ალი შამხანი, ირანის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ქალთა მიმართ მკაცრი ისლამური წესების დამკვიდრებას ხელმძღვანელობდა, ამჟამად უპრეცედენტო სკანდალშია გახვეული.
ინტერნეტში გავრცელდა აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი გარემოცვის წევრის ქალიშვილის ქორწილის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საზეიმო ღონისძიება თეირანის უმდიდრეს სასტუმროში, დასავლური სტილში გადაიხადეს. ჩანს ასევე, რომ პატარძალს სადაც საკმაოდ თამამი კაბა აცვია, ასევე დასავლურ კოსტიუმებშია გამოწყობილი სტუმრების ნაწილიც.
შახმანი 2023 წლამდე უშიშროების სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო ტალღის უსასტიკესად ჩახშობა. ირანელმა ქალებმა მაშინ დიდ საპროტესტო აქციები გამართეს მორალის პოლიციის წინააღმდეგ.ახლა კი აღმოჩნდა, რომ ვინც მათ სჯიდა, ის ფუფუნებაში იხრჩობა და ჰიჯაბსაც არ ატარებს. ის ათწლეულების განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს კურირებდა, როგორიცაა ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-სთან და ირანის ეროვნული უსაფრთხოება.

როგორც ირკვევა ირანელმა "ჩინოვნიკმა" ქალიშვილი აპრილში დააქორწინა. ქორწილის ვიდეო კი ინტერნეტში შაბათს ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს თავად შახმანი, რომელსაც პატარძალი შეჰყავს დარბაზში.
ეს ყველაფერი რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ მკაცრ ისლამურ მორალურ ნორმებს, რომელთა დაცვასაც შამხანის რეჟიმი საზოგადოებისგან მოითხოვს.
ვიდეომ ირანის პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. მედია წერს, რომ აღნიშნული ქორწილი რამდენიმე მიზეზის გამო გახდა სკანდალური:
სიმდიდრის დემონსტრირება: ქორწილში ნაჩვენებია გადაჭარბებული სიმდიდრე მაშინ, როდესაც ირანელთა უმრავლესობა გაჭირვებაში ცხოვრობს და ახალგაზრდებს დაოჯახებისთვის სახსრებიც კი არ გააჩნიათ, არა თუ ქორწილის გადასახდელი ფული.
ისლამური ღირებულებების უგულებელყოფა: ვიდეო მკაფიოდ ასახავს კონსერვატიული ისლამური ფასეულობებისადმი უპატივცემულობას.
დასავლური ტრადიციები: პატარძალს დარბაზში მამა მიაცილებს, რაც დასავლური ტრადიციაა, ირანული წესის ნაცვლად, როდესაც წყვილი დარბაზში ერთად შედის.

ორშაბათს რეფორმისტული მიმართულების გაზეთმა "შარღმა" შამხანის ფოტო მთავარ გვერდზე შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "სკანდალის ქვეშ დამარხული". პოლიტიკური ანალიტიკოსები და ერაყის ომის ვეტერანები ღიად მოუწოდებენ ადმირალს, გადადგეს ყველა თანამდებობიდან და საჯარო ბოდიში მოიხადოს.
ირანელმა ჟურნალისტმა, ამირ ჰოსეინ მოსალამ, სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ვიდეო ამტკიცებს: "რეჟიმის ოფიციალურ პირებს თავად არ სწამთ იმ კანონების, რომელთაც მხარს უჭერენ. მათ მხოლოდ ხალხის ცხოვრების გაუბედურება უნდათ".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შამხანი არ არის უბრალო ჩინოსანი. იგი უზენაესი ლიდერის წარმომადგენელია ახლად შექმნილ ეროვნული თავდაცვის საბჭოში, ის იყო უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ათი წლის განმავლობაში, რაც მას უზარმაზარ ძალაუფლებას ანიჭებდა საგარეო და ეროვნულ პოლიტიკაზე.
კრიტიკოსები მას დიდი ხანია ადანაშაულებენ სანქციებით გამდიდრებაში. შამხანი და მისი შვილები ფლობენ უზარმაზარ გადამზიდავ იმპერიას, ტანკერებითა და ფლოტებით, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობის ჩინეთში გადატანას უზრუნველყოფს. აშშ-მა მას სანქციები 2020 წელს დაუწესა.
სკანდალზე რეაგირებისას ადმირალმა შამხანმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნა პოსტი: "ნაძირლებო, ისევ ცოცხალი ვარ!"
თუმცა, სკანდალს გამოეხმაურნენ მისდამი კრიტიკულად განწყობილი ძალებიც. რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულმა სააგენტო "თასნიმმა" თქვა, რომ "ეჭვგარეშეა, რომ ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირების ცხოვრების წესი დასაცავი უნდა იყოს".
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ ახორციელებს რეიდებს საკუთარ მოქალაქეების ქორწილებსა და წვეულებებზე, რადგან მათ "არაისლამურად" მიიჩნევს, ხოლო ამ დროს მისი უმაღლესი წარმომადგენელი საჯაროდ არღვევს ყველა იმ წესს, რომელსაც თავად აწესებს.
ქალთა უფლებების აქტივისტმა, ელი ომიდვარმა, სკანდალური ვიდეოს ფონზე, გაიხსენა 2022 წლის საპროტესტო აქციების დროს დაღუპული ასობით ადამიანი, რომელთა შორის ახალდაქორწინებულებიც იყვნენ: "მათი პატარძალი სასახლეშია, ჩვენი პატარძალი მიწაშია დამარხული".