ავტორი:

"სიები ახლა დგება..." - რომელ ჯგუფებს შეიძლება გაუუქმდეს უვიზო მიმოსვლა და რას ამბობს ambebi.ge-ს წყარო ბრიუსელიდან?

"სიები ახლა დგება..." - რომელ ჯგუფებს შეიძლება გაუუქმდეს უვიზო მიმოსვლა და რას ამბობს ambebi.ge-ს წყარო ბრიუსელიდან?

20 ოქტომბერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება "გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც იოლდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ბრიუსელი 2024 წლის შემოდგომის მოვლენების შემდეგ განიხილავდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას, თუმცა ამისათვის საჭიროა წევრი ქვეყნების - 27-ვე წევრის - კონსენსუსი, რაც არ არსებობდა - რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, ამ ზომას ეწინააღმდეგებიან.

მეორე გზა იყო საქართველოსთან 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც კონსენსუსს არ საჭიროებს. ამისათვის "კვალიფიციური უმრავლესობაც“ არის საკმარისი.

"კვალიფიციური უმრავლესობა“ ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%-ს, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს.

ევროკომისიამ თბილისი გააფრთხილა 2025 წლის ივლისში გაგზავნილ წერილში, რომელშიც ითხოვდა, რომ თბილისს აგვისტოს ბოლომდე გაეგზავნა განმარტებები. თბილისმა პასუხი გაგზავნა.

ახლა კი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამარტივებით, საქართველოს მოსახლეობა შეიძლება 3 წლით დაინდონ.

4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს მოუწოდა, ჩამოართვას 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება.

ამის შესახებ 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფრაქციის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორმა. მას შემდეგ, რაც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.

ამის მისაღწევად, ისინი სთავაზობენ გამოყენებას ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმისა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

როგორც ვიცით, სანქცირებულებისთვის დიპლომატიური პასპორტები უკვე გაუქმებულია, ახლა კი ისინი ვიზის გარეშე ვეღარც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის პასპორტებით ისარგებლებენ და საელჩოში მისულებს არც იმის გარანტია ექნებათ, რომ ვიზას მიიღებენ.

ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა და რა სქემით იმუშავებს ბრიუსელი. ბრიუსელში ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი, რომელიც კომისიას აძლევს უფლებას, რომ ხმების უმრავლესობით მოახდინოს ამ მექანიზმის ამოქმედება გარკვეულ ჯგუფებზე., საქართველოსთან დაკავშირებით რეალურად განიხილება. ანუ შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ სანქცია შეეხოს არა კონკრეტული ქვეყნის ყველა მოქალაქეს, არამედ კონკრეტულ სეგმენტს. მაგალითად, შეიძლება იყოს, როგორც ხელისუფლების წევრები, ასევე კონკრეტულ სფეროში დასაქმებული პირები, სამთავრობო მედიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, ბიზნესმენები - ისინი, ვინც "ქართულ ოცნებას“ გარკვეულწილად, პოლიტიკის გაძლიერებაში ეხმარება.

"აქამდე თუ მათ რეალურად არ ჰქონდათ ამგვარი შერჩევის გაკეთების შესაძლებლობა და ერთადერთი მეთოდი იყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები. ახლა არის კონკრეტულად პიროვნებებზე საუბარი, მათზე, ვისაც რაღაც პოზიცია უკავია (ჯერჯერობით ბოლომდე არ არის განსაზღვრული ეს პოზიციები) - ის შეიძლება იყოს იმ პოლიტიკური პარტიის წევრი, რომელიც ანტიევროპულ საქმიანობას ეწევა, შეიძლება იმ მედიაში იყოს დასაქმებული, რომელიც ევროპის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს, ვისაც წვლილი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებაში, იყოს საგარეო და შს სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს იმ ძალადობას, რაც ქუჩაში ხდება, ძალოვნები, ის მოსამართლეები, რომლებსაც უკანონო განაჩენები გამოაქვთ და სხვა. მსგავსი მექანიზმი არ არის მარტო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამგვარი შერჩევის მექნიზმი კონკრეტულად საქართველოსთვის მიიღეს", - ამბობს ჩვენი წყარო. როგორც ის გვეუბნება, "დასასანქცირებელთა სია, რომელიც ახლა დგება, საკმაოდ დიდია"...

"ეს მექანიზმი ნოემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და შეიძლება ყველაზე ერთბაშად, ან ნაწილ-ნაწილ გავრცელდეს. ამ მექანიზმის ასამუშავებლად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ნახევრის მხარდაჭერაა საჭირო და, შესაბამისად, ამის ამოქმედებას, არაფერი უდგას წინ. შეიძლება ვინმემ სადღაც მაინც აიღოს ვიზა, მაგ. უნგრეთში და ისე გადავიდეს სხვა ქვეყანაში, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და უნგრეთიც შეუერთდეს მხარდამჭერ ქვეყნებს, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნგრეთი მაინც ევროკავშირის წევრია. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ უვიზო გადაადგილებას შეეხება, არ ნიშნავს, რომ ვინმე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება და საერთოდ ვერ შევა ამა თუ იმ ქვეყანაში. როგორც უკვე ვთქვი, ამ ეტაპზე სიაზე მიდის მსჯელობა, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება", - ამბობს წყარო.

ვალერი ჩეჩელაშვილი, დიპლომატი:

- უნდა ითქვას, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, უბრალოდ, ევროკომისიამ მიიღო შესაბამისი მანდატი, რომ თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება. ამაში კარგი ამბავია ის, რომ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ დაუწესდებათ, ანუ ეს იქნება შერჩევითი რეჟიმი რაღაც ჯგუფების მიმართ, რომლის თაობაზე ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ. რა ჯგუფები მოიაზრება და, პირველ რიგში, ეს იქნება ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, ეწევიან ანტიევროპულ კომპანიას და უპირისპირდებიან ევროპულ ფასეულობებს, თანამშრომლობის პრინციპებს, ტრადიციებსა და კრიტერიუმებს. როგორ შეარჩევენ ამ ჯგუფს და ვინ იქნებიან მასში, ამის განჭვრეტა ძალიან რთულია, ამას ვიხილავთ მაშინ, როცა ამის თაობაზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს. იქნება ეს 1000, 2000 თუ 5000 კაციანი სია, ეს არ ვიცი, ეს არის სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას, მანამდე ეს ყველაფერი იქნება ნაცარში ქექვა და მარჩიელობა.

უნდა ითქვას, რომ უვიზო რეჟიმი არ წარმოადგენს გარანტიას, რომ თქვენ შეხვალთ ქვეყანაში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუშვას თუ არ შეუშვას მოქალაქე თავის ტერიტორიაზე. იქნება ეს უვიზო რეჟიმის მოქმედი ხელშეკრულება, თუ არ იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე აუცილებლად საჭიროებს ვიზას, მაგრამ შეიძლება მისცენ, შეიძლება - არა, ეს უკვე სხვა პროცედურაა.

სხვა ტერიტორიიდან გადასვლას რაც შეეხება, ეს ძალიან რთული იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნგრეთი თუ შეუშვებს მოქალაქეს თავის ტერიტორიაზე, ის მკაცრად გააფრთხილებს მას, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებში არ უნდა გადავიდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს უკვე იმავე უნგრეთის ავტორიტეტის საკითხია და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ უნგრეთის წინააღმდეგაც შეიძლება ამოქმედდეს რაღაც შიდაევროპული სანქციები.

რაც შეეხება ევროპულ კავშირში მოქმედ შენგენ ზონას, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ უნგრეთიც იქნება ვალდებული დაექვემდებაროს მას იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს კონსენსუსს, ის შეიძლება იყოს მიღებული ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის მიერ, ოღონდ, ამ 15 ქვეყნის კრებსითი მოსახლეობა უნდა იყოს ევროკავშირის მოსახლეობის 60%-ზე მეტი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი აქვს გერმანიას და საფრანგეთს. სამწუხაროდ, ამ ქვეყნებთან "ქართული ოცნების“ მოქმედებების და რიტორიკის შედეგად, ჩვენ არ გვაქვს დღეს ბრწყინვალე ურთიერთობები. ამასთანავე, ბევრ ქართველ მაღალჩინოსანს ქონება აქვს ევროკავშირის ქვეყნებში და ისინი უბრალოდ, ვერ განკარგავენ საკუთარ ქონებას და მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველოს იმიჯს აზიანებს. ვინც ახლა სარგებლობს უვიზო რეჟიმით (მარტო საქართველო ხომ არ არის), ყველამ იცის, რომ ეს საერთო დისკუსია მნიშვნელოვანწილად საქართველოსთან მიმართებით შექმნილმა პრობლემებმა წარმოშვა, ამიტომ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით ჩვენი რეპუტაცია შელახულია. ზოგადად, ამისთანა საუბარი, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი მოსახლეობის მიმართ რომ იქნება გაუქმებული უვიზო რეჟიმი, თავისთავად, ძალიან ურტყამს ქვეყნის პრესტიჟსაც და ავტორიტეტსაც.