო ბაზარზეც პოპულარობით სარგებლობს და ბევრი ახალი წიგნი იქმნება, რომელიც მითოლოგიით და ანტიკური სამყაროთია შთაგონებული. ვფიქრობ ჩვენი მკითხველისთვის ეს საინტერესო იქნება. აქვე უნდა ვთქვა, რომ სერიის პირველი წიგნი „მედეა. ხმები.“ - განსაკუთრებულად ახლოს იქნება ქართველ მკითხველთან და ვფიქრობ, ამ წიგნს მალევე შეიყვარებს მკითხველი.
R