“ვანიჭებთ რა სახაროვის წლევანდელ პრემიას ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან, ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ორი ჟურნალისტის მიმართ, რომელთა გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, როდესაც სახაროვის პრემიის წლევანდელი გამარჯვებულები, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გამოაცხადა.
„ორივემ დიდი ფასი გადაიხადა ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმისთვის და თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. პარლამენტი მათთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად დგას, ვინც კვლავაც ითხოვს თავისუფლებას“, - აღნიშნა მეცოლამ.
„ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს“, - წერს მარტა კოსი X-ზე.
“სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს“, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.
„ახლახან ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს“, - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.
„ეს აღიარება პატივს მიაგებს როგორც მის ხმას, ასევე თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულს, ქვეყნის, რომელსაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
ანდჟეი პოჩობუტი 2021 წლის 25 მარტს დააკავეს. 2022 წლის 4 ოქტომბერს, კაგებემ ჟურნალისტი „ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირების სიაში“ შეიყვანა.
ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს სანქციებისკენ მოწოდებაში და სოციალური სიძულვილის სხვა ფორმების წაქეზებაში. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება მზია ამაღლობელს, მას თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7-წლამდე ვადით.
თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მოსამართლემ ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
იხილეთ ასევე: