ჰადიდების ოჯახის ულამაზესი დღე: სუპერმოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების და, ალანა ჰადიდი დაქორწინდა. ცერემონიაზე ჯიჯი და ბელა ემოციებს ვერ მალავდნენ.
ალანა ჰადიდი 42 წლის დიზაინერი და მოდელია. ის ბოლო პერიოდში პალესტინელების მხარდასაჭერი აქტივიზმით იყო განსაკუთრებულად დაკავებული.

პატარძალს Vivienne Westwood-ის ვინტაჟური სტილის თეთრი კაბა ეცვა. კაბას სამკაულები და სოფია კამანის მიერ შექმნილი საქორწინო ბეჭედი შეუხამა.
არანაკლებ ელეგანტურად გამოიყურებოდნენ მისი დები, ჯიჯი და ბელა. მათ გაზაფხულის ტონალობები შეარჩიეს. ორივეს მწვანე კაბა ეცვა.
როგორც ცნობილი გახდა, საქორწინო ცერემონია ძალიან ემოციური იყო. ერთ-ერთ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ იმშრალებს ცრემლებს ჯიჯი ჰადიდი.

ალანა და როსი მოჰამედ ჰადიდის ლოს-ანჯელესის რეზიდენციაში დაქორწინდნენ. "გვინდოდა, ქორწილი იქ გაგვეკეთებინა, ადგილი, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, ამიტომ მამაჩემის სახლი ბუნებრივი არჩევანი იყო,“ – განუცხადა ალანამ Vogue-ს. მან აღნიშნა, რომ სტუმრები მთელი მსოფლიოდან – ტუნისიდან, ქუვეითიდან, პარიზიდან, ჰავაიდან ჩავიდნენ.
ალანა ჰადიდი კრეატიული დირექტორი და აქტივისტია, რომელიც აქტიურად საუბრობს პალესტინელების უფლებებზე. ის მუშაობდა სტილისტად, დიზაინერად და მოდელად ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Saks Potts და Elena Velez.
ალანა ბელასა და ჯიჯის მსგავსად, მხარდაჭერას უცხადებს ღაზას მცხოვრებლებს. მისი მამა, მოჰამედ ჰადიდი, პალესტინელ-ამერიკელი დეველოპერია, რომელიც თინეიჯერობისას ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში. ალანა ჰადიდის დედა მოჰამედ ჰადიდის პირველი მეუღლე, მერი ბატლერია. ჯიჯის, ბელასა და ანვარის დედა კი მოჰამედ ჰადიდის მეორე ცოლი იოლანდა ჰადიდია.
ამჟამად მოჰამედ ჰადიდი არ არის დაქორწინებული. ის განქორწინებულია თავის ორივე მეუღლესთან (მერი ბატლერთან და იოლანდა ჰადიდთან). თუმცა, მედიის ინფორმაციით, მოჰამედ ჰადიდი 2023 წლის ბოლოდან რომანტიკულ ურთიერთობაშია მოდელთან კენი სილვასთან. მანამდე, 2014-2019 წლებში, ის დანიშნული იყო შივა საფაიზე.