მექსიკის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - 32 წლის ვანესა გუროლას კრისტიან ესპინოზა სილვერის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.

კრისტიან ესპინოზა სილვერს 2024 წლის 17 თებერვალს სან დიეგოში, ავტოფარეხში შესვლისას ესროლეს, თავდასხმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი 39 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც მედიისთვის უცნობია.

პოლიციის ცნობით, ორივე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, სილვერი ქუჩაში მწოლიარე იპოვეს, ხოლო მეორე მამაკაცი ბინის ავტოფარეხის შესასვლელთან. სილვერი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი გადარჩა.
თავდასხმის მოტივი გაურკვეველი რჩება.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სროლა შესაძლოა გამოწვეული იყოს კალიფორნიის კონტროლისთვის მებრძოლი ნარკოკარტელებს შორის არსებული ომით.
მოკლული, ესპინოზა, ასევე ცნობილი როგორც "ელ ჩატო“. ვარაუდობენ, რომ ის ერთ-ერთი ნარკოკარტელის ხელმძღვანელის თანამზრახველი იყო.