ავტორი:

რა ხდებოდა რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სასამართლო სხდომაზე, რომელიც პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა და მისი მეგობრების მსგავსი სასჯელი მოითხოვა?

რა ხდებოდა რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სასამართლო სხდომაზე, რომელიც პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა და მისი მეგობრების მსგავსი სასჯელი მოითხოვა?

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც შსს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ცაგარეიშვილმა რეჟისორს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

აღნიშნულის მიზეზი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახდა, რომლის თანახმად უწყება თავართქილაძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითხოვდა, ვინაიდან მათი განმარტებით, თავართქილაძე პოლიციაში თავად გამოცხადდა.

“ეს თქვენი კანონი არ არის თავსებადი არც ევროკონვენციასთან, არც კონსტიტუციასთან. თქვენ წარმოადგენთ არალეგიტიმურ შსს-ს, მაინტერესებს, რა განცდა გაქვთ? გესაუბრებით, როგორც პიროვნებას. როდესაც მე დამირღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, შემომაზილეს კანონი, რომლითაც შემიზღუდეს უფლება, ვარსებობდე, როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამაზე?

მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები, იმისთვის, რომ გააკეთეს ის, რაც მე გავაკეთე. იმავეს ვაპირებ დღესაც. მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი, გავხდე ბევრი და დავასრულო ეს რეჟიმი, ჩემს ხალხთან ერთად“, - ციტირებს “ნეტგაზეთი“ გიორგი თავართქილაძის სიტყვებს.

  • გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ცაგარეიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით გიორგი თავართქილაძე ჯერ 100 ლარით, შემდეგ კი, 200 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით 21 ოქტომბერს გამოცხადდა და პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მისი თანამებრძოლების მსგავსად რუსთაველის გამზირზე ისიც კეტავდა გზას და სურდა, რომ პოლიციამ ისევე დაეკავებინა, როგორც აქციის სხვა მონაწილეები.

21 ოქტომბერი - გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში

“ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა, და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იმავენაირად, იმიტომ რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ და ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან“, - აცხადებდა თავართქილაძე პოლიციის განყოფილებასთან.

როგორც ადვოკატი ნიკა სიმონიშვილი ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ გიორგი თავართქილაძეს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს და გაუშვეს.