12 ოქტომბრიდან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთ გარე საზღვრებზე ახალი ციფრული სასაზღვრო - შესვლა-გასვლის სისტემის (EES) დანერგვა დაიწყეს. ახალი სისტემით არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მონაცემები ელექტრონულად აღირიცხება. აქ იგულისხმება ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს მოკლევადიანი ვიზიტით კვეთენ (90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში). ეს სისტემა ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად დაინერგება, 2026 წლის 10 აპრილს კი სისტემა სრულად ამოქმედდება.
როგორ მუშაობს ახალი სისტემა?
- როცა ახალი სისტემის ამოქმედების მერე პირველად აღმოჩნდებით საზღვარზე, პირადი მონაცემების წარდგენა მოგეთხოვებათ. ასევე საპასპორტო კონტროლის ოფიცერი სახეზე ფოტოს გადაგიღებთ და/ან თითების ანაბეჭდებს აგიღებთ. ეს ინფორმაცია ციფრულ ფაილად შეინახება.
- პროცესს უფრო სწრაფად გაივლით, თუ გარკვეულ მონაცემებს წინასწარ დაარეგისტრირებთ თვითმომსახურების ეკრანით (თუკი ასეთი ხელმისაწვდომია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე), ან მობილურის აპლიკაციით (თუკი ის ხელმისაწვდომია ქვეყანაში, რომელშიც შედიხართ).
- მსგავსი პროცედურა მოხდება პირველი შესვლისას და პირველი გამოსვლისას. ყოველ შემდგომ შესვლის და გასვლის შემთხვევაში მხოლოდ სწრაფი დადასტურება იქნება საჭირო.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს თითების ანაბეჭდებს არ აუღებენ.
- პირად მონაცემებთან ერთად, ელექტრონულ სისტემაში ქვეყანაში შესვლისა და გასვლის თარიღებიც შეინახება. თუკი ქვეყნის ტერიტორიაზე ვადაზე მეტხანს დარჩებით, სისტემა თქვენს იდენტიფიცირებას მოახდენს და ამ ინფორმაციას ჩაიწერს.
- თუკი ფოტოს გადაღებაზე ან თითების ანაბეჭდების აღებაზე უარს განაცხადებთ, ქვეყანაში შესვლა აგეკრძალებათ.
რომელ სახელმწიფოებს ეხება ახალი სისტემა?
EES მოქმედებს შენგენის ზონაში, რომელშიც ევროკავშირის 27-დან 25 წევრი სახელმწიფო შედის, ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. ირლანდიის რესპუბლიკა და კვირპოსი შენგენის ზონაში არ შედიან, ამიტომ ძველებურად გააგრძელებენ პასპორტების შემოწმებას.
ვის შეეხება ახალი სისტემა?
- თუ ხართ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობს EES-ის გამომყენებელ ევროპულ ქვეყანაში და
- ფლობთ მოკლევადიან ვიზას ან არ გჭირდებათ ვიზა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით დასარჩენად.
ვის არ ეხება ახალი სისტემა?
- ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეებს. ასევე კვიპროსისა და ისლანდიის მოქალაქეებს.
- ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ბინადრობის უფლების დამადასტურებელი ბარათი აქვს და ევროკავშირის მოქალაქე ახლო ნათესავი ჰყავს. (იგულისხმება შვილი, მშობელი, მეუღლე).
- ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სწავლის, კვლევის, მოხალისეობის, მოსწავლეთა გაცვლის ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოგზაურობს.
- ბინადრობის უფლების და გრძელვადიანი ვიზის მფლობელებს.
სტატია euneighbourseast-ის მასალებზე დაყრდნობით მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა